ENG GEO

Search form

Aquinas precepts of basic goods

ბუნებითი სამართლის თეორია, რომელზეც თომა აკვინელმა საკუთარი დოქტრინა დააფუძნა, მოიცავს ცნებებს იმ ძირითადი სიკეთეების შესახებ, რომლებიც ვრცელდება ღმერთის მიერ შექმნილ არსებებზე.
ბუნებითი სამართლის თეორიის მთავარ კითხვაზე, არის თუ არა ბუნებითი სამართალი ადამიანებში, აკვინელი პასუხობს, რომ ღმერთის, როგორც უმაღლესი ღირებულების მქონე მარადიული კანონმდებლის მიერ შექმნილ ყველა ქმნილებაში არის ჩაბეჭდილი კანონები, რომლებიც ღმერთმა სამყაროს ორგანიზებული ფუნქციონირებისთვის შექმნა. თუმცა, ბუნებითი სამართლის მინიჭებული უფლებები ღმერთის მიერ შექმნილ ყველა არსებაზე არ ვრცელდება და კითხვაზე-რატომ, პასუხი აკვინელის ძირითად მცნებებში უნდა ვეძიოთ.

ძირითადი სიკეთეებია: სიცოცხლე, რეპროდუქცია, შთამომავლობის შემეცნება, ღმერთის ძიება, საზოგადოებაში ცხოვრების მოთხოვნილება და საზოგადოებიდან გარიყვის შიში.
პირველი , რაც ყველა ცოცხალ არსებას უნდა, არის სიცოცხლის შენარჩუნება, შესაბამისად აკვინელის მცნებების სიაში პირველი ადგილი უკავია. სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ღმერთმა ყველა ცოცხალ არსებას ჩაუნერგა თვითგადარაჩენის ინსტინქტი, რომელიც მოქმედებს ცხოველებშიც და ადამიანებშიც.
სიცოცხლის შენარჩუნების შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ყველა ცოცხალ არსებას იმთავითვე ბუნებრივად ახასიათებს არის ახალი სიცოცხლის წარმოქმნის უნარი, რეპროდუქცია, რომელიც ასევე საერთო ინსტინქტია ცხოველისთვისაც და ადამიანისთვისაც.
ნაშიერის შემეცნების საჭიროება გამომდინარეობს პირველი და მეორე მცნებებიდან, რომლებიც ემსახურება შექმნილი სიცოცხლის შენარჩუნებას და შემდეგი თაობის ცოცხლად მიყვანას იქამდე, სანამ თავადაც შეძლებენ რეპროდუქციას.
საკუთარ სახეობაში ცხოვრების და საზოგადოების ნაწილად ყოფნის აუცილებლობა, რომელსაც თან ახლავს ამ საზოგადოებიდან გარიყვის შიში, ახასიათებს ღმერთის მიერ შექმნილ სოციალურ არსებას. ადამიანი ამ მცნების მოქმედების სფეროშიც არ არის მარტო, რადგან რამდენადაც ცალსახაა რომ ადამიანი სოციალური არსებაა, ღმერთის ქმნილებებში მოიძებნებიან სხვა სოციალური არსბებიც, მაგალითად მაიმუნების რამდენიმე სახეობა და მღრღნელები.
გამოდის, რომ მხოლოდ ღმერთის ძიებაა ის, რაც შეიძლება მხოლოდ ადამიანს ახასიათებდეს. შესაბამისად, ღმერთის ძიების უნარს უნდა დავუკავშიროთ პასუხი დასაწყისში დასმულ კითხვაზე. პასუხამდე მისასვლელად დავსვათ მეორე კითხვა- რა აახლოვებს ადამიანს ღმერთთან, რაც სხვა ცოცხალ არსებებს არ ახასიათებთ?
ეს უნარი აძლევს ადამიანს საშუალებას ეძებოს მიზეზი ღმერთის არსებობაში, მიზეზის ძიება კი მხოლოდ რაციონალურ არსებას შეუძლია. პასუხი რაციონალურობაშია. ადამიანის რაციონალური ბუნებაა ის ელემენტი, რომელიც საშუალებას აძლევს მიიღოს ღმერთის მიერ იმთავითვე მინიჭებული უფლებები.

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.