ENG GEO

Search form

პროგრამის აღწერა

ბიზნესის სამართალის სამაგისტრო პროგრამა (LL.M.)

პროგრამა განკუთვნილია იურისტებისათვის, რომლებიც ესწრაფიან ბიზნესის სამართლის იურისტისა და ადვოკატის კარიერას და სურთ თეორიული ცოდნის გაღრმავება და აუცილებელი პროფესიული უნარების განვითარება. მაგისტრანტი ისწავლის, თუ როგორ მიიღოს სწორი სამართლებრივი გადაწყვეტილებები რთულ ბიზნეს გარემოში და წარმატებით განახორციელოს ბიზნესის სამართლის ტრანზაქციები.

სამაგისტრო პროგრამა შემუშავებულია საერთაშორისო იურიდიული კომპანია Dechert-ის პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე, რომლებსაც აქვთ საერთაშორისო იურიდიული პრაქტიკის მრავალ წლიანი გამოცდილება.

ბიზნესის სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს საგადასახადო სამართლის კონცენტრაციას - საგადასახადო სამართლის მიმართულებით დამატებითი ცოდნის მისაღებად პროგრამის სტუდენტს შეუძლია აირჩიოს განსხვავებული სასწავლო კურსები: ფინანსური ანგარიშგება, საგადასახადო აღრიცხვა, საგადასახადო სამართლის პრაქტიკული კურსი, საერთაშორისო საგადასახადო სამართალი კონცენტრაციის არჩევა გაზრდის კურსდამთავრებულის დასაქმების შესაძლებლობას საერთაშორისო და ადგილობრივ აუდიტორულ კომპანიებში

სამაგისტრო პროგრამა შედგება ოთხი ძირითადი მოდულისაგან:

ბიზნეს ტრანზაქციების სამართალი

მოდულის ფარგლებში სტუდენტები გაივლიან ბიზნესის სამართლის ფართოდ გავრცელებულ გარიგებების შესახებ პრაქტიკულ კურსებს და განიხილავენ ვალდებულებითი, სახელშეკრულებო, უზრუნველყოფილი გარიგებების, სააღსრულებო სამართლისა და საერთაშორისო ბიზნეს გარიგებების პრობლემური საკითხების გადაჭრის გზებს.

ბიზნესის ორგანიზაციის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის და დაბეგვრის სამართალი

მოდული ორიენტირებულია ბიზნესის ტრანზაქციების განხორციელებისათვის საჭირო სამართლებრივი პრაქტიკის ანალიზსა და კვლევაზე. სტუდენტები გაივლიან პრაქტიკულ კურსებს საწარმოს დაფუძნების, კორპორატიული მართვის, საწარმოს შერწყმის, შეძენის, რეორგანიზაციისა, ლიკვიდაციის და დაბეგვრის პრობლემური საკითხების შესახებ.

პროფესიული პრაქტიკული განათლება

პროფესიული პრაქტიკული განათლების მოდული ორიენტირებულია ბიზნესის სამართლის იურისტისათვის აუცილებელი პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზე და სტუდენტს სთავაზობს ე.წ. „live client" სამართლის კლინიკაში საქმიანობას, სამართლის პრაქტიკას იურიდიულ კომპანიებსა და შესაბამის ორგანიზაციებში, სასამართლოში გამოსვლისა და სამართლებრივი დოკუმენტების მომზადების სპეციალურ კურსებს.

ბიზნეს ტრანზაქციების პრაქტიკუმი

მოდული მოიცავს ბიზნესტრანზაქციის განხორციელების პრაქტიკული უნარების განვითარებისაკენ მიმართულ კურსს ნასყიდობის ტრანზაქციის შესახებ და ფართოდ გავრცელებული ბიზნესის ტრანზაქციების სიმულაციებს. ნასყიდობის ტრანზქციის პრაქტიკული კურსი მთლიანად აგებულია რეალური ნასყიდობის გარიგების პროცესზე; ყურადღება დაეთმობა ე.წ. „Due Dilligence"-ის პროცესს, განხილული იქნება ნასყიდობის გარიგებაში გათვალისწინებული ძირითადი სამართლებრივი და არასამართლებრივი დოკუმენტები. კურსის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ნასყიდობის გარიგებების მოლაპარაკები და საბოლოოდ ნასყიდობის გარიგების დახურვა (Closing).

პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ბიზნეს გარიგებების სიმულაციების პრაქტიკული კურსები, რომელიც ითვალისწინებს შემდეგი ტრანზაქციების სიმულაციებს.

სასწავლო პროცესი აერთიანებს ლექციებს, სემინარებს, პრაქტიკული სიტუაციების ანალიზსა და სიმულაციებს, იმიტირებულ სასამართლო პროცესებსა და მოლაპარაკების სიმულაციებს.

სამაგისტრო პროგრამის კურსებს უძღვებიან თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და ბიზნესის სკოლის პროფესორები, წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო იურიდიული კომპანიების პარტნიორები, მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების იურისტები და სხვა პრაქტიკოსი იურისტები. საგადასახადო სამართლის კონცენტრაციის ფარგლებში, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორები გაუძღვებიან სპეციალურად იურისტებისთვის შემუშავებულ კურსს ფინანსურ აღრიცხვასა და საგადასახადო ანგარიშგებაში.

სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეუძლია წარმატებით განაგრძოს საქმიანობა საერთაშორისო იურიდიული კომპანიების წარმომადგენლობებში, ადგილობრივ იურიდიულ კომპანიებში, საჯარო დაწესებულებებში, იმუშაოს იურისტად ნებისმიერ საშუალო და მსხვილ კომპანიაში, ბანკებსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლობებში, ისევე, როგორც დააფუძნოს საკუთარი იურიდიული კომპანია და დაიწყოს სამართლის დამოუკიდებელი პრაქტიკა.

ბიზნესის სამართლის სამაგისტრო პროგრამა.

_______________________

საკონტაქტო პირი: ნანა სანებლიძე

ელ. ფოსტა: n.saneblidze@freeuni.edu.ge

ტელ: 599 93 55 55