ჯერ კიდევ როდის თქვა მაკიაველმა, რომ მიზანი ამართლებდა საშუალებას... მიუხედავად მისი მოღვაწეობის მოტივისა - გაეერთიანებინა და აეღორძინებინა თავისი სამშობლო იტალია - იგი ამ წადილისა და მისწრაფების მართებულობას თავისი ღირებულებებით აფასებდა... ფაქტობრივად, ქვეყნის აღორძინებაში წვლილის შეტანა მისი პირადი სუბიექტური კეთილდღეობის შემადგენელი ნაწილი იყო, და არა ობიექტურობაზე დაფუძნებული კეთილდღეობისა, რა ობიექტურობასაც განსაზღვრავს ხალხი, ანუ უმრავლესობა.
მაკიაველისნაირ პიროვნებებსა და მოაზროვნეებს ვერ ჩავთვლით უტილიტარიზმის ჭეშმარიტ მიმდევრად, ვინაიდან თავად მაკიაველი იბრძოდა და იღვწოდა იმისათვის, რაც თავად მიაჩნდა სწორად და საკეთილდღეოდ, ნაცვლად იმისა, რომ გაეთვალისწინებინა ზოგადი მოცემულობის, საზოგადოების, აზრი და დამოკიდებულება კეთილდღეობისა თუ ბედნიერების მიმართ და ემოქმედა მათი, ესე იგი, აბსოლუტური უმრავლესი ნაწილის ცხოვრების კეთილმოსაწყობად, ისე, როგორც თავად ამ უმრავლესობას მიაჩნდა, თუ რა არის სიკეთე და კეთილმოწყობა.
ნამდვილი “ფილოსოფოსი” მშობელი, რომელიც ერთგულად ეთანხმება უტილიტარულ კონსეკვენციალიზმს, არ დაუშლის პატარა ბავშვს, უჭკუო და გამოუცდელ შვილს, რომ შეჭამოს უამრავი ტკბილეული, მიუხედავად იმისა, რომ მშობელმა იცის, ბევრი ტკბილეულის ჭამა ბავშვს მუცელს ატკენს და მის საჭმლის მომნელებელ სისტემაზე უარყოფითად იმოქმედებს. ნაცვლად ამისა - ვინაიდან ამგვარი მშობლისათვის ფიზიკური ჯანმრთელობა უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რომ ბავშვმა ბედნიერად იგრძნოს თავი - იგი ნებაზე მიუშვებს შვილს (ესე იგი, ხელს შეუწყობს კეთილდღეობის შექმნას მისი ოჯახის წევრისათვის), რათა მიიღოს იმდენი ტკბილეული, რამდენიც სურს, და ისიამოვნოს ამით.
მოცემულ შემთხვევაში - როდესაც საქმე გვაქვს ამ ფილოსოფიური შეხედულების მეტაფიზიკურ ხედვასთან - შედეგი როდი წარმოადგენს ბავშვის ფიზიკური სიჯანსაღის დაზარალებას, არამედ ნამდვილი შედეგი, რომელიც ყოველივე ხელშესახებზე მაღლა დგას, მდგომარეობს იმაში, რომ ბავშვმა შინაგანად თუ ემოციურად ისიამოვნა და დატკბა, ანუ მიიღო სიკეთე.
მარტივად რომ ვთქვათ, ობიექტური უტილიტარული კონსეკვენციალიზმის მომხრე საკუთარ კეთილდღეობასაც კი გადადებს გვერდზე იმ შემთხვევაშიც კი, თუკი იგი უმცირესობაში აღმოჩნდება. მაგალითისათვის, ნიკოლო მაკიაველი ჯერ გაიგებდა, თუ რას მიიჩნევს იტალიელი ხალხი კეთილდღეობად და ბენიერებად, და მერე ამისდა მიხედვით დაიწყებდა მოღვაწეობას პოლიტიკურ ასპარეზზე. თუნდაც ამ მოღვაწეობას მისი აზრით უარყოფითი შედეგი მოჰყოლოდა, მთავარი ისაა, რომ იგი იბრძოდა თავისი ქვეყნის მოსახლეობის აზრითა და დამოკიდებულებით ხელმძღვანელობით, და სწორედ ეს უკანასკნელი პროცესი გახლავთ შედეგი; სწორედ ეს საშუალება წარმოადგენს ნამდვილ უტილიტარულ შედეგს და არა თვალსახილველი შედეგი, მატერიალურად რომაა გამოხატული და მოცემული. ...საშუალება, რომელიც ითვალისწინებს უმრავლესობის დამოკიდებულებას, მიუხედავად უკანასკნელის მართებულობისა თუ მცდარობისა (რა მცდარობა-მართებულობაც, რასაკვირველია, პირადი აზრის ნაყოფია).
დღესდღეობით აქტუალურ და ფრიად ყურადსაღებ მოვლენას რომ შევეხოთ და გავაანალიზოთ უტილიტარული კონსეკვენციალიზმის ჭრილში, დაფუძნებული რომაა ღირებულებით შედეგზე - რა უკანასკნელიც შესაძლოა, წარმოგვიდგეს აბსტრაქტული და მეტაფიზიკური სახით - მოვიხმობ მსოფლიო პანდემიას და მისაგან გამოწვეულ ვაქცინაციის პროცესს: თუკი მიღებულია, რომ ვაქცინის გაკეთებით ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე ასე თუ ისე არ დაემუქრება (სწორედ ესაა ვაქცინის იდეაც), მაშინ სახელმწიფო მთავრობამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ საკუთარი მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი იყოს ხსენებული ვაქცინა. ერთი შეხედვით, ეს უნდა იყოს სწორედ ის შედეგი, რომელიც ფაქტობრივად ყველა ადამიანისათვის სიკეთის მომტანი იქნება; თუმცაღა შეიძლება ითქვას, რომ მოცემული შედეგი აუცილებლად სიკეთის მომტანი არ გახლავთ (რასაც უნდა ემსახურებოდეს უტილიტარიზმი), არამედ სასიკეთო შედეგს მივიღებთ მაშინ, როდესაც სახელმწიფო ორგანო დაეკითხება მოსახლეობას, სურს თუ არა ამ უკანასკნელს ვაქცინის შემოტანა ქვეყანაში და საყოველთა აცრის მიღება. შესაძლოა, ეს გამოკითხვა დაემთხვეს პირველ ხსენებულ შედეგს, თუმცა აქცენტი და მოტივი მართლაც განსხვავებულია… მაგრამ თუკი მოსახლეობა უარს განაცხადებს ვაქცინის მიღებაზე მისი არასანდოობის გამო, მაშინ - თუნდაც არ ეთანხმებოდეს ამ აზრს არც მთავრობა, არც სამედიცინო პერსონალი და არც მეცნიერები, ერთი სიტყვით, ამ საკითხში კომპეტენტური საზოგადოება - უტილიტარული კონსეკვენციალისტური ფილოსოფია მოითხოვს, აღსრულდეს მოთხოვნა ერისა და ნება ხალხისა, ეს უკანასკნელი ჯანმრთელობის გაუარესების გამო სრულიად რომ განადგურდეს მაინც; ვინაიდან აბსტრაქტული და ხელშეუხებელი ფსიქო-სულიერი კეთილდღეობის შედეგი - რომელსაც მართლაც მოაქვს ბედნიერება ხალხისთვის - გადასწონის უარყოფით ფიზიკურ შედეგს, რომელიც შესაძლოა, საერთოდაც არ აღიქმებოდეს უმრავლესობის მხრიდან ტრაგედიად და უბედურებად.
მაშასადამე, ინდივიდი - რომელიც საკუთარი განსჯით უპირისპირდება უმრავლესობის დამოკიდებულებას ბედნიერებისა და კეთილდღეობის მიმართ - შესაძლოა, სხვა დანარჩენი ღირებულებით ან ბუნებითი სურვილით ეწინააღმდეგებოდეს მოცემულ ვითარებას, მაგრამ მისი ნება, ეს იდეურ-ფილოსოფიური ნებელობა, უბიძგებს იმისაკენ, რომ უმრავლესობის კეთილმოწყობას ემსახუროს (რაც არ დაიყვანება ფიზიკურ შედეგებსა და გავლენებამდე) და რომ დათმოს საკუთარი ბუნებითი მდგომარეობა, ინსტინქტები (თუნდაც თვითგადარჩენისა, ვაქცინის მიღებას რომ მოითხოვს) თუ სურვილები, თუნდაც მის სასარგებლოდ არ წარიმართოს გარემო-ვითარებები, მაგრამ სასარგებლო იყოს უმრავლესობისათვის, რა ყოველივეც მისათვის მისაღებია და უფრო აღმატებული, ვიდრე საკუთარი წადილი და პირადი დამოკიდებულება. პრაქტიკულად და ფაქტობრივად, საკუთარი წადილის დათრგუნვა იდეის გამო პირველზე უფრო დიდი და ძლიერი წადილია.
ასე და ამგვარად, დღეს ჭეშმარიტი უტილიტარული კონსეკვენციალიზმის მომხრე - რომელიც უპირატესობას ანიჭებს საბოლოო შედეგს (თუნდაც მეტაფიზიკურსა და არამატერიალურს) და არა ხელშესახებსა თუ გარეგნულად დამაზიანებელს - თავს გადადებდა საკუთარი იდეისათვის, ანუ უმრავლესობის სიკეთისათვის, და - თუკი ხსენებული უმრავლესობა ეწინააღმდეგება ქვეყანაში ვაქცინაციას - თავადაც მხარს დაუჭერდა გაბატონებულ მოსაზრებასა და დამოკიდებულებას კეთილდღეობის შესახებ და უარს განაცხადებდა იმაზე, რომ სახელმწიფოს საკუთარი მოქალაქეებისათვის შემოეტანა ვაქცინა და დაწყებულიყო საყოველთაო აცრის პროცესი.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.