ENG GEO

Search form

სიახლეები

თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით, 14 სტუდენტი, როგორც თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლიდან (აზიისა და აფრიკის ისნტიტუტი), ისე ბიზნესის ადმინისტრირების სკოლის სტუდენტები, რომელთაც ჩინური მიმართულება აქვთ, როგორც მაინორი, ჩინეთში კონფუცის ინსტიტუტის ერთწლიან სტაჟირებას გაივლიან. ჩინეთში გაემგზავრებიან: მარიამ რაჭველიშვილი, ვასკა გულაშვილი, გიორგი ჯაფარიძე, ანა ცქიფურიშვილი, სალომე ქირია, მარიამ მახათაძე, ვახო მინაძე, თათული ჯანჯღავა, ირაკლი გვენცაძე, დაჩი ჯახუა, მარიამ ნადირაძე, მაკუნა წიკლაური, სულხან მჭედლიშვილი და ანანო გვარამაძე.
თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის (საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა) კურსდამთავრებული მარიამ ბიბილაშვილი სწავლას გააგრძელებს იაპონიის ცუკუბას უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე რეგიონის საერთაშორისო კვლევების მიმართულებით (MA in International Area Studies). მარიამმა მოიპოვა იაპონიის სამთავრობო გრანტი, რაც გულისხმობს იაპონიაში სწავლისა და ცხოვრების სრულად დაფინანსებას. აღსანიშნავია, რომ პროგრამა ასევე ითვალისწინებს მაგისტრატურის დასრულებისთანავე დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობასაც სრული დაფინანსებით. ყოველწლიურად იაპონიის მთავრობა გამოყოფს მხოლოდ ხუთ გრანტს ამ პროგრამაზე სწავლის მსურველი ახალგაზრდებისათვის ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ცენტრალური აზიის რეგიონიდან.
ფიზიკის სკოლის სტუდენტები სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე გაემგზავრნენ. ბექა თევდორაშვილი, ლიკა მელაძე, გიორგი წერეთელი და მიშო სოხაშვილი ცოდნის ფონდის დაფინანსებით იტალიის ქალაქ ტურინში დღეს ჩავიდნენ. სტუდენტებმა საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობის უფლება თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის ორგანიზებით ჩატარებულ კახა ბენდუქიძის სახელობის მეოთხე სტუდენტურ კონფერენციაში გამარჯვების შედეგად მიიღეს. კონფერენცია დღეს დაიწყება და 14 აგვისტოს დამთავრდება. ფიზიკის სკოლის არსებობის მანძილზე, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაში მუდამ მონაწილეობენ.
თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის სტუდენტმა აჩრილ საყევარაშვილმა ერთ-ერთი საუკეთესო და აქტუალური საბაკალავრო ნაშრომი წარმოადგინა. ნაშრომი ეხება წყლის ფილტრაციის მემბრანულ მეთოდებს და შესრულებულია აგრარული უნივერსიტეტის პროფესორების ზაზა მეტრეველის, კახა დიდებულიძისა და მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორის ვლადიმირ ტარაბარას ხელმძღვანელობით. 2014 წლიდან აგრარულ უნივერსიტეტში წყლის მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის ბაზაზე შეიქმნა წყლის მემბრანული მეთოდებით დასუფთავების ლაბორატორია. კვლევებში ჩართული არიან თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის ოთხი და აგრარული უნივერსიტეტის სამი სტუდენტი. სტუდენტების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტებისა და მათ მიერვე ჩატარებული მონაცემთა ანალიზის საფუძველზე მომზადდა 2 საკონფერენციო პრეზენტაცია. ექსპერიმენტები მიმდინარეობს ამჟამადაც და იგეგმება სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნება საერთაშორისო ჟურნალში. ამ საქმიანობაში არჩილ საყევარაშვილის წვლილი ძალიან დიდია. არჩილი პირველი კურსიდან ჩაერთო კვლევით საქმიანობაში და თავისი კვლევის შედეგები ცოდნის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 2015 წლის ფიზიკის სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინა, რომელიც ზაგრებში ჩატარდა. თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მიესალმება თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობას ერთობლივ სამეცნიერო პროექტებში.
თავისუფალი უნივერიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის (საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა) იაპონური მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი შოთა მანაგაძე იაპონიის საელჩოს მიერ ორგანიზებული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შედეგად, ერთი წლით გაემგზავრება იაპონიის ქალაქ კიოტოში მდებარე დოშიშას უნივერსიტეტში სასწავლებლად. შოთას სწავლას სრულად დააფინანსებს იაპონური მხარე.
თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის (საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა) შორეული აღმოსავლეთის კონცენტრაციის მეოთხე კურსის სტუდენტმა სოფიო კვინიკაძემ მოიპოვა სრული დაფინანსება და სექტემბრიდან სწავლას გააგრძელებს სამხრეთ კორეის ჩონბუკის უნივერსიტეტში (Cheonbuk National University). სოფო გაივლის ორ წლიან სამაგისტრო პროგრამას კორეული სწავლების (Korean Studies) მიმართულებით.
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში თავისუფალი უნვერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის იაპონური მიმართულების ორგანიზებით და იაპონიის ფონდისა და საქართველოში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა იაპონური ენის მეხუთე საერთაშორისო კონკურსი. კონკურსის მონაწილეები იყვნენ იაპონური ენის შემსწავლელი სტუდენტები საქართველოდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვიდან, ბელორუსიდან და სომხეთიდან.
თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ფინანსების კონცენტრაციამ სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად მიიღო CIMA-ს აკრედიტაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი დისციპლინების უნივერსიტეტში სწავლის შემდეგ კურსდამთავრებულს ჩაეთვლება CIMA-ს შვიდი გამოცდა. სტანდარტულ შემთხვევებში 7 გამოცდისთვის მომზადების საფასური 1 960 ბრიტანული ფუნტია (დაახლოებით 6 100 ლარი). თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტებისთვის კი ეს დამატებით ხარჯს არ წარმოადგენს, რადგან ჩვენთან, როგორც მაღლა აღვნიშნეთ, CIMA-ს შესაბამისი თემატიკა სასწავლო კურსებში შედის. თავისუფალი უნივერსიტეტი საქართველოში პირველია, რომლის ბიზნესის სკოლის მიერ გაცემული დიპლომის მფლობელს CIMA-ს შვიდი გამოცდა ეთვლება ჩაბარებულად. CIMA (Chartered Institute of Management Accountants) დაფუძნებულია 1919 წელს და დღეს წარმოადგენს მსოფლიოში ერთერთ ყველაზე ავტორიტეტულ და დიდ პროფესიულ ასოციაციას, რომლის სპეციალიზაციაა მენეჯერული აღრიცხვა.
თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის მეორე კურსის სტუდენტები - გიორგი ბახტაძე და გიორგი არსენაძე წარმატებით წარდგნენ მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის (LMU) სემინარზე და წარმოადგინეს მათ მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შედეგები. LMU მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო ცენტრია და როგორც წესი იქ გამართულ სემინარებზე არაერთ მსოფლიო დონის მეცნიერს მიუღია მონაწილეობა. თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ეს უკვე სერიოზული განაცხადია მათი შემდგომი კარიერული ზრდისათვის.

გვერდები