ENG GEO

Search form

ინდივიდი, როგორც საზოგადოების მთლიანობის განმსაზღვრელი ნაწილი, თუ საზოგადოება, როგორც უთვალავ ინდივიდთა ჯამი

კონსეკვენციალიზმის ერთ-ერთი ფორმის, უტილიტარიზმის, ხედვით, საყოველთაოდ აღიარებული მორალიც პირობითი, არამდგრადია, ამ მოძღვრების შესაბამისად, კარგი და ცუდი განისაზღვრება არა რელიგიური ან საზოგადოდ გავრცელებული შეხედულებების მიხედვით დეტერმინიზებულად, არამედ შედეგით, თუ ეს უკანასკნელი დანახარჯებთან შედარებით საზოგადოებისთვის სარგებლის მომტანია, გამართლებულია ამორალური ქმედებაც, როგორი რადიკალური ხასიათიც არ უნდა ჰქონდეს მას. საინტერესოა, რა პოზიციას იკავებს ეს მოძღვრება მაშინ, როდესაც ინდივიდის უფლებები, კეთილდღეობა საზოგადოების სარგებელთან იკვეთება? ვინაიდან უტილიტარიზმი ძირითადად სოციუმის ბედნიერებაზე, კმაყოფილებაზეა  ორიენტირებული, საზოგადოების კეთილდღეობა კი ხშირად დიდად აჭარბებს უმცირესობათა დანაკარგებს, შეგვიძლია თუ არა შევზღუდოთ ინდივიდთა უფლებები და თან სოციუმიც დავარწმუნოთ ამის საჭიროებაში?

 უკეთ აღქმისთვის, წარდმოიდგინეთ, ერთი მარტივი მაგალითი, რომელსაც შემდგომში განვაზოგადებთ: მთავრობამ გადაწყვიტა ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე მაგისტრალის აშენება, რომელიც ერთი-ასად გაადვილებდა  მი-მოსვლას, აღმოფხვრიდა საცობების პრობლემას, რაც, მართლაც, დიდ სარგებელს მოუტანდა მოსახლეობას,  თუმცა,  გასათვალისწინებელია ისიც, რომ  იდეის ორგანიზატორებს სიკეთეების სანაცვლოდ მოუწევდათ ქალაქის რაღაც მონაკვეთზე  კერძო საკუთრებაში არსებული რამდენიმე სახლის დანგრევა. რა უნდა გააკეთოს მთავრობამ თუ შენობის მფლობელი უარს ამბობს კერძო საკუთრების დათმობაზე, განმარტავს, რომ სახლი მისთვის გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ საცხოვრებელი და არ აპირებს კომპენსაციისა თუ რაიმე სხვა სიკეთეების სანაცვლოდ მის დათმობას?

 Eminent domain-ისა და, შემდეგში, თავისმხრივ, უტილიტარიზმის მიმდევრები გიპასუხებენ, რომ ასეთ დროს მფლობელს ძალდატანებით უნდა ჩამოართვან საკუთრება, ვინაიდან ეს მოხმარდება „საერთო სიკეთეს“, გაწეული დანახარჯი მკვეთრად კონცენტრირებულია, შედეგები აზარალებს ძალიან მცირე ნაწილს, მიღებული სარგებელი კი გაფანტულია (მაგისტრალზე მოძრაობა შეუძლია ნებისმიერს), შესაბამისად, ეს უკანასკნელი დიდად აჭარბებს კომპრომისებს. მორალსაც ხშირად ამ გადაწყვეტილებამდე მივყავართ, პატარა ასაკიდან გვარწმუნებენ, რომ ცხოვრებაში არც თუ ისე იაშვიათად მოგვიწევს ეგოიზმის, საკუთარი სურვილებისა და ოცნებების დათმობა უფრო მასშტაბური ბედნიერების მოსაპოვებლად, უფრო მეტი ადამიანის გასაბედნიერებლად. თუმცა, პირადად მე არ მგონია ეს თეორია გამართლებული, საზოგადოება არაფერია სხვა, თუ არა კრებული ინდივიდთან, რომელთაგან რიგითი და უმნიშვნელო არავინ არ არის, ცალკეულ პიროვნებათა უკმაყოფილება საბოლოოდ მაინც საზოგადოების უკმყოფილებისკენ მიისწრაფვის. ზემოაღნიშნულ მფლობელს არაფერი დაუშავებია, მას სრული უფლება აქვს, არ დათმოს საკუთრება. თუ ჩვენ ასე  შეველევით პიროვნულ თავისუფლებას, შევლახავთ ადამიანთა უფლებებს, ხვალ მაგისტრალის მსგავსად, ნაკლებფუნდამენტური მოთხოვნები წამოიჭრება, დღევანდელი გადაწყვეტილების  შედეგით აღფრთოვანებული თქვენ, შესაძლოა ხვალ თავად გახდეთ დაზარალებული. მართალია, განხილული შემთხვევისას სარგებელი დიდი გვქონდა, მაგრამ ამას თან ახლდა დანაკარგიც, არ აშენებისას კი  საზოგადოება პირდაპირ არაფერს კარგავს, უბრუნდება ოცნებამდელ საზღვრებს, აგრძელებს ცხოვრებას ისე, როგორც აქამდე ცხოვრობდა, დანახარჯი ამ დროს მხოლოდ ალტერნატიულია. ჩრდილოატლანტიკური კავშირის კოლექტიური უსაფრთხოების დაცვის ქმედითუნარიანობა განისაზღვრება იმით, რომ ალიანსის წევრ ერთ ქვეყანაზე თავდასხმა განიხილება, როგორც მთლიანად ალიანსზე თავდასხმად. ნატოც, „მაგისტრალის იდეის ორგანიზატორებივით“, გადაწყვეტილების მიღებისას მოსალოდნელი შედეგის მაქსიმალურ სარგებლიანობაზე რომ ფიქრობდეს, მას არ მოუნდებოდა ერთი რომელიმე ქვეყნის დასაცავად მთლიანად ალიანსის სამხედრო რესურსების გაფლანგვა, ორიენტირებული იქნებოდა არა წევრების დამხარებაზე, არამედ ორგანიზაციის მატერიალურ ძალაუფლებაზე, არ ეცდებოდა, ერთი ქვეყნის კონფლიქტში ჩარევას და, შედეგად, ვერც ასეთი გავლენიანი, სახსრიანი იქნებოდა. უფრო შორეული პერსპექტივით, არ დახმარების შემთხვევაში ნელ-ნელა დაკარგავდა სხვადასხვა სახელმწიფოებს, თავისთავადობას  და, საბოლოოდ, თავადაც განადგურდებოდა.

   ჭურჭელს თუ, ბზარი გაუჩნდა (თუდნაც პატარა ადგილას) შესაძლოა, მალე დესტრუქციულმა რღვევამ მთლიანად დაამტვრიოს.  ამ ასპექტით უტილიტარიზმისა და ლიბერალიზმის, საზოგადოების ინტერესებისა და ინდივიდის თავისუფლების კვეთისას, ვფიქრობ,  პრიორიტეტი კერძო ავტონომიის პრინციპს, ინდივიდზე ორიენტირებულ  ხედვებს ენიჭება.

   

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.