ENG GEO

Search form

კონტრაცეპტივები და ბუნებითი სამართალი

ამ თემასთან დაკავშირებით, თუ როგორ არღვევს კონტრაცეფცია ბუნებით სამართალს არსებობს განსხვავებული, ზოგჯერ ურთიერთსაწინააღმდეგო თეორიები, რომლებსაც კათოლიკე მეცნიერები განიხილავენ. მათი განსხვავებების შეფასება ნამდვილად შორს წაგვიყვანს, თუმცა საბოლოო აზრი მაინც იგივე რჩება თითოეული მათგანისთვის.

ამ პატარა ბლოგისთვის საკმარისია ითქვას, რომ კონტრაცეფცია არღვევს ბუნებით კანონს, რადგან ის არღვევს სექსუალური კავშირის რეალურ, ბუნებრივ მიზანს, ანუ ახალი სიცოცხლის გაჩენას. ანუ, კონტრაცეფცია ანტი-სიცოცხლეა, რადგან ის მომავალ შვილს განიხილავს როგორც არასასურველს, და იმდენად არასასურველს, რომ საჭირო ხდება მისი ჩასახვის ნებისმიერი ალბათობის გაქრობა, განადგურება. კარგად ფუნქციონირებადი ბიოლოგიური პროცესი განიხილება, როგორც ობიექტური მიზნის ხარჯზე სუბიექტური სიამოვნებისკენ სწრაფვის საშიშროება.

ბუნებითი სამართლის მიმოხილვის ერთ-ერთი ცნობილი გზა, ჭამის მიზანზე საუბარია. ცხადია, ეს არის კვება. პირი, კბილები, ენა, საყლაპავი, კუჭი და საჭმლის მომნელებელი სისტემის დანარჩენი ნაწილი მოიცავს იმ ორგანოებსა და გადის იმ პროცესებს, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობის საფუძველია და უზრუნველყოფს ორანიზმის ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციის განხორციელებას. სწორად შერჩეული საკვებით შესაძლებელია შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა, შევამციროთ და თავიდან ავიცილოთ ქრონიკული დაავადებების რისკი, გამოვიყურებოდეთ მიმზიდველად. თუმცა საჭმელი, ამ ყველაფრის გარდა, გემრიელიც არის (აჯაფსანდალის გარდა), საკმაოდ სასიამოვნოა ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ან თუნდაც შეყვარებულთან სადილი. თუმცა, ფაქტია რომ მაშინაც კი, თუ საჭმელს საშინელი გემო აქვს, გადარჩენისთვის მაინც მივირთმევდით მას, ანუ, რეალურად, ვიმოქმედებდით ბუნებითი კანონის შესაბამისად. ალბათ ხვდებით, საითკენაც მიყავთ ეს იმათ, ვინც ამ ყოველივეს ეთანხმება. ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები მათთვის იგივეა, რაც ჭამის მერე ძალით ღებინება, ანუ ჭამის საბოლოო მიზნის განადგურება.

ისევე როგორც ადამიანის სიცოცხლე არის წმინდა და ხელშეუხებელი, ანალოგიურად ახალი სიცოცხლის გაჩენის საშუალებებიც გარკვეულწილად წმინდა და ხელშეუხებელია. აქედან გამომდინარე, როდესაც თვალი შეიქმნა რაღაცის დასანახად, ყური შეიქმნა რაღაცის გასაგონად, ხოლო გონება სააზროვნოდ, სექსიც შეიქმნა რაღაცისთვის - ახალი სიცოცხლის გასაჩენად და წყვილის უფრო გაღრმავებული, სიყვარულით სავსე ერტიანობისთვის. ხოლო, მთელი კონტრაცეპტული საწარმო ამას უარყოფს, რამდენადაც ის ერევა ბუნებრივ მოვლენებში.

თუმცა, ვფიქრობ რომ ამით ყველაფერი არ მთავრდება.

შეიძლება თუ არა კონტრაცეფტივების გამოყენება არა-კონტრაცეფტივების მიზნით? მიუხედავად იმისა, რომ ახალი სიცოცხლის განზრახ განადგურების არგუმენტი საკმაოდ საფუძვლიანად ჩანს იმათთვის ვინც ამას ეთანხმება, ჩემი აზრით, ამ არგუმენტებით არ ამოწურულა კონტრაცეფციის საბოლოო მორალი.

პირველი ასეთი შემთხვევა, საკმაოდ მარტივად მისახვედრია. როდესაც კონტრაცეფტივების გამოყენების საჭიროება დგება სხვადასხვა დაავადებების პრევენციის მიზნით.

განვიხილოთ მეორე ქეისი - როდესაც მდედრობითი სქესის ადამიანი კონტრაცეპტივებს იყენებს გაუპატიურების შემთხვევაში, ანუ, განვიხილოთ შემთხვევა როდესაც ქალბატონის პირდაპირი განზრახვა, ანუ ჩასახვისთვის ხელის შეშლა, სულ სხვა მიზეზებთანაა დაკავშირებული. არანებაყოფლობითი აქტისას ჩასახულმა ბავშვმა შესაძლოა მის და დედის შემდგომ ცხოვრებას ძალიან დიდი დაღი დაასვას და შესაბამისად, როგორც წესი ქალები ცდილობენ, რომ „ძალადობის ნაყოფი“ მოიცილონ იმისთვის, რომ ყოველგვარი მოგონება ამ შემთხვევაზე და სტრესი ამოშალონ ცხოვრებიდან.

და მესამე ქეისი, ჩემი აზრით პირველი შემთხვევისნაირად საკმაოდ პრიმიტიულია, როდესაც შეიძლება ადამიანს სულაც არ უნდოდეს ბავშვის მოშორება, თუმცა სხვა გზა არ აქვს, სხვადასხვა მიზეზებისდა გამო და ეს მიზეზები შეიძლება იყოს ჯანმრთელობის ან ფინანსური პრობლემები.

საბოლოოდ, ვფიქრობ, შეუძლებელია რაღაცის ასე მკაცრად და ხაზგასმით იმის თქმა, რომ რაღაც ამორალურია, ყოველთვის საჭიროა ჩაღრმავება და დაფიქრება თითოეულ ქეისსა და შემთხვევაზე.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.