ENG GEO

Search form

კონსეკვენციალიზმი

კონსეკვენციალიზმი

კონსეკვენციალიზმი ეთიკური თეორიაა, რომლის მიხედვითაც მოქმედების სისწორესა და მის სარგებლიანობას მოქმედების შედეგი განსაზღვრავს. თუ შედეგი სარგებლიანობის მომტანია, გამოდის, რომ თავად მოქმედებაც, რომელმაც ამ შედეგამდე მიგვიყვანა, სწორი ყოფილა.

თუმცა, რამდენად არის შესაძლებელი კონკრეტულ მოქმედებათა შედეგების წინასწარ განსაზღვრა? რამდენად არის შესაძლებელი ვიმოქმედოთ იმ მიმართულებით, რომელიც დადებითი შედეგს გამოიღებს და კონკრეტული მოქმედების სისწორეს დაგვიდასტურებს?

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა სწორედ შედეგების განუსაზღვრელობაში მდგომარეობს. რეალურ ცხოვრებაში წარმოუდგენელია ყოველი მოქმედების დაწყებისას მოქმედების შედეგები წინასწარ განჭვრიტო და მათგან ყველაზე ოპტიმალური ამოარჩიო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დრო ცოტაა, სიტუაცია კი კრიტიკული. რის მიხედვით გავაკეთებდით არჩევანს, მაშინ, როდესაც საავადმყოფოში ერთი თავისუფალი ადგილია, მოსაცდელში კი ორი ერთნაირად მძიმე პაციენტი გვიცდის? შეუძლებელია განისაზღვროს გადაწყვეტილების მიღების უნივერსალური კრიტერიუმი, რომელიც წინასწარ დაგვარწმუნებდა ჩვენი მოქმედების შედეგის სარგებლიანობაში. შესაძლოა, გადაწყვეტილების მიღებისას გადამწყვეტი პაციენტთა ასაკი აღმოჩნდეს და უპირატესობა უფრო ახალგაზარდას მიენიჭოს, ან სულაც პაციენტის ოჯახური მდგომარეობა გაითვალისწინონ და გადაარჩინონ ის, ვისაც, პირობითად, სახლში მცირეწლოვანი შვილები ელიან. მოქმედების კონკრეტული სქემის მიყოლა შესაძლებელია სარგებლიანად მიჩნეულ იქნეს ადამიანთა ერთი ჯგუფისთვის, მეორე ჯგუფისთვის კი აბსოლუტურად მიუღებელი აღმოჩნდეს. მოცემული მაგალითის შემთხვევაში, გადარჩენილი პაციენტის ოჯახის წევრები კმაყოფილები დარჩებიან და ექიმების მოქმედების შედეგს სარგებლიანად შეაფასებენ, რასაც ვერ ვიტყვით დაღუპული პაციენტის ახლობლებზე. კონსეკვენციალიზმის თანახმად, შედეგი განსაზღვრავს მოქმედებას. როგორ შეიძლება განისაზღვროს მოქმედება მაშინ, როდესაც მას მხოლოდ ერთი შედეგი არ მოაქვს?

თითოეული ადამიანი განსხვავებულად აზროვნებს, განსხვავებული სქემის მიხედვით მსჯელობს და მოქმედების შედეგსაც განსხვავებული სქემით წინასწარმეტყველებს. ის, რაც სამართლიანი, მორალური და სარგებლიანია ერთი კონკრეტული ადამიანისათვის, შესაძლოა, მეორესათვის მიუღებელი აღმოჩნდეს. მიღებული შედეგისგან სიამოვნებისა და ბედნიერების განცდაც აბსოლუტურად სუბიექტურია. მაგალითად, ადამიანებს, რომელთა ხელფასიც მხოლოდ ყოველდღიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას წვდება, უღირთ ლატარიებში მონაწილეობის მიღება და მათთვის მოგებული 1000 დოლარიც კი ბედნიერების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს მაშინ, როდესაც, პირობითად, ბილ გეითსისთვის მოგებული 1000 დოლარი დიდი მნიშვნელობის მატარებელი არ იქნება. გამოდის, რომ მოქმედების სარგებლიანობას ყოველ მოცემულ შემთხვევაში ყოველი პიროვნება დამოუკიდებლად განსაზღვრავს. არ არსებობს მოქმედების სარგებლიანობის აღქმის საშუალო კოეფიციენტი, რომელიც ყველა ადამიანს ერთანირად დააკმაყოფილებდა. შესაბამისად, ის, რასაც კონსეკვენციალიზმი ,,ქადაგებს“ თავისი არსით პარადოქსულია - იმ შემთხვევაში თუ მოქმედების მორალურობას, მოქმედების შედეგი განსაზღვრავს, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ, რაც მორალურად და ღირებულად არის მიჩნეული უმრავლესობისათვის, შესაძლოა უმცირესობისათვის ღირებული საერთოდ არ აღმოჩნდეს და პირიქით.

აღნიშნული განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდება დევიაციის, დევიანტური ქცევის განხილვისას. დევიანტური ქცევა ეწინააღმდეგება საზოგადოებაში აღიარებულ, დამკვიდრებულ წესებს, თუმცა ეს ქცევაც, როგორც ყოველი სხვა მოქმედება, მოქმედი პირის მიერ კონკრეტული მიზნის მიღწევის საფუძვლეზე ხორციელდება. პირობითად, მოტაცების დრომოჭმული ტრადიცია, მოტაცების აქტი გამტაცებლისთვის ,,აღმატებულ’’ მიზანს - სიყვარულს, დაქორწინების სურვილს ემსახურება და მისთვის ეს ქმედება სარგებლიანი შედეგის მომტანია. აღნიშნული ,,მიზანი” არ ცვლის ქმედების კვალიფიკაციას და სიხლის სამართლის დანაშაულია. ხშირ შემთხვევაში გატაცებული ქალები გაუპატიურების მსხვერპლნი ხდებიან. უგულვებელყოფილია გატაცებულთა ნება, რაც, რა თქმა უნდა, მიუღებელი და ამორალურია.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ კონსეკვენციალიზმზე, როგორც ეთიკურ თეორიაზე საუბრისას, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის, რომ საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენს ყოველი მოქმედების ყოველი მოსალოდნელი შედეგის განსაზღვრა. აღნიშნული, მხოლოდ მარტივი, ნაკლებად კომპლექსური სიტუაციების დროსაა შესაძლებელი. ამასთან, რთულია სუბიექტურობისაგან თავის დაღწევა. შეუძლებელია იარსებოს საზომმა, რომელიც თითოეულ ადამიანს განუსაზღვრავს იმას, თუ რამდენად სამართლიანი და მორალურია კონკრეტული არჩევანის გაკეთება და ამასთან ვისთვის იქნება მოქმედების შედეგი სარგებლიანი გარდა მოქმედი პირისა.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.