ქალბატონმა უილსონმა ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა, რომ მას საშვილოსნოსგარე ორსულობა ჰქონდა - ამ დროს განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ხვდება საშვილოსნოს გარეთ, ძირითადად ერთ-ერთ ფალოპის (საშვილოსნოს) მილში. ფალოპის მილები საშვილოსნოს აერთებს საკვერცხეებთან, თუ კვერცხუჯრედი გაიჭედება ამ მილში, ის არ განვითარდება და თუ ორსულობა გაგრძელდება შეიძლება ორსული ქალის ჯანმრთელობას შეუქმნას საფრთხე. მისმა ექიმმა მკურნალობისთვის კათოლიკურ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა და დანიშნა სალპინგექტომია (ქირურგიული პროცედურა, რომლის დროსაც ხდება ქალის საშვილოსნოს მილის მოშორება). თუმცა, ქირურგის ექთანი, რომელიც ეთიკაში ძალიან განსწავლულია, საავადმყოფოს კათოლიკური იდენტურობის გათვალისწინებით, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ პროცედურის დასაშვებობას. იმის შიშით, რომ კათოლიკური ეკლესია ამ პროცედურას პირდაპირ აბორტად მიიჩნევდა, მედდამ ბიოეთიკის კომიტეტს დაურეკა, რათა გამოეკვლია, უნდა ჩაეტარებინა თუ არა ექიმს სალპინგექტომია. როგორ ფიქრობთ, რას უპასუხებდა ბიოეთიკის კომიტეტი ექთანს? სწორედ ამის გასარკვევად უნდა განვიხილოთ ორმაგი ეფექტის პრინციპი.
ორმაგი ეფექტის პრინციპი მორალურად გამართლებულად მიიჩნევს ქმედებას, რომელსაც ორგვარი შედეგი მოსდევს, დადებითი და უარყოფითი. ქმედება მორალურად გამართლებულად ჩაითვლება, თუ დადებითი შედეგის სახით დაცული სიკეთე აღემატება უარყოფითი შედეგის სახით დამდგარ ზიანს. თუმცა ამ დოქტრინის გამოსაყენებლად ქმედება უნდა აკმაყოფილებდეს 4 წინაპირობას:
1. თავად ქმედება უნდა იყოს მორალურად კარგი ან ნეიტრალური.
2. ცუდი ეფექტი არ უნდა იყოს საშუალება, რომლითაც ადამიანი მიაღწევს კარგ ეფექტს
3. მიზანი უნდა იყოს მხოლოდ კარგი ეფექტის მიღწევა, ცუდი ეფექტი კი მხოლოდ არასასურველი გვერდითი მოვლენაა
4. კარგი ეფექტი უნდა იყოს მინიმუმ ექვივალენტური ცუდი ეფექტისა; პროპორციული მიზეზი უნდა არსებობდეს ცუდი ეფექტის გასამართლებლად.
განვიხილოთ თუ რამდენად შეესაბამება ქალბატონის უილსონის შემთხვევა ზემოთ მოცემულ 4 პირობას. პირველ რიგში, უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან სალპინგოსტომია და სალპინგექტომია. სალპინგოსტომია "პირდაპირ" უტევს განვითარებად ემბრიონს, ამიტომ ის არ აკმაყოფილებს პირველ პირობას - ეს არის პირდაპირი აბორტი, რომელიც ვერ ჩაითვლება მორალურ ქმედებად. ქირურგი, რომელიც ახორციელებს სალპინგექტომიას, ხსნის პათოლოგიურ ქსოვილს (საშვილოსნოს მილის), თავად ეს ქმედება არანაირ მორალურ პრინციპებს არ ეწინააღმდეგება, ამიტომაც აკმაყოფილებს ორმაგი ეფექტის პრინციპის პირველ პირობას. ემბრიონის სიკვდილი არ იწვევს თავისთავად კარგ შედეგს - დედის სიცოცხლის შენარჩუნებას; პათოლოგიური ქსოვილის მოცილება იწვევს კარგ ეფექტს - ანუ სრულდება მეორე პირობაც. აგენტის (ექიმი ან დედა, რომელიც თანხმობას აცხადებს პროცედურაზე) მიზანი არ არის ემბრიონის სიკვდილი, მისი ერთადერთი მიზანი ქალის განკურნებაა, თუმცა გააზრებული აქვს, რომ ამ ქმედებას მოჰყვება ნაყოფის სიკვდილი (ანუ ამ შემთხვევაში ნაყოფის სიკვდილი არის პროცედურის გვერდითი მოვლენა)- ამრიგად სრულდება მესამე პირობაც. ბოლო პირობა კი მდგომარეობს შემდეგში: გადაწონის თუ არა კარგი ეფექტი (დედის სიცოცხლის შენარჩუნება) ცუდ ეფექტს (ემბრიონის სიკვდილს). ამ პირობას უფრო დაწვრილებით უნდა შევეხოთ.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პროპორციული მიზეზი ორმაგი ეფექტის პრინციპის მეოთხე პირობის საფუძველია. როგორ ხდება იმის დადგენა, გადაწონის თუ არა კარგი ეფექტი ცუდ ეფექტს? ამ კითხვის ფორმულირება თითქოს დაუყოვნებლივ პრობლემურია. პროპორციული მიზეზის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკა არის მისი მათემატიკური დატვირთვა: როგორ შეიძლება კარგმა ეფექტმა გადააჭარბოს ცუდ ეფექტს, განსაკუთრებით ისეთ გადაწყვეტილებებში, სადაც ცუდი ეფექტი ხშირად სიკვდილია? უნდა აღვნიშნოთ, რომ პროპორციული მიზანი არ უნდა გავიგოთ წმინდა მათემატიკური თვალსაზრისით, არამედ უნდა გავიგოთ, როგორც ბალანსი ღირებულებებსა და ნეგატივებს შორის, იმის დადგენისას, არის თუ არა საშუალება (მოქმედება) პროპორციული დანიშნულების ან მიზნისა. ქალბატონ უილსონის შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ სალპინგექტომია მეოთხე პირობას აკმაყოფილებს, რადგან კარგი ეფექტი (მისი სიცოცხლის შენარჩუნება) აჭარბებს ცუდ ეფექტს (ნაყოფის სიკვდილი). ვინაიდან საშუალება (პათოლოგიური ქსოვილის მოცილება) არაპირდაპირი გზით წყვეტს ემბრიონის ადრეულ სიცოცხლეს, ამგვარი საშუალებები პროპორციულია “დასასრულისა”, “დანიშნულებისა”; არ არსებობს წინააღმდეგობა საშუალებებსა და მიზანს შორის. ამ შემთხვევაში არ არსებობს სხვა ალტერნატივა, რითაც შესაძლებელი იქნება ნაყოფის გადარჩენა, რადგან ყველა ვარიანტში ნაყოფის გაზრდის შემთხვევაში ან დედა დაიღუპება ან თავად ნაყოფი, ამიტომ დედის სიცოცხლე გადაწონის ნაყოფის სიცოცხლის.
აქედან გამომდინარე, ცხადია თუ რა პასუხი ექნებოდა ეთიკის კომიტეტს ექთნის კითხვაზე, შეუძლია თუ არა ექიმს ჩაატაროს სალპინგექტომია.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.