ENG GEO

Search form

კახა ბენდუქიძის კამპუსში თბილისის თავისუფალი სკოლა იხსნება

კახა ბენდუქიძის შექმნილი ცოდნის ფონდისა და თავისუფალი უნივერსიტეტის მონაწილეობით იხსნება თბილისის თავისუფალი სკოლა!

საშუალო სკოლა კამპუსში განთავსდება და პირველ ნაკადს 2018 წლიდან მიიღებს: პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით.

2019 წლიდან სკოლას დაემატება მე-7, მე-8 და მე-9 კლასები.

გაძლიერებული სწავლების ოთხ დისციპლინაში, კლასში მოსწავლეების რაოდენობა 12, ხოლო  სხვა საგნებში მხოლოდ 18 იქნება.

მოსწავლეები გაძლიერებულად ისწავლიან: მათემატიკას,კომპიუტერულ მეცნიერ, ინგლისურსა და ქართულ ენასა და ლიტერატურას.

კომპიუტერული მეცნიერების შესწავლა დაიწყება პირველი კლასიდან!

ინგლისური ენის გარდა მოსწავლე მეხუთე კლასიდან აირჩევს ერთ დამატებით უცხო ენას. ასარჩევი ენების ჩამონათვალში რამდენიმე ენაა, მათ შორის ჩინურიც.

სასწავლო პროცესი 9:00 საათზე დაიწყება და 17:00 საათზე დამთავრდება.

მოსწავლეებს მე-4 კლასის ჩათვლით ხუთი ძირითადი გაკვეთილი და სამი დამატებითი კლუბი ექნებათ, ხოლო მე-5 კლასიდან ექვსი ძირითადი გაკვეთილი და ორი კლუბი.

მოსწავლეები სკოლაშივე მოამზადებენ საშინაო დავალების დიდ ნაწილს.

სკოლაში იქნება კლუბები, რომელიც მოიცავს, როგორც დამატებით სასწავლო პროგრამებს, ისე სპორტულ და კულტურულ აქტივობებს. მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ შეისწავლონ დამატებითი სასწავლო პროგრამები და ისეთი დისციპლინები როგორიცაა - კულინარია, რობოტიკა, მევენახეობა და სხვა.

კლუბების არჩევა ნებაყოფლობითია და თავად მოსწავლე წყვეტს მშობელთან ერთად. ასევე, მათ შესაძლებლობა ექნებათ კლუბური მეცადინეობის მეშვეობით გაძლიერებულად შეისწავლონ ნებისმიერი, მათთვის პრიორიტეტული საგანი. 

მოსწავლეებს უკვე მესამე კლასიდან ყველა დისციპლინაში გაკვეთილს ჩაუტარებს კონკრეტული საგნის მასწავლებელი, ხოლო ინგლისურ ენასა და კომპიუტერულ მეცნიერებაში პირველივე კლასიდან.

დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის (პირველი-მეოთხე) გათვალისწინებულია ორჯერადი კვება. მენიუ შედგენილია ბენდუქიძის კულინარიის აკადემიის მზარეულების მიერ შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით

სასწავლო პროცესში შედის მოსწავლეთა ექსკურსიები და ლაშქრობები.

თავისუფალი სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილების მნიშვნელოვან ნაწილს ჩაუტარებენ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პროფესორები. მოსწავლეებს წვდომა ექნებათ კამპუსის ყველა რესურსთან, მათ შორის: ბიბლიოთეკასთან, სასწავლო ლაბორატორიებთან, მუზეუმთან, სპორტულ კომპლექსთან, კულინარიისა და მევენახეობა-მეღვინეობის აკადემიებთან, ვეტერინარულ კლინიკასთან და თეატრალურ კლუბთან.

სკოლის მიზანია აბიტურიენტობის პერიოდში მოსწავლეებს არ დაჭირდეთ ეროვნული გამოცდებისთვის დამატებით მომზადება რეპეტიტორებთან და სკოლაში შეძენილი ცოდნით წარმატებას მიაღწიონ ერთიან ეროვნულ თუ სხვა მნიშვნელოვან გამოცდებზე.

სკოლა სრულად უზრუნველყოფს მოსწავლეებს სასწავლო სახელმძღვანელოებით და მოსწავლეთა ფორმის ატრიბუტით.

სკოლა განთავსებულია საგანმანათლებლო მიზნებისათვის დაპროექტებულ, ახლადგარემონტებულ შენობაში, რომელიც განთავსებულია მწვანე გარემოში. სკოლაში დაცულია უსაფრთხოების სტანდარტები და შენობა სრულად აღჭურვილია ვიდეოკონტროლის თანამედროვე სისტემით.

თბილისის თავისუფალი სკოლა მოსწავლეებს მიიღებს ტესტირება/გასაუბრების საფუძველზე.

სკოლას უხელმძღვანელებს პროფესორი ამირან ამბროლაძე, თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების (MACS) სკოლის დეკანი, რომელსაც აქვს სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება შვედეთისა და ინგლისის საუკეთესო უნივერსიტეტებში, სადაც მრავალჯერ იყო აღიარებული წლის საუკეთესო ლექტორად.

სწავლის საფასურია 7 950 ლარი - წლიურად.

ყველა ზემოაღნიშნული კომპონენტი სრულად შედის სწავლის საფასურში და არ საჭიროებს დამატებით გადასახადს.

და-ძმის შემთხვევაში გათვალისწინებულია სწავლის საფასურის 10%-იანი ფასდაკლება.

სურვილის შემთხვევაში მოსწავლეებს მოემსახურება ტრანსპორტი. ტრანსპორტირების საფასური ცალკე დადგინდება ინდივიდუალურად, გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით.

მოსწავლეთა მიღების გამოცხადებამდე სკოლა ჩაატარებს ღია კარის დღეებს, რომელიც დამატებით დაანონსდება როგორც სკოლის, ისე თავისუფალი უნივერსიტეტის WEB და FB გვერდებზე.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ.:  598 99 33 99

ელ. ფოსტა: freeschool@freeuni.edu.ge