ENG GEO

Search form

სამართლის სკოლის სტუდენტების მორიგი გამარჯვება!

თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა - მარიამ ორჟონიამ, თეიმურაზ სვანიძემ და ლაშა ჯუღელმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმიტირებული პროცესის ეროვნულ შეჯიბრში გაიმარჯვეს. კონკურსი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო (ELSA Georgia)-ს ინიციატივით წელს პირველად ჩატარდა.
 
კონკურსის საწყის ეტაპზე საქართველოში ავტორიზებული ექვსი უმაღლესი სასწავლებლის სამი წევრისგან შემდგარი ორმოცი გუნდი მონაწილეობდა. ტესტირების შემდეგ მეორე ეტაპზე ოცდასამი გუნდი გადავიდა, რომელთაც წერილობითი პოზიციების წარდგენა დაევალათ.
 
საბოლოო ჯამში თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამ გუნდთან ერთად კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადავიდა.
 
ფინალის წინა დღეს მონაწილეებმა წარმოადგინეს, როგორც მოსარჩელის, ისე რესპოდენტი სახელმწიფოს პოზიციები, რის შემდეგაც თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი კონკურსის დასკვნით ეტაპზე მონაწილე ორ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.
 
ფინალურ პროცესზე საბოლოოდ ოთხი წევრისგან შემდგარი ჟიურის გადაწყვეტილებით გამარჯვება მოიპოვა თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა!
 
გამარჯვებულ გუნდს შესაძლებლობა მიეცემა სტრასბურგში გასამართი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმიტირებული პროცესის საერთაშორისო რაუნდებში მიიღოს მონაწილეობა. კონკურსთან დაკავშირებულ შინაარსობრივ საკითხებზე მათ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გაუწევს დახმარებას, ხოლო საერთაშორისო რაუნდში მონაწილეობის შემთხვევაში "ELSA საქართველო" დაფარავს პროექტში მონაწილეობის ხარჯებს.