ENG GEO

Search form

რაციონალური არსება, როგორც უფლების სუბიექტი

არის თუ არა ადამიანი ერთადერთი არსება სამყაროში, რომელსაც უფლებებით სარგებლობის პრივილეგია ენიჭება? ეს საკითხი საკმაოდ დიდი დისკუსიის საგანია. არის მოსაზრება, რომ უფლების სუბიექტი არის ცხოველიც, განსხვავებული პოზიციის მიხედვით კი უფლებები მხოლოდ ადამიანებს აქვთ. თუ მეორე მოსაზრებას გავიზიარებთ, ავტომატურად გაგვიჩნდება კითხვა, აქვს თუ არა უფლება ყველა ადამიანს, თუ აქედანაც გამონაკლისები უნდა არსებობდეს და მხოლოდ გარკვეული კატეგორიის მიმართ უნდა გავავრცელოთ?

უფლებებით სარგებლობისთვის აუცილებელი და საკმარისი პირობაა რაციონალურ არსებად დაბადება - დაახლოებით ამგვარ გაგებას გვთავაზობს ადამიანის უფლებებთან დაკავშრებით იმანუელ კანტი. ცნობილი ფილოსოფოსი ამის შესახებ საკუთარ პოზიციას კატეგორიული იმპერატივის მეორე ფორმულაში აყალიბებს, როდესაც საუბრობს ადამიანის ობიექტივიზაციის დაუშვებლობაზე. მისი აზრით, უფლებებით სარგებლობა არის პირდაპირ კავშირში რაციონალურ არსებად დაბადებასთან. ამ უკანასკნელად კი მხოლოდ ადამიანს მიიჩნევს.

რასთან არის დაკავშირებული ადამიანის რაციონალურობა, ამასთან მიმართებითაც არსებობს სხვა და სხვა მოსაზრება, მაგრამ თუ კანტს დავუჯერებთ, რაციონალური არსების ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი ის არის, რომ მას შეუძლია სამყაროში არსებული მოვლენების გაგება, ფიქრი, მსჯელობა, თვითკრიტიკა, რადგან მას აქვს გონება. დეონტოლოგიური გაგებით, უმნიშვნელოვანესია სურვილების დაძლევა და მათზე უარის თქმა, რაც მხოლოდ ადამიანს შეუძლია. ცხოველს ვერ იტყვის უარს საკუთარ სურვილებზე, მას არ აქვს იმგვარი ღირებულებები, რომ რეფლექსებზე, ცხოველურ ვნებებზე გაბატონება შეეძლოს. ადამიანს კი მისგან განსხვავებით შეუძლია ვალდებულების შესრულების გამო საკუთარი სურვილები გვერდით გადადოს. 

მაგალითად, ჯარისკაცმა შეიძლება დაიჭრას და უმძიმესი ტკივილის მიუხედავად, ბოლო წუთამდე ეცადოს მტრის მოგერიებაში წვლილი შეიტანოს, რადგან იცის, რომ ქვეყნის წინაშე ვალდებულება აკისრია. ხშირია შემთხვევები, როდესაც პატიმარი შიმშილობას აცხადებს, რადგან აქვს პროტესტის გრძნობა კონკრეტული რეჟიმთან, სისტემასთან მიმართებით. სურვილებზე ბატონობა, ადამიანების უმეტესობისთვის თითქმის ყოველდღიურობასთან არის კავშირში. შეიძლება მოუწიოს შიმშილის, წყურვილის, ტკივილის მოთმენა დაკისრებული ვალდბულებების შესასრულებლად. დეონტოლოგია კი მორალის მქონედ სწორედ ამგვარ დათმობაზე წამსვლელ არსებას მიიჩნევს. 

თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანად დაბადება პირდაპირ გულისხმობს რაციონალური ბუნებით დაბადებას, მაშინ აშკარაა, რომ პირდაპირ გამოვრიცხავთ იმას, რასაც დღეს „დისკრიმინაციის“ სახელით ვიცნობთ. რაციონალური ბუნების ქონა არ განისაზღვრება რასის, კანის ფერის, სქესის, გენდერის, ეროვნების, შეხედულებებისა და სხვა მსგავსი ნიშნების მიხედვით. კატეგორიული იმპერატივიც პირდაპირ ამას გვეუბნება, რომ მოვეპყროთ ადამიანებს ღირსებით, პატივისცემით, ისე როგორც რაციონალურ არსებებს და არა როგორც მაგალითად კონკრეტული რასის ან ეროვნების წარმომადგენელს.

დეონტოლოგიური გაგებით, ადამიანები თანასწორები არიან, ყველა მათგანს აქვს გარკვეული ვალდებულებები, რომლებიც უნდა შეასრულონ და როგორც უკვე აღინიშნა მორალის საფუძველზე დაძლიონ სურვილები. ამავროულად ისინი უნდა მიყვნენ კონკრეტულ წესებს. ეს ყველაფერი ვრცელდება ყველა ადამიანზე, განურჩევლად კანის ფერი, რასის, გენდერის თუ სხვა მახასიათებლებისა. ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია არის თავიდანვე ამორალური, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთ დროს ადამიანი საკუთარ თავს სხვაზე მაღლა აყენებს. ამბობს, რომ სხვა მასზე ნაკლებია და შესაბამისად მათ შორის არსებითი განსხვავებაა. სწორედ ამას უარყოფს კანტიანიზმი. კანტის აზრით, ადამიანს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ჩაწვდეს და გაიაზროს სხვისი მორალი და შესაბამისად გააკეთოს იმგვარი დასკვნა, რომ თავისი მორალი სხვისაზე უფრო დიდ ღირებულებებზეა დაფუძნებული. 

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ რაციონალური ბუნების ქონა ადამიანს ყველა სხვა არსებაზე მაღლა აყენებს, რის გამოც ის ხდება სხვა და სხვა უფლების სუბიექტი. ეს პროცესი იწყება იმ მომენტიდან, როგორც კი ადამიანი დაიბადება, მიუხედავად მისი მახასიათებელი ნიშნებისა. ყველა ადამიანი იბადება თანასწორი და შესაბამისად უფლებების ადამიანთა მხოლოდ კონკრეტული კატეგორიისთის მინიჭება დაუშვებელი და დეონტოლოგიურ პრინციპებს შეუსაბამოა. 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.