ENG GEO

Search form

საჯარო სექტორის გამჭვირვალობა და ღიაობა

ღია მმართველობა დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტია, რომელსაც სხავადასხვა ქვეყნების მთავრობები ნებაყოფლობით უერთდებიან და რიგ ვალდებულებებს კისრულობენ მისი  მთავარი მიზნების შესასრულებლად. ეს მიზნებია: მთავრობის საქმიანობის გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 21–ე საუკუნეში მსგავსი პროცედურები და საზოგადოების ჩართულობა მაქსიმალურადაა ხელმისაწვდომი ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მეთოდების გამოყენებით.

ჯერემი ბენტამი საუბრობს საჯარო სექტორის გამჭვირვალობაზე, სადაც იგი აღნიშნავს, რომ „ყველა საზოგადოებრივი დაწესებულების კარი ღია უნდა იყოს ცნობისმოყვარე ინდივიდებისთვის“. რეალურად, თუ გადავხედავთ სამყაროში არსებულ სიტუაციას, საჯაროობა და გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან არ მოხდეს კონკრეტული ინდივიდების მიერ სახელმწიფოებისა თუ გარკვეული დაწესებულებების მართვა. ღიაობა და გამჭვირვალობა გარკვეულწილად შემბოჭველია ძალაუფლების მქონე პირთათვის, რადგან იგი საშუალებას არ აძლევს მათ, გადააჭარბონ თავიანთ ძალაუფლებას და ბოროტად ისარგებლონ მათი უფლებებით. ასევე  მედიისა და ჟურნალისტიკის როლზე გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ჟურნალისტებმა მაქსიმალურად და გულდასმით უნდა შეისწავლონ და გამოიკვლიონ იმ საჯარო მოხელეების საქმიანობა, რომელთაც ძალაუფლება გააჩნიათ, რადგან მედია არის საუკეთესო საშუალება, რომლის მეშვეობითაც შეიძლება ფართო მასებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი გახდეს ესა თუ ის ინფორმაცია.

მეორეს მხრივ კი, გამჭვირვალობა იძლევა საშუალებას, რომ საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ჩართული და გათვითცნობიერებული სახელმწიფო და საჯარო სექტორების მმართველობის სისტემაში და მაქსიმალურად იყოს მათი ხმა მიწვდენილი ამ ორგანოებამდე. მნიშვნელოვანია, რომ გამჭვირვალობა იყოს საყოველთაო და თითოეულ ადამიანს შეეძლოს, მიიღოს ინფორმაცია ამ თუ იმ საჯარო დაწესბულების საქმიანობის შესახებ. საზოგადოების ბედნიერებისა და კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია ამგვარი ღიაობა, რადგან არ დამყარდეს დიქტატურა და მაქსიმალურად ხალხზე მორგებული სისტემა არსებობდეს. ასე ვთქვათ, ეს ყოველივე ხელს შეუწყობს საზოგადოების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, კერძოდ, ხალხს ექნება საშუალება, მაქსიმალურად ჩაერთოს სახელმწიფო საქმიანობაში. არა ოლიგარქები და ძალაუფლების მქონე პირები იყვნენ გადაწყვეტილებების მიმღებნი, არამედ მოსახლეობა გახდეს ერთგვარი სისტემა, რომელიც გააკონტროლებს მათ და გარკვეულწილად გადაწყვეტილების მიღებაშიც კი იქნებიან ჩართულები. სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა დაექვემდებაროს ხალხის ზედამხედველობას, რადგან სახელმწიფო არის თავად ხალხი, ხალხის გარეშე ვერ იარსებებდა ვერც სახელმწიფო, ვერც მთავრობა და ვერც სახელმწიფო ინსტიტუტები.

ასევე მნიშვნელოვანია საკანონმდებლო და კანონპროექტების პროცესების გამჭვირვალობა, რადგან კანონი არის საყოველთაო და სავალდებულო. იგი მორგებული უნდა იყოს საზოგადოებაზე და აკმაყოფილებდეს საერთაშორისო მოთხოვნებს. არ შეიძლება ფარულად მიღებულ იქნას კანონი, რომლითაც შეიზღუდება ადამიანის უფლებები. ასევე გამჭვირვალობა ხელს უწყობს სამართლიანობის დაცვასა და სასამართლოს ეფექტურ მმართველობას.

მაგრამ, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ აღინიშნოს ის გარემოებები, რომლებიც არ შეიძლება დაექვემდებაროს გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპს, ესენია სახელმწიფო საიდუმლოებები თავდაცვასთან და შეიარაღებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ამ სფეროების უგულებელყოფა, მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს გარკვეული ორგანო, რომელიც გააკონტროლებს ამ სფეროს.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.