თოვაზე ყოველთვის ჩემი ცხოვრების ერთი დღე მახსენდება. აი, ის მე და ორი უცნაური მამაკაცი მატარებლით რომ ვმგზავრობდით. ხომ გაგიგიათ, ჩრდილოეთში დიდი თოვლი იცის და ჩვენც არ გაგვიმართლა, დიდთოვლობის გამო მატარებელს გზის გაკვლევა გაუჭირდა და გაჩერება მოგვიხდა.
კუპეში სამნი ვისხედით. ერთ-ერთ მამაკაცს ინგლისურ ყაიდაზე ეცვა, შავი მანტოს ქვეშ ქათქათა საყელო მოუჩანდა, გამართული ბრიტანული აქცენტით საუბრობდა, მეორეს კი ერთი შეხედვითვე შეამჩნევდით, წმინდა გერმანული სისხლის წარმომადგენელი გახლდათ, გერმანულ სტილზე ეცვა და საუბარზეც ეტყობოდა. ჩვეულებრივ, საყოველთაო საკითხზე მოჰყვნენ ბაასს და მეც ყურადღებით მოვუსმინე.
- წუხელ, ღამით ერთი განსაცვიფრებელი ამბავი მოხდა ჩვენს პატარა ქალაქში, - წამოიწყო ერთ-ერთმა. - ერთ მრავალშვილიან ოჯახში ყაჩაღი შეიჭრა და ოჯახის წევრების სიცოცხლის სანაცვლოდ ქონება მოითხოვა. როდესაც ვერაფერი მიიღო რა, განრისხდა და დედას დაესხა თავს, ის იყო უნდა დაერტყა, რომ ოჯახის უფროსმა თავში რკინის, ბლაგვი იარაღი ჩასცხო და ადგილზე მოკლა. როგორ ფიქრობთ, ბატონო, რა ბედი ელის ამ მამაკაცს?
- როგორ თუ რა ბედი ელის, მეგობარო?! ის ისეთივე მკვლელია, როგორც სხვა დანარჩენები, ვინც შუღლის, შურისძიების, ანგარებისა და სხვა გაუგონარი ამორალური მიზეზებით ადამიანებს კლავენ. განა, მოტივი შეცვლის რაიმეს? ისიც ისევე უნდა დაისაჯოს, როგორც სხვები.
- მაგრამ მან ხომ ამით ქალის სიცოცხლე იხსნა? - შეკამათება ვცადე, რაც გერმანელს უყურადღებოდ არ დაუტოვებია.
- გინდათ თქვათ, რომ ყაჩაღის სიცოცხლეზე მეტად ქალის სიცოცხლე ფასობს?
- არა მხოლოდ ეგ, - მიუგო თეთრსაყელოიანმა, - სასწორზე ერთ მხარეს - ყაჩაღის, ხოლო მეორე მხარეს დედის სიცოცხლე და ბავშვების მომავალია, სხვა სიტყვებით ოთხი ადამიანის კეთილდღეობა. მნიშვნელოვანი, ჩემო მეგობარო, არის შედეგი - რის ხარჯზე, რას მივაღწევთ დიდად მნიშვნელობა არც აქვს.
- თუ მრავალი ადამიანის კეთილდღეობა, ბედნიერება იქნება მიღწევადი, თქვენთვის ჩვეულებრივ მისაღები იქნება ცალკეული ადამიანების დახოცვა?
- მთავარი რაც შეიძლება მეტი ადამიანის სარგებელია..
- თქვენი მსჯელობიდან გამოდის ისიც, რომ - გააწყვეტინა გერმალემა, - უმრავლესობისთვის სასურველი შედეგის მისაღებად მზად ხართ მკვლელობაც კი დააკანონოთ, სხვა სიტყვებით, საყოველთაო პრინციპად აქციოთ. თქვენთვის იმდენად მნიშვნელოვანია შედეგი, რომ გავიწყდებათ მოქმედება. მოქმედება კი ის არის, რომელზეც აგებულია ჩვენი სამყარო, მეგობარო!
შევამჩნიე „კეთილდღეობასა“ და „შედეგზე“ როგორ უელვარებდა თვალები ინგლისელს. აშკარად ბევრი ეფიქრა.
- თუ სიკვდილი იქცევა კანონად, რაღა მნიშვნელობა ექნება სიცოცხლეს?! თუ ტყუილი იქცევა კანონად, რაღა მნიშვნელობა ექნება სიმართლეს?! თუ კი მორალური გულგრილობა იქცევა საყოველთაო ნორმად, რაღა მნიშვნელობა ექნება გულისხმიერებას?! მაშინ ყველამ, როგორც კი განსაცდელში დაიგულებს თავს, მოიტყუოს და დახოცოს სხვები! „დაე, ყალბი პირობა დასდოს ყველამ, თუ ისეთ გაჭირვებას განიცდის, რომ სხვა გზით თავს ვერ უშველის?“ თუკი აღარავის სჯერა ამ პირობების, რა აზრი აქვს მათ მოფიქრებას? მე შესაძლოა, „ჩაუხედავი ვიყო ქვეყნის ბრუნვაში“, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ჩემი გადაწყვეტილება თუ შეუძლებელია იქცეს საყოველთაო პრინციპად,“მაქსიმად“, - იგი უნდა „უკუვაგდო“. არ მოვიტყუო, არ მოვკლა, არ მოვიპარო..
- მაშ, მამა შვილების დასაცავად მკვლელს სათანადოდ ვერ გაუსწორდება? - ვკითხე.
- ვერა, ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, რადგან მკვლელობა საყოველთაო პრინციპად ვერ ივარგებს. - მიპასუხა.
- მაშ, მარტოდ დარჩენილი, დაუცველი ბავშვების კარს თუ მძარცველი მიადგება, ვერ მოაჩვენებენ თავს ისე, თითქოს შინ არავინ არის? - ვკითხე.
- ვერა, ჩემო მეგობარო, ეს ხომ ტყუილია? - მიპასუხა.
- მაშ, მშიერი, უსახლკარო ბავშვიც ვერ მოიპარავს პურს მდიდარი მცხობელისგან? - ვკითხე.
- ვერა, რადგან ქურდობის დაკანონება ჩვენს საზოგადობას მიწასთან გაასწორებს, - მიპასუხა.
- მესაკუთრის საკუთრების უფლება ბევრად მაღალი ღირებულებაა, ვიდრე ცხოველური, შიმშილის დაოკების სურვილი, ამიტომ ამ შემთხვევაში თავადაც უნდა დაგეთანხმოთ, გეთაყვა, - დაგვიდასტურა.
- როგორც ვუკვირდები, თქვენი მსჯელობა აბსოლუტურად უარყოფს აუცილებელი მოგერიების ფენომენს.
- პირიქით, ამის ვალდებულებასაც კი გაკისრებთ!
- გაუგებარია, - დაბნეულმა მივუგე.
ინგლისელს ჩაეცინა.
პასუხის დაბრუნება ვეღარ მოასწრო; მატარებელი თოვლიან გზას გაუყვა და მალევე ჩასვლამაც მომიწია. უცნაური მგზავრობა კი გამოგვივიდა. მას მერე აღარც შევხვედრივარ; ისე დაემთხვა, იმავე მატარებლითაც აღარ მიმგზავრია.
და კიდევ.
ჩრდილოეთში დიდი თოვლიც აღარ მოსულა.
ინსპირაცია: იმანუელ კანტი „ზნეობის მეტაფიზიკის დაფუძნება“
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.