ENG GEO

Search form

სექსუალური ეთიკა - ბუნებითი სამართლის მიხედვით

ბუნებითი სამართლის მიხედვით, რაღაც არის კარგი თუ ის თავის ფუნქციას ასრულებს. მაგალითად, სკამი არის კარგი, თუ მასზე კომფორტულად შესაძლებელია დაჯდომა, დანა - თუ კარგად ჭრის და ა.შ. აქედან გამომდინარე, იმის გასარკვევად, რა შემთხვევაში იქნება სექსუალური აქტი კარგი, საჭიროა იმის დადგენა თუ რა ფუნქციის შესრულებას ემსახურება ის.

თომა აკვინელი აყალიბებს რამდენიმე ძირითადი ქცევის წესს, რომლებიც ნებისმიერი ადამიანისთვის ნებისმიერ შემთხვევაში არის უმთავრესი და შეესაბამება ბუნებით სამართალს. მოცემულ წესთა შორის არის გამრავლება, როგორც სათნოების თვისების მქონე ადამიანის ძირითად ფუნქციათაგან ერთერთი. თომა აკვინელის მიხედვით, ქცევის მორალურ გამართლებას განაპირობებს არა მხოლოდ ის, თუ რასაც გარეგნულად ვაკეთებთ, არამედ შინაგანი განზრახვა, მოტივაცია ქმედების ჩასადენად. ასევე, თუ რაიმე ქმედება არის ბუნებრივი, ანუ თუ აგენტს ეხმარება თავისი ძირითადი ფუნქციის შესრულებაში, მაშინ ის არის მორალურად გამართლებული. შესაბამისად, ბუნებითი სამართლის თეორეტიკოსებისთვის სექსუალურ აქტს გააჩნია ერთადერთი ფუნქცია - გამრავლება.

აქედან გამომდინარე, სექსუალური აქტი არის კარგი თუ ის შეეთავსება გამრავლების ფუნქციას და ცუდი, თუ ის ამ შედეგის დადგომას შეუძლებელს ხდის. ბუნებითი სამართლის მიხედვით, არ აქვს მნიშვნელობა კულტურას თუ რელიგიას, რადგან ობიექტურად შესაძლებელია დადგინდეს სექსუალური აქტი მორალურად გამართლებულია თუ არა, სწორედ ამ კრიტერიუმის მიხედვით.

ყველა ქმედება, რომელიც ბუნებრივი შედეგის დადგომას არ იწვევს, არ არის მორალურად გაუმართლებელი. არსებობს უამრავი ქმედება, რომელიც ბუნებრივი ფუნქციის განხორციელებას არ ემსახურება, თუმცა ისინი შეუძლებელია მორალურად გაუმართლებლად ჩაითვალოს. მაგალითად, თუ ადამიანი ხშირად დადის ხელებზე ან საკვებს იღებს ინექციის სახით. ამ შემთხვევებში ხელები და პირი თავიანთი ფუნქციის შესრულებას არ ემსახურებიან, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მოცემული ქმედებები მორალურად გაუმართლებელია. ბუნებითი სამართლის თეორეტიკოსების მიხედვით, მოცემულ შემთხვევებში მართალია, ხელები და პირი თავიანთ ფუნქციას არ ასრულებენ, თუმცა ეს ვერ ჩაითვლება ბუნებრივი შედეგის დადგომის ხელის შეშლად. თუ ადამიანი სამუდამოდ უარს იტყოდა საკუთარი ფუნქციის შესრულების შესაძლებლობის მქონე ფეხებისა და პირის გამოყენებაზე, მხოლოდ მაშინ ჩაითვლებოდა, რომ შედეგი ვერ დადგება, შესაბამისად, ამ ორგანოების ბუნებრივი ფუნქცია ვერ მიიღწა.

არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება რაღაცის არასწორ გამოყენებასა და მის გამოუყენებლობას შორის. ბუნებითი სამართლის მიხედვით, თუ დანას ვიოლინოს ხემის ფუნქციის შესასრულებლად გამოვიყენებთ, ეს იქნება მისი ფუნქციის არასწორი შესრულება. მაგრამ თუ დანას უბრალოდ უჯრაში ჩავდებთ, მოცემული ქცევა არ იქნება ბუნებრივი შედეგის დადგომის წინააღმდეგ მიმართული. აქედან გამომდინარე, სექსუალური ქცევის განუხორციელებლობა ბუნებითი სამართლის თეორეტიკოსებისთვის მორალურად მისაღებია.

ბუნებითი სამართლის მიხედვით, აქტი მორალურად გაუმართლებელი იქნება მაშინ, როდესაც ქმედების მიზანი არის ის, რომ შედეგი არ დადგეს. თუმცა განსხვავებულია შემთხვევა, როდესაც არსებობს ცოდნა იმისა, რომ შედეგი არ დადგება, თუმცა ქმედებას მაინც ვახორციელებთ. ეს მორალურად გაუმართლებელი არ იქნება. აქედან გამომდინარე, სექსუალური აქტი ორსულ ქალთან, ბუნებრივი სამართლის მიხედვით, მორალურად გაუმართლებელი არ არის.
ასევე, ბუნებითი სამართალი არ ამტკიცებს, რომ ყველაფერი არაბუნებრივი არის არასწორი. ამ დებულებიდან გამომდინარე, შესაძლოა გვეთქვა, რომ ნებისმიერი წამლის გამოყენება დაუშვებელი იქნებოდა. შესაბამისად, სხვადასხვა სექსუალურად მასტიმულირებელი საშუალებების გამოყენება მორალურად გაუმართლებელი არ იქნება.

ბუნებითი სამართალი ნებისმიერ შემთხვევაში მორალურად გაუმართლებლად მიიჩნევს ჰომოსექსუალურ ქცევასა და კონტრაცეპტივების გამოყენებას, რადგან მოცემულ შემთხვევაში ადამიანები ახორციელებენ ქმედებას იმ განზრახვით, რომ მისი ბუნებრივი შედეგი არ დადგეს. ყველა სექსუალური აქტი, რომელთა შედეგიც არ არის რეპროდუქცია, მორალურად გაუმართლებლად არ ჩაითვლება. თუმცა იმგვარი სექსუალური ქცევა, რომელიც თავისი ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელს ხდის ბუნებრივი შედეგის, რეპროდუქციის, დადგომას, იქნება მორალურად გაუმართლებელი.

თომა აკვინელის მიხედვით, რეპროდუქცია არის ბუნებრივი მოვლენა, ამიტომ ის არის მორალურად გამართლებული. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სექსუალური კავშირი, რომელსაც არ გააჩნია რეპროდუქციის მიზნის მიღწევის პოტენციური შესაძლებლობა, არის მორალურად გაუმართლებელი. ბუნებითი სამართალი არ ამტკიცებს, რომ ყოველთვის ყველა სექსუალური აქტი ორსულობით უნდა დამთავრდეს (რადგან ხშირ შემთხვევაში ეს შეუძლებელია). თუმცა თუ თავიდანვე არ არსებობს პოტენციალი, რომ შედეგი რეპროდუქცია იქნება, მაშინ მოცემული ქმედება მორალურად გაუმართლებელი იქნება.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.