ENG GEO

Search form

განცხადება ეკა ბესელიას კომენტარზე საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ვეხმაურებით საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებას, რვა რელიგიური გაერთიანების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში 2015 წელს წარდგენილ სარჩელთან დაკავშირებით, რომლითაც მოთხოვნილია ყველა რელიგიური გაერთიანებისთვის თანასწორი საგადასახადო პირობების დაწესება.  

მოსარჩელეთა ინტერესებს სასამართლოში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი და ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) წარმოადგენენ.

2017 წლის 19 თებერვალს, ეკა ბესელიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა, “იმედის დროში” განაცხადა:

საკონსტიტუციო სასამართლოში არის შეტანილი სარჩელი, სადაც პარლამენტის სახელით ჩვენი წარმომადგენელი, ჩვენი იურიდიული კომიტეტის წარმომადგენლები, წარმოადგენენ მოპასუხეს და იცავენ პოზიციას საპატრიარქოს სასარგებლოდ და მივიჩნევთ, რომ სარჩელი რომელიც ეხება სწორედ დაფინანსების და შეღავათების მოხსნას ეკლესიისთვის, საპატრიარქოსთვის, მართლმადიდებლური ეკლესიისთვის, არ არის დასაბუთებული სარჩელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს“.

საჭიროდ მიგვაჩნია განვმარტოთ, რომ აღნიშნული განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ინფორმაციას, ახდენს სარჩელის არასწორ ინტერპრეტაციას, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ხელს უწყობს რელიგიური უმცირესობებისადმი ნეგატიური განწყობების გავრცელებას.

კიდევ ერთხელ ვაზუსტებთ, რომ რელიგიური ორგანიზაციების სარჩელით მოთხოვნილია, საგადასახადო კოდექსის კონკრეტული ნორმების (დაკავშირებული დამატებული ღირებულების, მოგების და ქონების გადასახადებთან) არაკონსტიტუციურად ცნობა, რაც, მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში, გამოიწვევს სადავო ნორმების იმგვარ ფორმულირებას, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა რეგისტრირებულ რელიგიურ ორგანიზაციას, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის მსგავსად, შეძლოს საგადასახადო შეღავათებით თანასწორად სარგებლობა. ამგვარად, სარჩელით მართლმადიდებელი ეკლესიისთვის  კანონმდებლობით უკვე დადგენილ საგადასახადო პირობებს საფრთხე არ ექმნება. ამასთანავე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სარჩელით არ არის მოთხოვნილი საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების ან მისი რომელიმე ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შეთანხმება არეგულირებს ურთიერთობას ორ სუბიექტს შორის და მისი შინაარსი არ ზღუდავს სხვა რელიგიურ გაერთიანებებს.  

სამწუხაროდ, მსგავსი არასწორი ინტერპრეტაცია ზოგმა სასულიერო პირმა სარჩელის სასამართლოსათვის წარდგენის ეტაპზეც გამოთქვა. მოსარჩელე რელიგიურმა გაერთიანებებმა და მათი ინტერესების წარმომადგენელმა ორგანიზაციებმა მაშინაც გააკეთეს განმარტება სარჩელის არსაა და მის მიზნებთან დაკავშირებით, და იმედი გამოთქვეს, რომ სარჩელის შინაარსი აღარ გახდებოდა ორაზროვანი ინტერპრეტაციის საგანი.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ სარჩელზე 2017 წლის 11 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა განმწესრიგებელი სხდომა და ამჟამად, სასამართლო მის არსებითად განსახილველად მიღების საკითხზე მსჯელობს.

მოვუწოდებთ საჯარო მოხელეებსა და პოლიტიკური თანამდებობის პირებს, სიფრთხილე და სიზუსტე გამოიჩინონ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოებაში არსებული, ჯერ კიდევ განხილვის სტადიაზე მყოფი საქმეების შეფასებისას.