ENG GEO

Search form

ორგანოთა გადანერგვა- ადამიანის ობიექტივიზაციის დაუშვებლობა

იმანუელ კანტი აყალიბებს კატეგორიულ იმპერატივს, რომლის თანახმად, ადამიანები არ შეიძლება მიზნის მისაღწევ საშუალებებად განვიხილოთ. ადამიანი არის რაციონალური არსება, რომელსაც აქვს თავისი ავტონომია. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დავისახოთ მიზნები და ვისწრაფვოდეთ მათ მისაღწევად. კანტის მიხედვით, ადამიანი არის აბსოლუტური მორალური ღირებულება, რაც გულისხმობს იმას, რომ დაუშვებელია ჩვენით მანიპულირება და ასევე ჩვენ მიერ სხვათა გამოყენება მხოლოდ სარგებლის მისაღებად. შესაბამისად, თითოეული ადამიანი თავად არის საბოლოო მიზანი და არა მისი მისაღწევი საშუალება.
ორგანოთა გადანერგვა არის ის თემა, რომლის გარშემოც არსებობს მნიშვნელოვანი მორალური დებატი. პირველ რიგში, ისეთი ორგანოების გადანერგვა, რომელიც დონორს სიცოცხლეს ართმევს, დეონტოლოგიური თვალთახედვიდან ჩაითვლება, როგორც მკვლელობა ან თვითმკვლელობა. ორივე მათგანი, კანტის მორალური იმპერატივის თანახმად, დაგმობილია. ამ დროს ადამიანის რაციონალურობის უგულებელყოფა ხდება.
მეორე შემთხვევა ეხება ორგანოებს, რომელთა გადანერგვის შედეგად დონორი არ გარდაიცვლება, თუმცა თავად სხეულს არ აქვს შესაძლებლობა მათი რეგენერაცია მოახდინოს. აუცილებელი არ არის, რომ ეს ორგანო ასრულებდეს გადამწყვეტ და მნიშვნელოვან როლს ადამიანის რაციონალური ბუნების ჩამოყალიბებაში. კანტს თავად ამ შემთხვევის საილუსტრაციოდ კბილის მაგალითი მოჰყავს. ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ორგანოს დონაცია, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციას არ ასრულებს, ადამიანს ნაკლებად რაციონალურ არსებად ვერ გახდის. თუმცა ყოველი არარეგენირებადი ორგანოს გაცემით ადამიანი იზღუდავს არჩევანის თავისუფლებას. მაგალითად, კბილის დონაციის შემთხვევაში ადამიანს აქვს ნაკლები არჩევანი: არ შეუძლია იმღეროს, ისაუბროს ან ჭამოს ისევე კარგად, როგორც ამას ყველა კბილის ქონის დროს შეძლებდა. დეონტოლოგიური მიდგომის თანახმად, ადამიანს აქვს შესაძლებლობა არ ისარგებლოს უფლებით, მაგალითად, ყველა კბილის ქონის შემთხვევაში საერთოდ არ იმღეროს, თუმცა მას არ შეუძლია თავად შეიზღუდოს არჩევანის თავისუფლება.
სხეულის იმგვარი ნაწილების დონაცია, რომლებსაც აქვთ ახლიდან გაზრდის უნარი, დასაშვებია. ამ დროს არჩევანის თავისუფლება დროებით იზღუდება და არა მუდმივად, მაგალითად თმის გაცემის შემთხვევაში. თანამედროვე მედიცინის განვითარებასთან ერთად, მოცემული შემთხვევა შეიძლება გავრცელდეს სისხლის, კანისა და ძვლის ტვინის დონაციაზეც. დღეს უკვე შესაძლებელია მათი მიღება ორგანიზმიდან, ისე რომ მას ზიანი არ მიადგეს და გარკვეული დროის შემდეგ აღდგეს.
ყოველთვის დაუშვებელია ორგანოს გაყიდვა. არ აქვს მნიშვნელობა მოცემულ ორგანოს შეუძლია თუ არა რეგენერირება. შეუძლებელია ადამიანის ორგანოს დაედოს ფასი, შესაბამისად, ისინი უნდა გაიცნენ მხოლოდ ალტრუისტული მიზნით, რათა სხვების კეთილდღეობა გარანტირებული იყოს. კანტის მიხედვით, არსებას შეიძლება ჰქონდეს ან ფასი, ან ღირსება. ადამიანის ღირებულება კი ყოველგვარ ფასზე მაღლა დგას. მას აქვს ღირსება, მხოლოდ იმიტომ რომ ის არის ადამიანი.
ორგანოების შეზღუდული რაოდენობის არსებობა ქმნის პრობლემას იმის შესახებ, თუ ვის უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი მათი მიღებისას. არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმადაც, ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ქმედებით თავს რისკის ქვეშ იგდებენ, ნაკლები პრიორიტეტი უნდა მიენიჭოთ ორგანოთა განაწილებისას. ამის მიზეზი კი არის ის, რომ საზოგადოებაში მავნე ქცევები, როგორიცაა მოწევა, ალკოჰოლის მოხმარება და ა.შ., უნდა დაიგმოს. დეონტოლოგიური გადმოსახედიდან, მოცემული არგუმენტით ორგანოთა განაწილებისას ამ ადამიანებისთვის ნაკლები პრიორიტეტულობის მინიჭება დაუშვებელია. არ შეიძლება ადამიანებს უარი ეთქვათ ორგანოების მიღებაზე იმ მიზნით, რომ საზოგადოებაში მავნე ჩვევების მქონე პირთა რაოდენობა შემცირდეს. ანალოგიურად, დაუშვებელი იქნება იმ ადამიანებისთვის პრიორიტეტის მინიჭება, რომელთა ცხოვრების წესის პოპულარიზაციაც წარმოადგენს მიზანს. ასევე, არსებობს მოსაზრება, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც თავად განაცხადეს სიცოცხლის განმავლობაში ორგანოთა დონაციაზე თანხმობა, უნდა მიენიჭოთ პრიორიტეტი განაწილებისას, რათა წახალისდეს ორგანოთა დონაცია. ამ შემთხვევაშიც, კონკრეტული მიზნის მისაღწევად ადამიანების გამოყენება დაუშვებელი იქნება.
ჟან-კრისტოფ მერლის აზრით, კანტის მორალური იმპერატივი გარდაცვლილი ადამიანის ორგანოების დონაციას არ ეწინააღმდეგება, თუ გარდაცვლილ ადამიანს წინასწარ ჰქონდა თანხმობა გაცხადებული, რომ სიკვდილის შემთხვევაში მისი ორგანოების გამოყენება დასაშვები იყო. ამ ქმედებით შესაძლებელია სხვა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა, ისე, რომ დონორის არც სიცოცხლე და არც მისი არჩევანი არ იზღუდება. ამ შემთხვევაში დგება დილემა, თუ ვის უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი: ბავშვებს, იმ ადამიანებს, რომლებიც მოცემული ორგანოთი ყველაზე დიდ სარგებელს მიიღებენ, იმათ, ვინც ყველაზე ავად არიან, თუ ვინც ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდა ორგანოთა მიღებას. მოცემულ დილემაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. დეონტოლოგიის იდეის თანახმად, ქმედება არის სწორი ან არასწორი კონკრეტულ მორალურ ვალდებულებებზე დაფუძნებით და არა მისი შედეგით. მშობელს შესაძლოა შვილის მიმართ ჰქონდეს უფრო დიდი ვალდებულება, ვიდრე საზოგადოების სხვა წევრების მიმართ. შესაბამისად, გარდაცვალების შემთხვევაში შეუძლია სწორედ მას მისცეს საკუთარი ორგანოები. ნებისმიერ შემთხვევაში, ამოსავალი წერტილი კატეგორიული იმპერატივი იქნება, რომელიც ქმედების მართებულობას ვალდებულებაზე დაფუძნებით აფასებს და არა მისი შედეგით.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.