ENG GEO

Search form

ბუნებითი სამართალი და უსამართლობის ცნება

არისტოტელეს მოსაზრებები შორეულ წარსულში ყალიბდებოდა, თუმცა დღევანდელ რეალობაშიც არ კარგავს მნიშვნელობას. სანამ იგი უშუალოდ ეთიკასა და სამართლიანობაზე დაიწყებს საუბარს, განიხილავს ადამიანს, მის დანიშნულებას, არსს და მიზანს. არისტოტელეს თქმით, იმისათვის რომ უშუალოდ ადამიანის არსი გაირკვეს, საჭიროა რაიმე თავისებურების, რაიმე სპეციფიკის დადგენა. მისი დაკვირვებით, ვინაიდან ადამიანს გააჩნია განსჯისა და აზროვნების უნარი, სწორედ ამ თვისებებს მიიჩნევს მახასიათებლად და განმასხვავებლად. ამ აზრს მოჰყვება დაკვირვება ადამიანის ბუნებაზე და ბუნებითი სამართლის ჩანასახები ჩნდება. ეს სისტემა მთლიანად ეფუძნება არა უშუალოდ რომელიმე სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ნორმებსა და კანონებს, არამედ ბუნებითად ადამიანის თანდაყოლილ ღირებულებებს.

არისტოტელე განასხვავებს პოლიტიკურ სამართალს და აღნიშნავს, რომ მისგან განსხვავებით შესაძლოა ბუნებითი სამართალი არ აღიაროს საზოგადოებამ, თუმცა ეს მის არსებობას ხელს არ უშლის. რაც ადამიანის თანდაყოლილი ბუნებიდან მოდის, ერთსა და უცვლელს წარმოადგენს, თუმცა უშუალოდ სამართალი და მისი განსაზღვრება შეიძლება გამუდმებით იცვლებოდეს დროსა და სივრცეში. გასაგებია, რომ არსებობს ბუნებითი სამართალი, მაგრამ როგორ ხდება მისი გამოვლინება და ჩამოყალიბება ყოველდღიურ ცხოვრებაში?

არისტოტელე არ უარყოფს იმას, რომ ბუნებითი სამართალი, სახესხვაობას წარმოადგენს პოლიტიკური სამართლის. ხალხი ქმნის მცირედი მასშტაბის დეტალურ კანონებს, რომლებიც შესაძლოა ერთ კონკრეტულ საკითხზე მეტად წვრილმანდებოდეს, თუმცა ამ დეტალური კანონების გარდა, საჭიროა საერთო, ისეთი კანონის არსებობაც, რომელიც შესაბამისად თანაარსებობს ბუნებასთან. 

საერთო განმტკიცებულ კანონს ყველგან ერთნაირი ძალა აქვს, ხოლო ადამიანში არსებული ბუნებრივი კანონი სრულიად ცვალებადია. ამიტომ ჩნდება კითხვა: როგორ უნდა დაემორჩილოს ყოველი ინდივიდი ერთ საერთო კანონს და რამდენად სამართლიანია ასეთი მიდგომა? 

არისტოტელეს თქმით, სამართლიანობა დადგენილი ხელშეკრულებისა და სარგებლობის საფუძველზე, საზომს ემსგავსება. ლოგიკურია რომ რაიმე ძალიან უმნიშვნელოც, ერთი და იგივე ღირებულების ვერ იქნება ორი სხვადასხვა ინდივიდისათვის. ამოსავალ წერტილს, ამ პრობლემაში ის წარმოადგენს, რომ კანონი უნდა იყოს წარმოდგენილი ზოგადი ხასიათით და უნდა გამომდინარეობდეს საერთო საჭიროებებიდან, ანუ მორგებული უნდა იყოს კონკრეტულ დროსა და სივრცეს. 

არისტოტელე ამბობს, რომ სამართალსა და კანონს შორის ისეთივე მიმართებაა, როგორც რაიმე ზოგადსა და კერძოში. ის გულისხმობს, რომ მოქმედება მრავალი სახისა არსებობს, ხოლო კანონი ზოგადია და შემდეგ ერგება რაიმე დაწესებული შემდეგ მომხდარს. 

ერთმანეთისკან მკვეთრად გამიჯნავს უსამართლობის ცნებას და უშალოდ უსამართლობის ჩამდენს, ისევე როგორც სამართლიანობის ცნებასა და სამართლიან მოქმედებას. არისტოტელე იყენებს ისეთივე თეორიას, როგორიც არის - არ არსებობს დანაშაული ბრალის გარეშე. ვინაიდან ამბობს, რომ ჩადენამდე დანაშაულს არ აქვს ადგილი და მოქმედება მაშინ ხდება სამართლის საწინააღმდეგო, როდესაც ჩამდენს ბრალი მიუძღვის. საინტერესოა მისი მოსაზრება იმის შესახებ, თუ რა განსხვავებაა სამართლიანობის ცნებასა და სამართლიან ქმედებას შორის. 

პირველ რიგში, არისტოტელე მეტად აშკარა დაკვირვებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ ნებისმიერი აქტი, იქნება ეს სამართლიანი თუ უსამართლო მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნეს ჩადენილი, როდესაც სუბიექტი ნებაყოფლობით მოქმედებს. შესაბამისად, ასე გამიჯნავს, რომ უსამართლო ქმედება შესაძლოა ჩადენილი იყოს, მაგრამ თუ კი პირი თავისი ნებით არ მოქმედებდა, ამას შემთხვევით მოხდენილ უსამართლობას უწოდებს. რაც შეეხება უშალოდ უსამართლობას, მოიაზრებს რომ ამ შემთხვევაში პირს აუცილებლად გააზრებული უნდა ჰქონდეს მისი საქციელი და ნებაყოფლობით ახორიცელებდეს შესაბამისი შედეგის მისაღწევად. არანებაყოფლობით საქციელს არ განიხილავს, ვინაიდან პირს ცოდნა არ გააჩნია ამ საკითხზე და ვერც მოსალოდნელი შედეგი ექნებოდა დაშვებული.

როდესაც ადამიანი უსამართლობას ჩადის, მთლიანად ნებაყოფლობითია მისი ქმედება თუ არა? არისტოტელე სვამს მსგავს მრავალ კითხვას, თუმცა კონკრეტულ პასუხს სადავოდ ტოვებს, ვინაიდან სამართლიანობაცა და უსამართლობაც, ერთმანეთის მსგავსად, შესაძლებელია იყოს ნებაყოფლობითიცა და არანებაყოფლობითიც, სწორედ ამ დასკვნის გამო კი ძნელია გაიმიჯნოს ზემოთ მოხსენიებული ცნებები. 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.