ENG GEO

Search form

საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო რელიგიურ გაერთიანებათა საკონსტიტუციო სარჩელი

მიმდინარე წლის 6 თებერვალს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო რელიგიურ გაერთიანებათა საკონსტიტუციო სარჩელი (#811), სადაც მოსარჩელეთა ინტერესებს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი წარმოადგენენ.

სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები ითხოვდნენ “სახელმწიფო ქონების შესახებ” იმ დებულებათა არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრებისა და თანასწორობის უფლებას ეწინააღმდეგება.

კერძოდ, სარჩელი შეეხებოდა “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი, მე-2, მე-5 პუნქტის იმ სიტყვების კონსტიტუციურობას, რომლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით რეგისტრირებული რელიგიურ გაერთიანებები (გარდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა) მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, შეიძინონ სახელმწიფო ქონება. ასევე, გასაჩივრებულია ამავე კანონის მე-63 მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესაძლებლობას მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.

სარჩელის თანახმად, ზემოთ აღნიშნული ნორმები რელიგიურ ორგანიზაციებს, გარდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა, უქმნის არამართლზომიერ დაბრკოლებებს, აყენებს მათ უთანასწორო მდგომარეობაში და ხელყოფს მათ კონსტიტუციურ უფლებებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ, არსებითად განსახილველად მიიღო სარჩელის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც შეეხება “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის 63 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების “საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. ამჟამინდელი მდგომარეობით, აღნიშნული ნორმის საფუძველზე, სახელმწიფო ქონება, ანაზღაურების გარეშე, მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს გადაეცემა.