ნათია დიღმელაშვილი
2011 წლიდან თავისუფალი უნივერსიტეტი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.
ბაკალავრის დასრულების შემდეგ, ალტერნატივაზე არც მიფიქრია ისე განვაგრძე თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა. აქ გატარებული 6 წლის განმავლობაში, მომეცა საკუთარი თავის პოვნის, განვითარების და თვითრეალიზების საშუალება. უნივერსტეტში არსებული კონკურენტული გარემო მოტივაციას გაძლევს, რომ უკეთესი იყო და შეაბიჯო შესაძლებლობების სამყაროში, სადაც შრომა, ცოდნა და თავისუფლება მთავარი ღირებულებებია. შენს ირგვლივ მუდმივად არიან პროფესიონალი, ბრძოლისუნარიანი და მხიარული ადამიანები, რომლებიც ენერგიას არ ზოგავენ შენი განვითარებისთვის. მესამე კურსზე ვიყავი, როდესაც მუშაობა დავიწყე და სამართლის სხვადასხვა დარგში გამოვცადე თავი. ამჟამად ვარ დელოიტი და ტუშის საქართველოს ოფისის იურისტი. თავისუფალ უნივერსიტეტში მიღებული მყარი საფუძველი, იქ დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება, განსაკუთრებით კი სწავლის პროცესში შეძენილი უნარ - ჩვევები ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობაში საშუალებას მაძლევს მარტივად გადავჭრა ყველა ის პრობლემა, რასაც იურიდიული საქმიანობის განხორციელებისას ვხვდები.
ქეთი ოთარაშვილი
თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა 2015 წელს დავამთავრე. ჯერ კიდევ ბაკალავრიატზე სწავლის პერიოდში სტაჟირება გავიარე ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნულ ბანკში. ასევე ვმუშაობდი რამდენიმე კერძო კომპანიაში იურისტად. ამჟამად ვარ საერთაშორისო აუდიტორული კომპანია EY Georgia-ს საგადასახადო დეპარტამენტის იურისტი, სადაც მუშაობა მეოთხე კურსის დასრულებისთანავე დავიწყე. ყოველდღიურად მიწევს სხვადასხვა სახის პროექტებზე მუშაობა, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კლიენტებთან. თავისუფალ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და გამოცდილება მეხმარება წარმატებულად გავართვა თავი ნებისმიერი სირთულის გამოწვევას. რაც უფრო მეტი დრო გადის ვხვდები, რომ უნივერსიტეტში სწავლისას სწორედ ის უნარები შევიძინე, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ შექმნა მაღალი ხარისხის პროდუქტი და კონკურენცია გაუწიო ბაზარზე შენს კოლეგებს.
ქრისტინე ჩაფიძე
თავისუფალ უნივერსიტეტში 2010 წელს ჩავაბარე და იქ გატარებული შემდგომი ოთხი წელი იყო ჩემი პიროვნული და პროფესიული განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი და ჩემი ცხოვრების საუკეთესო ინვესტიცია. ეს პერიოდი განსაკუთრებული იყო არამარტო იქ მიღებული ცოდნის, არამედ გამომუშავებული უნარებისა და განვითარებული კრიტიკული აზროვნების გამოც. თავისუფალ უნივერსიტეტში მქონდა ფუფუნება გავზრდილიყავი იმ ადამიანებთან ერთად, რომელთა მთავარ ღირებულებებსაც ცოდნა, შრომა და თავისუფლება წარმოადგენს.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ სწავლა გავაგრძელე მაგისტრატურაზე გერმანიაში, სხვადასხვა სექტორში მივიღე სამუშაო გამოცდილება და კიდევ უფრო დავაფასე ის მყარი საბაზისო საფუძველი რაც თავისუფალ უნივერსიტეტში გატარებულმა ოთხა წელმა მომცა.
დღეს ამ ცოდნას და უნარებს ბერლინში, გერმანიის პარლამენტში ვიყენებ. ბუნდესთაგში, სოფლის მეურნეობის მინისტრის ოფისში მუშაობა, მოიცავს მოკლე დროში ბევრი ახალი თემის შესწავლას და ამ თემებზე კვლევების და დასკვნების დაწერას, მინისტრისთვის სიტყვის მომზადებას, კომიტეტებისა და პლენარულ სხდომებზე დასწრებას, მოქალაქეთა წერილებზე პასუხის გაცემას, სხვადასხვა შეხვედრებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას, ოფისის ყოველდღიურ საქმიანობაში მხარდაჭერას და სხვა უამრავ ვალდებულებას, რომელთა შესრულებაც აქ მიწევს. რომ არა აქამდე განვლილი გზა და გამომუშავებული უნარები დღეს ამ ყველაფერთან გამკალავება და აქაურ სამუშაო რიტმთან შეგუება ძალიან გამიჭირდებოდა.
ვახო გიორგაძე
რატომ ჩავაბარე თავისუფალ უნივერსიტეტში? არ დავსწრებივარ უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ გაცნობით პროგრამებს, არ ვიცნობდი არავის, ვისაც თავისუფალი უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული. თუმცა, უნივერსიტეტში ჩაბარება მაინც გადავწყვიტე. მთავარი ფაქტორი გახლდათ გარდამავალი დაფინანსების არსებობა, რომელმაც საშუალება მომცა მესწავლა ოთხი წლის მანძილზე და სამსახურის დაწყების შემდეგ ეტაპობრივად გადამეხადა სწავლის საფასური. თუკი ოდესმე 18 წლის ასაკში არჩევანის წინაშე დადგებით აიღოთ 20 ათასი ლარის ოდენობის სესხი და ისწავლოთ საუკეთესო უნივერსიტეტში ან სრულიად უფასოთ ისწავლოთ მორიგ სახელმწიფო უნივერსიტეტში, არჩევანის გაკეთებაზე ფიქრში დროს ნუ დაკარგავთ.
არის თუ არა თავისუფალი უნივერსიტეტი წარმატების გარანტია ? რა თქმა უნდა არა. ოთხი წლის მანძილზე ვიხილე თუ როგორ ტოვებდნენ უნივერსიტეტს ეროვნულ გამოცდებში საუკეთესი ქულების მქონე სტუდენტები. ერთადერთი გზა თავისუფალ უნივერსიტეტში წარმატების მისაღწევად არის მუდმივი სწავლა, შრომა და თავდადება. თქვენ შეიძლება გითხრათ, რომ თავისუფალ უნივერსიტეტში ყველაფერი ხელის გულზე გექნებათ. თუმცა, რეალობა ის არის, რომ შენ ისწავლი საუკეთესო სტუდენტებს შორის, რაც გულისხმობს იმას, რომ ყოველდღე მოგიწევს დამტკიცება იმის, რომ შენც ერთერთი საუკეთესო ხარ და იმსახურებ იმას რაც გაქვს. საუკეთესო ლექტორები, კონკურენტუნარიანი სტუდენტბი - ადამიანები, რომლებიც მთავარ როლს ითამაშებენ შენს წარმატების მიღწევაში.
რა მომცა თავისუფალმა უნივერსიტეტმა? მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ სწავლის ოთხი წლის მანძილზე მონაწილეობა მივიღე რამოდენიმე იმიტირებულ სასამართლო პროცესში, მათ შორის საერთაშორისო დონეზე, მუშაობა დავიწყე ერთ-ერთ საუკეთსო იურიდიულ ფირმაში და რაც მთავარია მივიღე უზღვავი ცოდნა, მთავარი შენაძენი არის ის ადამიანები, რომლებმაც უდიდესი გავლენა იქონიეს ჩემს კარიერულ წინსვლაზე - როგორც ლექტორებმა ისე სტუდენტებმა. თავისუფალ უნივერსიტეტში შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც სრულიად სხვა კუთხით დაგანახებენ არსებულ რეალობას - სამართლებრივი თუ ადამიანური კუთხით. შეხვდებით ადამიანს, რომელიც საკუთარი ცხოვრების 8 თვეს დაგითმობთ, რომ საერთაშორისო იმიტირებულ პროცესში საკუთარი უნივერსიტეტი სრულფასოვნად წარმოადგინოთ და იამაყოთ საკუთარი თავით.
თავისუფალმა უნივერსიტეტმა მომცა ცოდნა და უნარ-ჩვევები, რაც დამეხმარა გავმხდარიყავი კონკურენტუნარიანი იურისტი. იურიდიულ ფირმასა და არასამთავრებო ორგანიაზიაში მუშაობის გამოცდილებასთან ერთად, ბოლო თითქმის ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდი იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტში სამართლებრივი მრჩევლის პოზიციაზე და ჩემი წვლილი შემქონდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციაში. სრული დაფინანსების მოპოვების შემდეგ სწავლა განვაგრძე ჟენევის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე საერთაშორისო დავების გადაწყვეტის მექანიზმზე (MIDS – Master in International Dispute Settlement). და ეს მხოლოდ დასაწყისია.
ლევან ქანთარია
თავისუფალმა უნივერსიტეტმა ჩემთვის, ისევე როგორც ბევრისთვის, დიდი როლი ითამაშა როგორც პროფესიულ, ასევე, პიროვნულ განვითარებაში. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ურთიერთობა დღემდე გრძელდება და 2014 წელს, სამართლის სკოლის ბაკალავრის დიპლომის მოპოვებით არ დასრულებულა. ჩააბარო უნივერსიტეტში, სადაც „ცოდნა, შრომა, თავისუფლება“ ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებებს წარმოადგენს, ვფიქრობ, ყველა აბიტურიენტისათვის უალტერნატივო გადაწყვეტილება უნდა იყოს. განსაკუთრებით ქვეყანაში არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, სადაც აღნიშნული კუთხით, სამწუხაროდ, მაინცდამაინც დიდი გამოცდილება არ არსებობს. ასეთი ფიქრებით ჩავაბარე თავისუფალ უნივერსიტეტში 2010 წელს და ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება არასოდეს მინანია. პირიქით, ყოველთვის მადლიერი ვიქნები იმ ადამიანების, ვინც სასარგებლო ინფორმაცია დროულად მომაწოდა და სწორი მოლოდინები შემიქმნა. თავისუფალ უნივერსიტეტში, ნაცვლად ბიუროკრატიისა, თქვენ შეხვდებით აბსოლუტურ ეფექტურობას, მეგობრულ და ამავდროულად, საქმიან გარემოს. ურთიერთობა მოგიწევთ წარმატებულ ადამიანებთან როგორც მერხის აქეთა, ისე, იქითა მხარეს. ეს ადამიანები ერთი ღირებულების გარშემო არიან გაერთიანებული. სასწავლო პროცესი კონკურენტულ, თუმცა, ჯანსაღ გარემოში მიმდინარეობს და სავსეა ინტელექტუალური გამოწვევებით. აქ პირველი იციან ყველა მნიშვნელოვანი მოვლენისა თუ ღონისძიების შესახებ, წახალისებულია ბევრი მნიშვნელოვანი ექსტრაკურიკულურ-პროფესიული აქტივობა, მათ შორის უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერით. ოთხი წლის მანძილზე ათეულამდე ეროვნულ თუ საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეების შედეგად, სამართლის სკოლის მე-4 კურსის მე-2 სემესტრში ჩემს ცხოვრებაში მოხდა ის, რაზეც მთელი სტუდენტობის წლებში ოცნებობ. დავიწყე მუშაობა წარმატებულ იურიდულ კომპანია „ბიელსი“-ში, სადაც დღემდე ვაგრძელებ პროფესიულ ზრდას. უკვე, როდესაც სამ წლიანი მუშაობის გამოცდილება დამიგროვდა, გადავწყვიტე სწავლის გამეგრძელებინა შტატებში ბიზნეს სამართლისა და კომერციული სასამართლო დავების მიმართულებით. მივმართე 20 წამყვან სამართლის სკოლას, რაშიც მნიშვნელოვანი ფულადი და დროის ინვესტიციის განხორციელება დამჭირდა. შედეგად, ჩავირიცხე ყველა უნივერსიტეტში და თითქმის ყველა უნივერსიტეტიდან 25 000 – 46 000 აშშ დოლარის ოდენობით სტიპენდია მივიღე სწავლის ღირებულების დასაფინანსებლად. აღნიშნული უნივერსიტეტებში ნორსვესტერნის, პენსილვანიის, ჯორჯთაუნის, ემორის, ნოტერ დამის, არიზონას, ჯორჯ ვაშინგტონის, ოჰაიოს, ვეიქ ფორესტის, ფორდჰამის, ილინოისის და სხვა სამართლის სკოლებში.
P.S. მჯერა, რომ მომავალი სტუდენტებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობა არსებობს თავისუფალ უნივერსიტეტთან ერთად განვითარებისთვის, ვინაიდან, უნივერსიტეტში დაგროვდა დიდი გამოცდილება და მნიშვნელოვანი ინტელექტუალური რესურსი, რაც წარმატებისკენ მიმავალ გზას შეუქცევადს ხდის.
მარი კაპანაძე
რაც უფრო დრო გადის მით უფრო ვიაზრებ, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს პროფესიულ საქმიანობაში წარმატების მიღწევისათვის მყარი საფუძვლის შექმნას. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თავისუფალმა უნივერსიტეტმა მომცა იმის შესაძლებლობა, რომ დავუფლებოდი იურისტისათვის საჭირო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რაც თავისთავად ჩემი შემდგომი საქმიანობის წარმატების წინაპირობა გახდა. ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში შევძელი დამეწყო სტაჟირება და შემდგომში მუშაობა არასამთავრობო ორგანიზაციაში „საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივა“, სადაც უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის და უნარების გამოყენება აქტიურად დამჭირდა.
ამჟამად ვსწავლობ კიოლნის უნივერსიტეტის გერმანული სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე და ვმუშაობ სამაგისტრო თემაზე, რომელიც სატირის, როგორც გამოხატვის ერთ-ერთი ფორმის დაცულ სფეროს და მის პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან შეპირისპირებას ეხება. თავისუფალ უნივერსიტეტში მიღებული კვლევის ჩატარების უნარები (განსაკუთრებით საბაკალავრო ნაშრომის წერისას და იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობის მიღებისას) მნიშვნელოვნად მიადვილებს სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობასაც.
მიხარია, რომ თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული მქვია, იმიტომ რომ ამ სტატუსის უკან ნაყოფიერად გატარებული ოთხი წელიწადი იმალება, რომელიც ბევრ მოგონებასთანაა დაკავშირებული: ძალიან მაგარი სამეგობრო წრე, მეგობრული ლექტორები, სასწავლო გარემო, მოპოვებული წარმატებები იმიტირებულ პროცესებში და სხვა სახის შეჯიბრებებში და ა.შ.
ალეკო ნანაძე
უნივერსიტეტი დამთავრებული არ მქონდა, როდესაც რამდენიმე კომპანიაში სტაჟიორად მუშაობის გამოცდილება მივიღე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი თანამშრომლობის შემოთავაზებები მივიღე ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი", "ჯეოსელი" და "დელოიტი საქართველო". ამჟამად ვარ "EY Georgia"-ს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელი და სწორედ თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლისას შეძენილი უნარები მეხმარება თავი გავართვა ჩემს წინაშე არსებულ გამოწვევებს, ეფექტურად ვიმუშაო მცირე დროის მონაკვეთში და თანაბრად ვკონცენტრირდე რამდენიმე ერთმანეთისგან განსხვავებულ და მრავალფეროვან საქმეზე.
მარიამ მაყიშვილი
სკოლაში სწავლის პერიოდში დავესწარი თავისუფალი უნივერსიტეტის გაცნობით პროგრამებს და მაშინვე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამ უნივერსიტეტში ჩამებარებინა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ჩემი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიდან ყველაზე სწრაფი, მაგრამ, ამავდროულად, ყველაზე გამართლებული გადაწყვეტილება. უნივერსიტეტში შეძენილი ცოდნითა და უნარებით შესაძლებლობა მომეცა პროფესიული კარიერა წარმატებით დამეწყო იქ, სადაც სურვილი მქონდა. კერძოდ, სწავლის პერიოდშივე დავსაქმდი საჯარო უწყებაში და ჩართული ვიყავი სხვადასხვა საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტში. ვინაიდან დაინტერესებული ვიყავი საკორპორაციო სამართლით, მალევე შევიცვალე პოზიცია და, მეოთხე კურსზე ყოფნისას, დავიწყე მუშაობა საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის Ernst and Young-ის ჯგუფის წევრ EY Georgia-ში. კომპანიაში დასაქმების დღიდან დაიწყო ჩემი პროფესიული ზრდა კერძო სამართლის მიმართულებით, რაც გამოიხატა ყველა პოზიციის გავლაში სტაჟიორიდან უფროს იურისტამდე. უნივერსიტეტში მიღებული პროფესიული ცოდნა ძალიან დამეხმარა თავი გამერთვა კომპანიაში ჩემი საქმიანობისთვის, ვინაიდან სწავლის პერიოდში განხორციელებულ პრაქტიკულ დავალებებზე მუშაობამ შესაძლებლობა მომცა უკვე რეალურ საქმეებზე დამოუკიდებლად და წარმატებულად მემუშავა. ამჟამად, ვარ სერტიფიცირებული ადვოკატი კერძო სამართლის მიმართულებით და ვმუშაობ სხვადასხვა ინდუსტრიასთან დაკავშირებულ არაერთ საინტერესო პროექტზე.
ჩემი და ჩემი მეგობრების მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ თავისუფალ უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას თუ დავუმატებთ თავდაუზოგავ შრომას, სულ უფრო მეტი სწავლისა და ინფორმაციის მიღების სურვილს და დარწმუნებულნი ვიქნებით საკუთარ შესაძლებლობებში, მიუხედავად საქართველოში არსებული დასაქმების პრობლემისა, ჩვენ, პროფესიული თვალსაზრისით, ნებისმიერი კარის შეღება თავისუფლად შეგვეძლება.
თამარ ჟუჟუნაძე
თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დამთავრებისთანავე სწავლა გავაგრძელე ჰოლანდიაში, ერასმუსის სახელობის როტერდამის უნივერსტეტში (Erasmus University Rotterdam) საკორპორაციო და სამეწარმეო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე. სწავლის პერიოდი იყო საინტერესო და გამოწვევებით სავსე, რადგან გარდა კურიკულუმით გათვალისწინებული საგნებისა, ბევრ დამატებით აქტივობაში ვიყავი ჩართული. მონაწილეობა მივიღე ვილემ ვისის სახელობის საარბიტრაჟო კონკურსში და ჟენევაში სამეწარმეო სამართლის სასწავლო პროგრამაში ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, WIPO, UNCITRAL, UNCTAD და ILO. ამასთანავე გავიარე სასწავლო ვორქშოფები არბიტრაჟში შვეიცარიის ისეთ წამყვან იურიდიულ კომპანიებში, როგორიცაა Lalive და White & Case LLP. მეორე სემესტრში გავიარე 6 თვიანი სტაჟირება როტერდამში, ჰოლანდიის ერთ- ერთ წამყვან იურიდიულ ფირმაში Van Traa Advocaten, რომელიც სპეციალიზებულია საერთაშორისო სავაჭრო და კომერციულ სამართალში. უნივერისტეტის დამათავრებისთანავე მოწვევა მივიღე ბერლინში არსებული წამყვანი აგრარული კომპანია Amatheon Agri Holding-იდან საკორპორაციო იურისტის პოზიციაზე. 2016 წლის მარტში გერმანიაში, დუსელდორფში წიგნად გამოიცა ჩემი სამაგისტრო ნაშრომი „რისკის, საკუთრების უფლების და გადამზიდველისგან მოთხოვნის უფლების გადანაწილების სამართლებრივი საკითხები საკითხები CIF და FOB გადაზიდვების დროს ინგლისური სამართლის მიხედვით“. 2016 წლის მარტიდან ვმუშაობ ამსტერდამში კომპანიაში, CIS Management უმცროსი იურისტის პოზიციაზე. იურიდიულ კონსულტაციას ვუწევ დიდ საერთაშორისო ფინანსურ და საინვესტიციო კორპორაციებს ძირითადად ნავთობის, გაზის, ენერგეტიკის და უძრავი ქონების სექტორებიდან. ასევე ერთი წლის განმავლობაში 2017 წლის მარტის ჩათვლით ვიყავი დიასპორის მინისტრის სახელმწიფო აპარატის და შემდგომ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი პროექტში „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“. ამ პროექტის საშუალებით, ორგანიზებას ვუწევდი სხვადასხვა ღონისძიებებს ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით.
საზღვარგარეთ სწავლა, მუშაობა და სხვადასხვა აქტივოებში მონაწილების მიღება ჩემთვის რთული და უცხო არ აღმოჩნდა, რადგან თავისუფალი უნივერისტეტის სამართლის სკოლში სწავლის პერიოდში, საშუალება მქონდა მაქსიმალურად გამომეყენებინა ჩემი დრო და მონაწილება მიმეღო დამატებით კვლევით პროექტებში და საერთაშორისო იმიტირებულ პროცესებში. თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდები საერთაშორისო კონკურსებზე გამოირჩევიან განსაკუთრებული მომზადების დონით და შესაბამისად, მეც ძალიან დიდი ცონდა და გამოცდილება მივიღე. ასევე გამოვყოფდი, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის კლინიკას, რომელმაც დიდი პრაქტიკული გამოცდილება მომცა, რადგან საშუალება გვქონდა რეალურ საქმეებზე გვემუშავა თავისუფალი უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციური ლექტორების დახმარებით. თავისუფალ უნივერსტეტში შევიძინე სამართლებრივი კვლევისა, წერისა და კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტისათვის საჭირო ცოდნა და უნარები, რაც იურისტის წარმატების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.
2017 წლის სექტემბრიდან ვგეგმავ საქართველოში დაბრუნებას, და მინდა, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენო ჩემს ქვეყანაში. ასევე, თუ საშუალება მომეცემა, მაქსიმალურად გამოვიყანებ შესაძლებლობას, რომ ჩემი აკადემიური გამოცდილებაც გავუზიარო ახლანდელ სტუდენტებს.
თამარ მენთეშაშვილი
ჩემს შესახებ მოყოლას დავიწყებ 2014 წლით, როცა დავამთავრე თავისუფალი უნივერსიტეტი და გავხდი სამართლის სკოლის მეორე თაობის კურსდამთავრებული. იმ 4 წლის აღწერა, რომელიც უნივერსიტეტში გავატარე, შორს წამიყვანს, რადგან გასახსენებელი ძალიან ბევრია, როგორც დასაფასებელი კიდევ უფრო ბევრი ადამიანი. ჩემი ამბის გაზიარებისას გამოვყოფ იმ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს, რომლებიც თავისუფალმა უნივერსიტეტმა მომცა და რომელიც, ვფიქრობ, დამეხმარა მოვსულიყავი იქ, სადაც დღეს ვარ.
უნივერსიტეტის დამთავრებისა და საქართველოში სხვადასხვა სექტორში მუშაობის გამოცდილების მიღების შემდეგ, სწავლა გავაგრძელე ედინბურგის უნივერსიტეტში, საერთაშორისო საბანკო სამართლისა და ფინანსების მიმართულებით. ამავე პერიოდში დავიწყე მუშაობა ედინბურგის უნივერსიტეტში საერთაშორისო სტუდენტთა კურატორის პოზიციაზე. ედინბურგის უნივერსიტეტი წამყვანია თავისი რეიტინგით მსოფლიო უნივერსიტეტებს შორის, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, დიპლომის მიღების ცერემონიაზე აწ უკვე ედინბურგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს, რომელსაც უმაღლესი შეფასების მქონე დიპლომი მეჭირა ხელში, კვლავ თავისუფალი უნივერსიტეტი მახსენდებოდა და სწორედ მისი მადლიერი ვიყავი. მადლიერი და ამაყი ზუსტად ისე, როგორც თავისუფალი უნივერსიტეტის დიპლომის მიღებისას ვიყავი ჩემს მეგობრებთან ერთად. საკუთარი თავის რწმენა, შრომისმოყვარეობა, ინტერესიანობა (როგორც ფორმალური განათლების მიღების, ასევე ადამიანებთან ურთიერთობისა და მათი ისტორიების გაზიარების კუთხით), ყოველთვის უფრო მეტისკენ სწრაფვა, გუნდში მუშაობის უნარი და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სწავლასა და დახარჯული ენერგიის აღსადგენად საჭირო დროის გამონახვასა და გამოყენებას შორის ბალანსის პოვნა - ეს ყველაფერი ვისწავლე თავისუფალ უნივერსიტეტში 4 წლის ყოფნის პერიოდში. ედინბურგში კი მოვახერხე ამ უკვე მიღებულ უნარ-ჩვევათა ეფექტიანი რეალიზაცია.
მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ, ედინბურგის უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და რეკომენდაციით შანხაიში, ჩინეთის წამყვანმა Jiao Tong უნივერსიტეტმა მომიწვია მკვლევარის პოზიციაზე. ჩამოსვლიდან მალევე ედინბურგში დაცული ჩემი თეზისითა და შედეგებით დაინტერესებულმა, ჩინეთის ბაზარზე არსებულმა კომპანიამ მიმიწვია შანხაიში ორგანიზებულ გლობალურ სამიტზე, სადაც გავიცანი ძალიან ბევრი ადამიანი ინდუსტრიაში. ამავდროულად, მივიღე შემოთავაზება, დამეწყო მუშაობა ორგანიზატორ კომპანიაში “Blockchain Labs”. მუშაობის პარალელურად, უნივერსიტეტში დავაარსე საზოგადოება, რომელიც ემსახურება სტუდენტების, ახალგაზრდა მკვლევარებისა და ინდუსტრიის წარმომადგენელი კომპანიების ერთმანეთთან დაკავშირებას. ახლახანს, 11 აპრილს საზოგადოების მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ჩემი პრეზენტაციის ფარგლებში განვიხილე საქართველოს ინიციატივა, საჯარო სექტორში მომსახურების გაწევისას გამოიყენოს ინოვაციური ტექნოლოგიები.
დღეს ვცხოვროვ და ვმუშაობ შანხაიში. ვფიქრობ, რომ განვლილმა გზამ დამანახა, რომ თავისუფალმა უნივერსიტეტმა პირველმა მომცა საშუალება, სწორი განსაზღვრება მეპოვა სიტყვისთვის „თავისუფლება“ და ამ თავისუფლების მისაღწევად მუდმივი ზრდის პროცესში ყოფნის მნიშვნელობა.
ანა ქოჩიაშვილი
ჩემი იურიდიული კარიერა ჯერ კიდევ თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლისას დაიწყო. მეოთხე კურსიდან სტაჟიორად ამიყვანეს საერთაშორისო იურიდიული ფირმა Dechert-ის თბილისის ოფისში. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ვიმუშავე მრავალ საინტერესო და მრავალფეროვან საქმეზე. ჩემი მოვალეობები ამ დროის განმავლობაში ეტაპობრივად იცვლებოდა. დღეს უკვე სერტიფიცირებული ადვოკატი და ფირმის იურისტი ვარ. იქედან გამომდინარე, რომ გაიზარდა ჩემი, როგორც იურისტის როლი სხვადასხვა საქმეში და მომეცა საშუალება უფრო ახლოს ვიმუშაო ჩემი ფირმის პროფესიონალებთან, მივიღე ფასდაუდებელი ცოდნა და გამოცდილება.
მიღებული პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე გადაწყვიტე სწავლის გაგრძელება. ბედნიერი ვარ, რომ წელს ვისწავლი კემბრიჯის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე.
ყველა ამ წინსვლასა და წარმატებას საფუძვლად უდევს ის ფაქტი, რომ ვსწავლობდი თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში. სამართლის ის პროგრამა, რომელსაც ეს უნივერსიტეტი სთავაზობს ახალგაზრდა იურისტებს, საუკეთესოდ ამზადებს მათ სამომავლო პრაქტიკული საქმიანობისათვის სამართლის ნებისმიერი მიმართულებით. იურიდიულ ფირმაში მუშაობის დაწყების მომენტისათვის მე მქონდა ისეთი ნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, როგორიცაა კვლევა, სამართლებრივი წერა, ზეპირი გამოსვლისა და არგუმენტების ნათლად ჩამოყალიბების უნარები. სწორედ უს უნარები, ასევე ის გარემო, რომელშიც მიმდინარეობდა სწავლება თავისუფალ უნივერსიტეტში, დამეხმარა სწრაფ განვითარებასა და წარმატებული კარიერის წარმართვაში.
თამარ ქოჩაკიძე
დამსაქმებელი: იურიდიული კომპანია "ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები"
პოზიცია: უმცროსი იურისტი/junior associate
მე-4 კურსიდან ვმუშაობ იურიდიულ კომპანიაში "ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები".თავიდან რთული იყო სამსახურს, უნივერსიტეტს და რამდენიმე ანაზღაურებად კვლევით პროექტს შორის დროის რაციონალურად დანაწილება, თუმცა იმედი მაქვს რომ შევძელი და მნიშვნელოვნად გავიზარდე.
დღეს, ჩემი სამუშაოს მთავარ ნაწილია სხვადასხვა ოპერაციების საგადასახადო-სამართლებრივი ანალიზის მომზადება. ამ დროის განმავლობაში, რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანზაქციის საგადასახადო-სამართლებრივ კონსულტაციის მომზადებაში მივიღე მონაწილეობა. ზოგიერთი მათგანი უკავშირდებოდა საქართველოდან საზღვარგარეთ ინვესტიციის განხორციელების საგადასახადო რისკების შეფასებას. მაგალითად, ამ ეტაპზე ვმუშაობ საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნის რეზიდენტის მიერ ინვესტიციის განხორციელების სამართლებრივ ანალიზზე. მუშაობის პროცესში ვეცნობი ევროპის კავშირის დირექტივას დღგ-ს საერთო სისტემის შესხებ, რომელიც საინტერესოა და საქართველოს საგადასახადო კოდექსში არსებული პრობლემების აღმოჩენაში უფრო მეტად მეხმარება.
დასრულებული საქმეებიდან, ყველაზე საინტერესოდ ერთ ერთი უცხოური ფილმის გადაღების ე.წ. pre-production & production ხელშეკრულებებზე მუშაობა მახსენდება. ეს საკითხი სრულიად ახალი და უცნობი იყო ჩემთვის ამ საქმეზე მუშაობისას, მომიწია ფილმის გადაღებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების მომზადება: დამკვეთის, მსახიობების, და გადამღები ჯგუფის წევრების ხელშეკრულებების მომზადება. ,
ამ დროის განმავლობაში გავიცანი საინტერესო ადამიანები და მივხვდი რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა იყო იურისტი, რადგან სხვა ადამიანები ხშირად ჩვენი რჩევის მიხედვით გეგმავენ საკუთარ მომავალს და გვენდობიან.
თეონა ფირანიშვილი
დამსაქმებელი : იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი, სადაც 2013 წლის აგვისტოში დავინიშნე მრჩევლის პოზიციაზე. მანამდე 2012 წლის სექტებრიდან სავალდებულო საუნივერსიტეტო პრაქტიკის ფარგლებში ვიყავი ამავე დეპარტაენტში სტაჟირებაზე.
ბევრ საინტერესო საკითხს შორს, რომელზეც მიწევს მუშაობა, ყველაზე მეტად გამოვარჩევდი სხვადასხვა თემაზე საერთაშორისო სამართლებრივი საკითხების კვლევას და მათზე შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას. ერთ-ერთი ასეთი საინტერესო საკითხი იყო არ-აღიარებული ტერიტორიების და იქ გამოცემული ადმინისტრაციული აქტების აღიარებასთან დაკავშირებული პრობლემები.
ასევე ვმუშაობ იმ საერთაშორისო კონვენციებზე, რომელთა წევრიც არის საქართველო და ვალდებულია მათ იმპლემენტაციაზე და, საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. ერთ-ერთი ასეთი კონვენციაა 1980 წლის ჰააგის კონვენცია ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ, რომელთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობაც შედის ჩემს კომპეტენციაში. მიმდინარე საქმეების განხილვის და შესაბამისი ღონისძიებების გატარების გარდა. ამჟამად ვმუშაობ ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების და დაკავების შესახებ საქმეებზე მიმართვიანობის ანუ რეფერალის პროცედურის, ასევე აღსრულების პროცედურების ჩამოყალიბებაზე. ეს საკითხი საინტერესოა იმ კუთხით, რომ მიწევს სხვა ქვეყნის პრაქტიკის შესწავლა, მათი საჭიროებისამებრ გაზიარება და ამასთანავე ამ სფეროში ახალი სამართლებრივი მექანიზმის შექმნა.
დავით კაკოიშვილი
2013 წლის სექტემბერში ჯერ კიდევ თავისუფალი უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტმა მუშაობა დავიწყე საქართველოში ერთ-ერთ წარმატებულ იურიდიულ კომპანიაში BGI Legal სტაჟიორის პოზიციაზე. დღეს BGI Legal-ში გამოცდილი პროფესიონალების გვერდით ვმუშაობ იურისტის პოზიციაზე, ვარ სერტიფიცირებული ადვოკატი და კომპანიაში ჩაბარებული მაქვს სისხლის სამართლის მიმართულება. ამ პერიოდის განმავლობაში ვიმუშავე არაერთ მნიშვნელოვან და საინტერესო საქმესა თუ დავაზე. დღეს კი წარმოვადგენ სხვადასხვა პირებს საქართველოს სასამართლოებში და საერთაშორისო დონეზე, როგორც სისხლის, ისე კერძო სამართლის მიმართულებით.ჩემი, როგორც იურისტის პროფესიული წინსვლა თავისუფალი უნივერსიტეში მიღებული ცოდნის, გამოცდილების და უნარ-ჩვევების დამსახურებაა. სწორედ თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში შევიძინე პროფესიული ცოდნა, სამართლებრივი წერის, სასამართლოს თუ სხვა ფორუმის წინაშე ზეპირი გამოსვლის, სამართლებრივი კვლევის და კლიენტთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი უნარები. ამასთან ერთად, ვისწავლე, რომ წარმატებისთვის აუცილებელია ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენისკენ მუდმივი სწრაფვა, თავდაუზოგავი შრომა და მიზანდასახულობა.თავისუფალ უნივერსიტეტში გასწავლიან პროფესიონალი და წარმატებული, ხოლო შენს გვერდით სწავლობენ მონდომებული და მიზანდასახული ადამიანები, რომლებთან ურთიერთობით, დისკუსიით და კამათით იძენ უამრავ ცოდნას, ვითარდები, როგორც პროფესიულად, ისე პიროვნულად და გიჩნდება სურვილი შენც იყო წარმატებული.თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაბარებით და სწავლით შეიძლება გზის გაკვლევა წარმატებისკენ, ვინაიდან ამ უნივერისიტეტს შეუძლია მოგცეს ამისთვის აუცილებელი ცოდნა, გამოგიმუშაოს შრომისმოყვარეობა და შეგაყვაროს თავისუფლება, ისევე როგორც შეგახვედროს საუკეთესო მეგობრებს, რომლებთან ერთადაც გაიზიარებ შენ და მათ წარმატებებს.
ნინა ცატუროვა
დამსაქმებელი: იურიდიული კომპანია „LPA"
პოზიცია:იურისტის თანაშემწე
თითქმის ერთი წელია, რაც ვმუშაობ იურიდიულ კომპანია LPA-ში. ამ დროის განმავლობაში მივხვდი, როგორ შეიძლება განვითარდე და მიაღწიო წარმატებას ერთდროულად პროფესიულ და მეგობრულ გარემოში.
მრავალფეროვან საინტერესო საქმეთა შორის გამოვყოფდი ჩემთვის ერთ-ერთყველაზე საპასუხისმგებლო საქმეს, რომელზედაც მომიწია მუშაობა. აღნიშნული საქმე ეხებოდა სამართლის ჩემთვის ყველაზე საინტერესო სფეროს - ინტელექტუალურ საკუთრებას. დავა ეხებოდა სასაქონლო ნიშნების უკანონო გამოყენებას, რითაც ჩვენს კლიენტს ადგებოდა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. ვინაიდან სხვა სამართლებრივმა მექანიზმებმა ვერ მოიტანა სასურველი შედეგი, სარჩელით მივმართეთ სასამართლოს. საქმის მოგება მით უფრო სასიამოვნო იყო, რადგან ჩემთვის პირველ რეალურ სასამართლო პროცესზე გამოსვლა მომიწია დამოუკიდებლად, სხვა ქალაქში, უცხო გარემოში. ამით შევიძინე როგორც საქმის დამოუკიდებლად წარმართვისა, ისე სასამართლო პროცესზე გამოსვლის ფასდაუდებელი გამოცდილება, და უფრო კარგად გავიაზრე ჩემი პროფესიის მნიშვნელობა.
მუშაობა LPA-ში არ მაძლევს საშუალებას გავჩერდე ერთ ადგილზე - ყოველდღიურად სხვადასხვა საქმის სიმრავლე და ურთიერთობა პროფესიონალებთან და ადამიანებთან, რომლებსაც სჭირდება იურიდიული დახმარება, მიბიძგებს წინ, წარმატებისკენ.
ანა ჭიაბრიშვილი
დამსაქმებელი: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
პოზიცია:სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის ანაზღაურებადი სტაჟიორი
კონსტიტუციური სამართალი მეორე კურსიდან მაინტერესებს, შესაბამისად, ჩემთვის აქ ყოფნა საუკეთესო შესაძლებლობაა. სამართლის ვიწრო სფერო არ ამირჩევია, ყოველდღიურად ყველა სფეროსთან მაქვს შეხება როგორც სამოქალაქო, სისხლის, ისე საჯარო და საერთაშორისო სამართალთან, რაც კიდევ უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის მუშაობის პროცესს. მაგალითად, ამჟამად ვიკვლევთ რამდენად შეესაბამება ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებული მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობისა და საარჩევნო უფლებებს, ასევე განიხილება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმის კონსტიტუციურობა, რომელიც ადგენს ძველი და ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების დროში მოქმედების ფარგლებს, რაც მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სასამართლომ უნდა შეაფასოს პირის უფლება ისარგებლოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და სხვა გარანტირებით, რომლებიც ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დამკვიდრდა. ასევე, ვსწავლობთ საკითხს, რამდენად შეესაბამება კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებულ საკუთრების უფლებას ნორმა, რომლის შესაბამისადაც, საჯარო რეესტრში ყალბი ჩანაწერისსაფუძველზე მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ მისი საკუთრების კეთილსინდისიერ პირზე გასხვისების შემთხვევაში, მესაკუთრეს არ აქვს უფლება ახალი მესაკუთრისგან გამოითხოვოს თავისი ქონება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2012 წელს საქმეში გადაწყვიტა საკითხი უცხოელთა მიერ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის უფლებაზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ". ამ თემას ჩემს თანაკურსელებთან და უმცროს კურსელებთან ერთად ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლისას ვიკვლევდი და სწორედ მათთან ერთად შემუშავებული სასამართლო მეგობრის მოსაზრება გავუგზავნეთ სასამართლოს და ჩვენთვის სასიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში გაიაზიარა ჩვენი მოსაზრებები . სწორედ ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა მუშაობა საქმეზე - მათიას ჰუტერის საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. მოსარჩელე ასაჩივრებს ნორმას, რომლის საფუძველზეც პარლამენტმა მორატორიუმი გამოაცხადა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურ ნორმასთან მიმართებით.
ვატო შენგელია
დამსაქმებელი: BLC law office
პოზიცია: სტაჟიორი
2013 წელს მივიღე მონაწილეობა ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის მიერ მოწყობილ შეჯიბრში ბიზნეს სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესებში. ეს იყო ჩემი პირველი მონაწილეობა მსგავს შეჯიბრში. ჩვენი ჯგუფი გავიდა შეჯიბრის ფინალურ ეტაპზე და გახდა საუკეთესო სარჩელისა და შესაგებლის ავტორი, იმის მიუხედავად, რომ არ გვყავდა მწთვრნელი, რომელიც ასე გვჭირდებოდა. აღნიშნულ შეჯიბრში წარმატებულად გამოსვლის შედეგად საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული იურიდიული ფირმის - BLC-ის პარტნიორებმა შემომთავაზეს სტაჟირება თავის ფირმაში, აღმოჩდა, რომ ერთ-ერთმა მათგანმა შეჯიბრის წინ, ჩვენი ჯგუფი დაიწუნა და უარი გვითხრა მწვრთნელობაზე, მაგრამ ამის შესახებ თვითონაც არ იცის დღემდე.
შემიძლია ვთქვა, რომ BLC-ში მივიღე ძალიან დიდი პრაქტიკული გამოცდილება, იქ მუშაობენ თავისი საქმის პროფესიონალები, განსაკუთრებით ავღნიშნავდი ფირმის ერთ-ერთ senior associate-ს თამთა ივანიშვილს, რომელიც დაძაბულ სამუშაო დღეს საოცარი სიმშვიდით ეჭიდებოდა. ასევე უნდა აღინიშნოს ერთ-ერთი პარტნიორი- ქეთი ქვარცხავა, რომლის ქარიზმა თრგუნავს პროცესზე მოწინააღმდეგე მხარეს.
ჩემი სამუშაო მოიცავდა კანონმდებლობის კვლევას, სარჩელების, შესაგებლების, სხვადასხვა განცხადებების, შუამდგომლობების წერას, სხვადასხვა იურიდიული სახის დოკუმენტების რუსული და ინგლისური ენიდან თარგმნას, სხვადასხვა უწყებებთან და კლიენტებთან ურთიერთობას და ა.შ. ასევე ძალიან მომეწონა თუ როგორ გავართვი თავი 10 გვერდიანი სამართლებრივი დასკვნის დაწერას ინგლისურ ენაზე.
რაც შეეხება სირთულეებს, ჩემი ბუნებიდან გამომდინარე ყველაზე დიდ სიძნელესწარმოადგენდა კომპანიის ე.წ.Corporate soul-თან შეგუებას.
ბოლოს კი მინდა დავწერო ორიოდე სიტყვა იმაზე, თუ რა გავლენა იქონია BLC-ში სტაჟირებამ ჩემზე. სამ პუნქტთან შეიძლება გამოვყო: 1) გამიმყარდა იმის მყარი აღქმა, რომ იურისპუდენცია არის ის სფერო, რომელსაც აუცილებლად გავყვები და წარმატებასაც მივაღწევ. 2) ჩამომიყალიბდა მიზანი და 3) ვიცი როგორ მივაღწიო ამ მიზანს.0
ელენე არჩვაძე
დამსაქმებელი: ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტი
პოზიცია: შტატგარეშე მოსამსახურე (ანაზღაურებადი)
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მოვხვდი 2013 წლის ივლისში, გამოცხადებული კონკურსის შედეგად, სტაჟიორის პოზიციაზე. უკვე ერთი თვეა რაც დავინიშნე შტატგარეშე მოსამსახურედ. ამ დროის განმავლობაში უშუალოდ ვიყავი ჩართული საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების ჩატარების პროცესში. ამჟამად კი აქტიურ მონაწილეობას ვიღებ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნების პროცესში. მეამაყება, რომ ვარ მონაწილე პროცესისა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ მუშაობის პროცესში არაერთხელ დამეხმარა უნივერსტეტში მიღებული ცოდნა და უნარ–ჩვევები.
თეონა ყველაშვილი
დამსაქმებელი: LCC (Legal Consulting Company)
პოზიცია : სტაჟიორი
აღნიშნულ სტაჟირებაზე მოვხვდი კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორის შემოთავაზებით, რომელიც ჩემი ლექტორი იყო თავისუფალ უნივერსიტეტში.
კომპანიაში სტაჟირებისას ვისწავლე თუ როგორ უნდა გამოვიყენო ჩემი თეორიული ცოდნა პრაქტიკაში, რაც ძალიან საინტერესოა. სტაჟირების მანძილზე მომიწია სხვადასხვა საკანონმდებლო აქტების(მაგ. „პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და სხვა.) დამუშავება და მათი ანალიზის მომზადება. მივიღე მონაწილეობა და ჩემი წვლილი შევიტანე სხვადასხვა საქმეების მომზადებაში სასამართლო პროცესებისათვის (რომლებიც ეხებოდა მკვლელობის მცდელობას, გამოძალვას, თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, დანაშაულის შეუტყობინებლობა და სხვა) და მათთან დაკავშირებული სხვადასხვა საპროცესო მოქმედებების განხორციელება პროფესიონალის დავალებით. ამ საქმეებზე მუშაობის დროს ასევე ვესწრები სასამართლო პროცესებს, რისი საშუალებითაც პრაქტიკაში ვსწავლობ პროცესზე გამოსვლის უნარ-ჩვევებს.
აღნიშნულმა სტაჟრებამ მომცა დიდი გამოცდილება და მიმახვედრა, რომ ჰიპოტეტური კაზუსების ამოხსნისგან განსხვავებით რეალურ საქმეებზე მუშაობა ბევრად დიდ დროს, გამოცდილებას, შრომას და პასუხისმგებლობას მოითხოვს. ყოველივე ეს არ მაძლევს მოდუნების საშუალებას. დიდი გამოცდილებასა და ბევ რამეს მასწავლის პროფესიონალ და გამოცდილ ადამიანებთან ურთიერთობა.
ალექსანდრე მაჭარაშვილი
დამსაქმებელი: იუაი საქართველო (Ernst & Young)
პოზიცია: იურისტი
„იუაი საქართველოში"(Ernst & Young) მუშაობა დავიწყე რამდენიმე გასაუბრების წარმატებით გავლის შემდგომ. თავდაპირველად ჩემს მოვალეობაში შედიოდა სამართლებრივ საკითხებზე კვლევის ჩატარება და საზღვარგარეთ რეგისტრირებული პირების, საქართველოში შვილობილი კომპანიებისა თუ ფილიალების რეგისტრაცია.
თანდათანობით, ჩემი მოვალეობები იზრდებოდა. 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის ივნისამდე, Ernst & Young-ის მოსკოვისა და ჟენევის ფილიალებთან ერთად, აქტიურად ვიყავი ჩართული „უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) " განხორციელებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელშეკრულების ტექსტის შეთანხმებასთან დაკავშირებული სამუშაოების მომზადებაში, კერძოდ მევალებოდა ფინანსური ინსტიტუტების საზღვარგარეთის პრაქტიკის შესწავლა, საქართველოში არსებული ფინანსური ინსტიტუტების მარეგულირებელი კანონმდებლობის კვლევა და მათი საზღვარგარეთ დამკვიდრებულ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა, აღნიშნულ კვლევებთან დაკავშირებით ანგარიშების მომზადება და სხვ. ამ პროცესში ჩართულობამ გააღრმავა ჩემი გამოცილება, ცოდნა და უნარები, რათა უკეთესად დავგეგმო და დამოუკიდებლად ვიმუშავო სამართლებრივ და საგადასახადო და ფინანსურ საკითხებზე.
დღეს ჩემი ყოველდღიური სამუშაო მოიცავს, კომერციული ხელშეკრულებების (იჯარა, ნასყიდობა, სესხი, იპოთეკა, სხვ.) კორპორატიული დოკუმენტების (წესდება, წილის ნასყიდობის ხელშეკრულების) მომზადებას, საგადასახადო საჩივრებისა და სამართლებრივ საკითხებში მემორანდუმების მომზადებასა და სხვ.