ENG GEO

Search form

რომელია უკეთესი- უკმაყოფილო სოკრატე თუ კმაყოფილი ღორი

ჯერემი ბენთემის აზრით, უტილიტარიზმი ემყარება იდეას, რომელიც ამბობს, რომ საზოგადოების სიკეთისა თუ სიავის მთავარი საზომი  არის ის თუ რამდენად უწყობს თითოეული ცალკეული ქმედება საერთო „სიკეთის“, ბედნიერების ზრდას. სათაურში გაჟღერებული სიტყვების ავტორი, ჯონ სტიუარტ მილი კი შორდება ბენთემის იდეებს და ავითარებს უტილიტარისტული ეთიკის იდეებს  ოდნავ განსხვავებული პრინციპით.  იგი  მის ესეში : ”What Utilitarianism Is” ამბობს, რომ „ უმჯობესია იყო უკმაყოფილო ადამიანი, ვიდრე კმაყოფილი ღორი; უმჯობესია იყო უკმაყოფილო სოკრატე, ვიდრე კმაყოფილი რეგვენი“. როგორც უტილიტარისტს, მილს სჯეროდა რომ ადამიანების მიზანი ბედნიერებაა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ამბობს, რომ ბედნიერება არ ნიშნავს ჰედონისტურ სიამოვნებას. მისთვის ბედნიერება ნიშნავს ინტელექტუალურ და სულიერ საქმიანობებს.  ჯონ სტუარტ მილის აზრით, ყველა სიამოვნება თანაბარი არ არის.  არსებობს „უკეთესი“ და „უარესი“ სიამოვნებები. ზოგი უფრო მნიშვნელოვანი და ღირებულია. მისთვის ადამიანად ყოფნა არ ნიშნავს მხოლოდ ჰედონისტური სიამოვნებისთვის ყოფნას.  ჭეშმარიტი სიამოვნება მილისთვის ფილოსოფიის წიგნის კითხვაა და არა სუშის ჭამა. პოეზიის კითხვა და არა ბურგერ ბარში წასვლა.  მილის სურვილი იყო, რომ გამოერჩია უმაღლესი, ინტელექტუალური სიამოვნება, რომელიც მეტად ნაყოფიერია და აქვს პოტენციალი რომ უფრო მეტ ადამიანს მოჰგვაროს სიამოვნება და მეტად დიდ ხნიანია უფრო დაბალი, ჰედონისტური სიამოვნებისგან, რომელიც ხანმოკლე და წარმავალია.  რომ დავუბრუნდეთ უკეთეს და უარეს სიამოვნებებს, ცხადია, სიამოვნების აღქმა სუბიექტურია და არ არსებობს რაიმე, რაც ყველა ადამიანში ერთნაირ განცდას აღძრავს. მილის მთავარი არგუმენტი კი ისაა, რომ ინტელექტუალური სიამოვნების მიღება ბევრად აღემატება სენსორული შეგრძნებებით განცდილ სიამოვნებას. ამრიგად, როდესაც მილი ამბობს, რომ უნდა იყოს უკმაყოფილო სოკრატე, ის გულისხმობს, რომ ურჩევნია იყოს ბრძენი, განათლებული, ინტელექტუალური და იყოს იმ მომენტში დაუკმაყოფილი, თუმცა მომავალში მეტად ხანგრძლივი, შინაარსიანი ბედნიერების პოტენციალით.   

გარდა ამისა, ვფიქრობ ,მილი გულისხმობს, რომ უმჯობესია იყო ჭკვიანი, იმიტომ რომ, მისი აზრით, ადამიანს გონებრივი და რაციონალური შესაძლებლობების განვითარებით შეუძლია ბედნიერების ყველაზე მაღალი მწვერვალის მიღწევა.  ცხოვრებაში რამეს რომ მიაღწიო, აუცილებელია ტვირთი საკუთარ თავზე აიღო. ისინი, ვინც თესლს თესავენ, იღებენ კიდეც მოსავალს.  უბრალოდ წოლით, ლოდინით და ოცნებით ვერ მიაღწევ მისაღწევს. ცოტახნიანი შრომა და ტანჯვა კი ღირს გრძელვადიანი ბედნიერებისთვის.

თუმცა კი ღირს მართლა?  ვფიქრობ, რომ ჯობია იყო კმაყოფილი იმით, ვინც ხარ და არ გაფლანგო ცხოვრება იმის სურვილით, რომ სხვანაირი იყო. არც ყველა ფილოსოფია არის ერთნაირი ღირებულების, ისევე როგორც ყველა საჭმელს არ აქვს ერთნაირი კვებითი ღირებულება. ვინ ითვლის რომელია უდიდესი ბედნიერება, ან რომელია უფრო მნიშვნელოვანი. შეუძლებელია განსაზღვრო ადამიანისთვის ინდივიდუალური ბედნიერება რა ხარისხშია. ანუ არ შეგვიძლია ადამიანის ინდივიდუალური ბედნიერებისშეფასება. ვიღაცას შეიძლება აბედნიერებდეს ნაყინის ჭამა და საერთოდ არ გვრიდეს ბედნიერებას არისტოტელეს კითხვა  და პირიქით.  თუ იმ კუთხით ვიფიქრებთ, რომ  არისტოტელეს წაკითხვის შემდეგ განათლდები და მეტია შანსი რომ ხანგრძლივად და ინტელექტუალურად იყო ბედნიერი, ეს მაინც არ არის წინაპირობა, რომ  შეიძლება ამ განათლებით რამე უკეთესი შექმნა. მაგრამ შეიძლება, რომ ნაყინი შეჭამო და ამ დროს რაღაც ისეთი იდეა მოგივიდეს, რომლითად შეიძლება მაქსიმალური ბედნიერება მოუტანო შენთავსაც და საზოგადოებასაც. ღორებიც შეიძლება იყვნენ ჭკვიანები, უბრალოდ არასდროს არ გვისწვლებია მათთვის. 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.