ნათია ხარხელი ჩინეთიდან: | თავისუფალი უნივერსიტეტი
ENG GEO

Search form

ნათია ხარხელი ჩინეთიდან:

ნათია ხარხელი

წლების წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე შორეულ აღმოსავლეთში ცხოვრების შესაძლებლობა მომეცემოდა, ახლა კი თითქმის ექვსი თვეა, რაც ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქალაქში, თიენძინში, ნანქაის უნივერსიტეტში ვსწავლობ. თიენძინი არის მაგალითი სუფთა, კომფორტული ქალაქისა, სადაც უსასრულოდ შეგიძლია იხეტიალო და ყოველდღე აღმოაჩინო რაიმე ახალი. აქ სიმშვიდისა და თავისუფლების შეგრძნება არასდროს გეკარგება. არ აქვს მნიშვნელობა რისი ნახვა ან გაკეთება გინდა, თიენძინში იპოვნი ყველაფერს - თანამედროვე, შთამბეჭდავ არქიტექტურასაც და უძველეს ჩინურ ტაძრებსაც, შეგიძლია ერთ დღეს მდინარე ხაის სანაპიროს გაუყვე, დატკბე ულამაზესი ხედებით, ისეირნო იტალიურ უბანში ან ქალაქს თიენძინის სიმბოლოდ ქცეული ეშმაკის ბორბლიდან გადახედო, მეორე დღეს კი ნამდვილ ჩინურ სამყაროს გაეცნო, ისეირნო კულტურულ ქუჩაზე, დაათვალიერო ბუდისტური ტაძრები, დააგემოვნო ტრადიციული საჭმელი. თუ განტვირთვა გინდა, საღამოობით შეგიძლია ქუჩაში მოცეკვავე ჩინელებს შეუერთდე, არ აქვს მნიშვნელობა როგორ ცეკვავ, ამ ხალხის ენერგიულობა და სიცოცხლის სიყვარული მხოლოდ სასიამოვნო ემოციებს გიტოვებს.

ჩინეთში ცხოვრება უამრავ შესაძლებლობას იძლევა. პირველ რიგში, ეს არის იდეალური გარემო ენის შესასწავლად, რადგან ლექციები მხოლოდ ჩინურ ენაზე ტარდება და ადგილობრივებთან ურთიერთობაც ყოველდღიურად გიწევს. აქ ყოფნის პერიოდში შევხვდი სტუდენტებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან, ვისწავლე სხვისი კულტურის დაფასება და პატივისცემა, შევიძინე მეგობრები, რომლებთანაც უკვე უამრავი მოგონება მაკავშირებს. ჯერ-ჯერობით ნამყოფი ვარ ჩინეთის სამ ქალაქში. პირველი იყო პეკინი, რომელმაც თავი დამამახსოვრა ულამაზესი, უძველესი ღირსშესანიშნაობებითა და იმ ქაოსით, რომელსაც სხვაგან ვერსად იხილავთ. ჩინეთის დიდი კედელი, ზაფხულის სასახლე, აკრძალული ქალაქი - ეს იმ ადგილების მცირე ნაწილია, რომლებიც პეკინში ჩასვლისას აუცილებლად უნდა ნახო. ქალაქის ღირსშესანიშნაობებიდან ჩემთვის ფავორიტია „ცის ტაძარი“ - 天坛, რომელმაც ყველაზე დიდი აღფრთოვანება და დაუვიწყარი ემოციები დამიტოვა.

მეორე ქალაქია შანხაი - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ადგილი, სადაც ვისურვებდი მეცხოვრა. განვითარება, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ცათამბჯენები - ეს ყველაფერი ამ ქალაქს ხელს არ უშლის, იყოს მყუდრო და თბილი იმდენად, რომ თოვლსა და წვიმაშიც არ დაგეზაროს გარეთ გასვლა. შანხაიში ღირს სიმაღლის შიშის დაძლევა. აქ შეგიძლია მსოფლიოში მეორე ყველაზე მაღალი შენობის „კენწეროდან“ გადახედო ქალაქს - ეს ემოციები ალბათ მთელი ცხოვრება გაგყვება თან. 

თუკი გინდა ყინულის ზღაპარში აღმოჩნდე, ჩინეთში არც ესაა შეუძლებელი - ამის საშუალებას ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქი ხარპინი იძლევა. ყინულისა და თოვლის ფესტივალზე დასწრება ენით აღუწერელი ბედნიერებაა, თვითონ ქალაქი კი - ძალიან საყვარელი, პატარა და მყუდრო. არსად შემხვედრია ისეთი თბილი ხალხი, როგორიც ხარპინში. ამ ყველაფრის სანახავად ნამდვილად ღირს გაუძლო -20 გრადუს ყინვას, ოღონდ შემთხვევაში, თუ გაგიმართლა.

გარდა ამისა, ჩინეთში ცხოვრება გაძლევს საშუალებას იმოგზაურო ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. სწორედ ამის დამსახურება იყო ჩვენი, ქართველი სტუდენტების, მალაიზიასა და ტაილანდში მოგზაურობა, რომელიც სულ ახლახან დავასრულეთ.

ხანდახან ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი სიზმარია. მადლიერი ვარ თავისუფალი უნივერსიტეტისა და ჩინური ენის ლექტორების, რომლებმაც უზრუნველყვეს ჩემი ჩინური ენის ცოდნის შესაბამისი დონე და მაქსიმუმი გააკეთეს, რათა ჩინეთში სწავლის შესაძლებლობა მქონოდა. არ შემიძლია აქვე არ აღვნიშნო ჩინეთის საელჩოს წვლილი, რომლის გარეშეც დღეს ამ ყველაფერს ვერ მოგიყვებოდით. იმედი მაქვს, ჩემი ჩინური ცხოვრება ისევე საინტერესოდ გაგრძელდება, როგორც აქამდე - დაუვიწყარი ერთი წლის დასრულებამდე კიდევ ოთხი თვეა დარჩენილი და შევეცდები, რომ ეს დრო ნაყოფიერად გამოვიყენო.