არის თუ არა ადამიანი რაციონალური არსება - საკითხი საკამათოა, თუმცა კანტის აზრით ადამიანს გააჩნია რაციონალური მსჯელობის უნარი და საკუთარი ნების რაციონალური დეტერმინაცია. ამ რწმენის შედეგად კანტი მიდის იმ დასკვნამდე, რომ ადამიანის გონების მიზანი საერთოდაც არაა ბედნიერება.
ის, რომ ადამიანი არის გონებითა და ნებით აღჭურვილი, კანტის აზრით, გარკვეულ მიზანს უნდა ემსახურებოდეს, რადგან როდესაც საუბარია რაღაც მიზნისთვის შექმნილ არსებაზე, შეუძლებელია მასში ისეთი რამე არსებობდეს, რომელიც ამ მიზანს არ ემსახურება. მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ გვიჭირს სწრაფად წერა, ამიტომ შევქმენით რობოტი იმ მიზნით, რომ ჩვენს მაგივრად დაწეროს. ამ რობოტს შესაძლოა ისეთი ფუნქციები დავაკისროთ როგორიცაა ხელის სწრაფი მოძრაობა, მოსმენა, სიტყვების სწორად წერა და ა.შ. თუმცა მას არც ერთ შემთხვევაში არ შევძენთ ისეთ ფუნქციას, როგორიცაა მაგ. ცეკვა, რადგან ჩვენს მიზანს საერთოდ არ შეესაბამება. შევხედოთ ევოლუციის მხრიდან, კრიტერიუმი ბუნებრივი გადარჩევისა არის გარემოსთან უკეთ შეგუება და არა გონიერება. შესაბამისად, ბუნებრივი გადარჩევა გადაარჩენს ბუნებასთან უკეთ მისადაგებულს და არა რაციონალურს. აღსანიშნავია ისიც, რომ არასაჭირო თვისებებს ცოცხალი არსებები ევოლუციის ფარგლებში „კარგავენ“, ხოლო ადამიანმა და მისმა გონებამ ბუნებრივ გადარჩენას გაუძლო. გამომდინარე აქედან, როდესაც ადამიანს ვაწერთ ისეთ თვისებას, როგორიცაა რაციონალურობა, ლოგიკურია ის დაშვება, რომ ის რაღაც კონკრეტულ მიზანს ემსახურება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადამიანი აღჭურვილია გონებით და ნებით. დავუშვათ, რომ მიზანი და საბოლოო შედეგი არის ბედნიერება, როგორც ამას უტლიტარიანიზმი გვიხატავს - რაც შეიძლება მაღალი იყოს ბედნიერების მაჩვენებელი საზოგადოებაში. კანტი ამტკიცებს, რომ ბუნების გადაწყვეტილება მოცემული მიზნის მიღწევა დაეკისრებინა გონებისთვის ფუჭი იქნებოდა, რადგან ამ მიზნის მისაღწევად უკეთესი და ბევრად საიმედო საშუალებაა ინსტინქტი. გონება საერთოდ არაა საკმარისი ყველა ჩვენი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ მიზანს ინსტინქტებით უკეთ მივაღწევთ.
დავუშვათ, რომ მიზანი მართლაც არის ბედნიერება - როგორ მოხდება გონების გამოყენება? კანტი ამბობს, რომ ადამიანი გონებას გამოიყენებდა მხოლოდ ბუნების ტკბობისთვის, მისგან აღტაცებაში მოსვლისთვის და არა იმისთვის, რომ ნდომის უნარი გონებისთვის დაემორჩილებინა და ბუნების გეგმები აერია. ლოგიკა ასეთია - ბუნება თავადვე იკისრებდა არა მარტო მიზნის, არამედ საშუალების შერჩევას და ამ ორივე ამოცანას მიანდობდა ინსტიქტს. ლოგიკურია, რომ ბუნება არ მისცემდა ადამიანს საშუალებას გონების პრაქტიკული გამოყენებისთვის გადაეხვია. შესაბამისად, მოცემული მიზნის ფარგლებში ადამიანს რაციონალურად განსჯის უნარი საერთოდ არ სჭირდება. ამასთან, კანტი ამბობს, რომ რაც უფრო მეტად ხდება გონების გამოყენება, მით უფრო შორდება ადამიანი ჭეშმარიტ კმაყოფილებას. მსგავსი დაშვება ლოგიკურად გვეჩვენება იმ სამყაროში, სადაც ფრიდრიხ ნიცშე, ვირჯინია ვულფი, ერნესტ ბერგმანი და სხვანი სუიციდით ასრულებენ სიცოცხლეს. გამომდინარე აქედან, კანტი ამბობს, რომ გონება საერთოდაც არაა განკუთვნილი ბედნიერებისთვის, არამედ მისი მიზანი ბევრად ღირსეულია და ეს მიზანი არის უმაღლესი პირობა, რომელიც ადამიანის კერძო მიზნებთან შედარებით უპირატესია.
რა შეიძლება იყოს გონების მიზანი? კანტი აღნიშნავს, რომ გონებას ადამიანს ეძლევა ისეთი უნარის სახით, რომელმაც უნდა მოახდინოს გავლენა ნებაზე. გამომდინარე აქედან, კანტი მიდის დასკვნამდე, რომ გონების ჭეშმარიტი დანიშნულებაა წარმოშვას ნება არა როგორც სხვა მიზნის მიღწევის საშუალება, არამედ როგორც თავისთავად კეთილი და როგორც კანტი აღნიშნავს, რადგან ბუნება უნარებს მიზანშეწონილად ანაწილებს, ამ მიზნის წარმოშობას გონება აუცილებლად სჭირდება. ამ ნებას კანტი ახასიათებს როგორც უმაღლეს სიკეთეს და დანარჩენი სიკეთეების პირობას (თვით ბედნიერებისკენ მისწრაფების ჩათვლით).
აღსანიშნავია ისიც, რომ გონება ზღუდავს (ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საერთოდაც გააქროს) ბედნიერების მიღწევას, თუმცა კანტი ამბობს, რომ გონებას ზემოთ აღნიშნული მიზნის განხორციელებისას შეუძლია თავისებური კმაყოფილება მიიღოს - მიზნის მიღწევით განხორციელებული კმაყოფილება.
საბოლოოდ, ადამიანის რაციონალურობას, როგორც ნებისმიერი არსების ყველა თვისებას, გარვეული მიზანი გააჩნია. ეს მიზანი, კანტის აზრით, არაა ბედნიერება - პირიქით, გონება შესაძლოა მას ზღუდავდეს კიდეც. ადამიანის გონების მიზანი არის ნების წარმოშობა, რომელიც თავისთავად არის კეთილი.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.