ENG GEO

Search form

ხდება თუ არა უტილიტარიზმის გამოყენება ხელისუფლების პირადი მიზნების მიღწევის მიზნით?

„ყველა სახელმწიფოში სამართლიანობად ერთი და იგივე რამაა მიჩნეული, სახელდობრ ის, რაც არსებული ხელისუფლებისათვის ხელსაყრელია. ხელისუფლება კი ძალაა. ასე რომ, თუ მართებულად განვსჯით, სამართლიანობა ყველგან ერთი და იგივეა: ის, რაც ხელსაყრელია ყველაზე ძლიერისათვის.“ - ამ აზრს ავითარებს „სახელმწიფოს“ პირველ წიგნში თრასიმაქე. რამდენად შეესაბამება აღნიშნული მსჯელობა რეალობას? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად განვიხილოთ კონსეკვენციალისტური მიდგომა მორალთან დაკავშირებით. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით დიდი აქტუალობით სარგებლობს სოციალურ და პოლიტიკურ ფილოსოფიაში, როცა საქმე გვაქვს საჯარო მოხელეებთან და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან.

პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება უნდა ხდებოდეს რაციონალური მსჯელობის საფუძველზე, პიროვნული შეხედულებებისა და სენტიმენტების გვერდზე გადადებით. ხელისუფალის ზრუნვის ობიექტს წარმოადგენს არა კონკრეტული პირი, არამედ მთლიანი მოსახლეობა. მისი მიზანია, სარგებლიანობის მაქსიმალიზაცია ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ინტერესების ჰარმონიზაციის საფუძველზე. სწორედ ამ პრინციპებს ემყარება უტილიტარიზმის იდეაც. იგი, თავისი არსიდან გამომდინარე, საზოგადოებრივ სიკეთეს წარმოადგენს, რადგან მასების კეთილდღეობას უზრუნველყოფს. ამ უკანასკნელზე დაყრდნობით, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ხელისუფალი საერთო კეთილდღეობას მიელტვის, რაც ერთგვარი პასუხია ზემოთ დასმულ შეკითხვაზე. თუმცა, აქ ჩნდება ახალი შეკითხვა. არის თუ არა ეს ნებისმიერი ხელისუფალის მიზანი, თუ რიგ შემთხვევებში ხდება მხოლოდ უტილიტარიზმის იდეით სპეკულირება და რეალურად ეს უკანაკნელი კონკრეტული სუბიექტის ინტერესების გატარებას ემსახურება.

ამ საკითხთან დაკავშირებით, სტიუარტ ჰემფშირი განიხილავს მოსაზრებას, რომ უტილიტარიზმთან ასოცირებული მორალური საფუძვლები კაცობრიობის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად იქცა. ხანგრძლივ პერსპექტივაში მოსალოდნელ სარგებელზე აქცენტირებით ხდება სისხლისმღვრელი ომების გამართლება. ჰემფშირს ამის მაგალითად მოჰყავს მე-20 საუკუნეში ვიეტნამში მიმდინარე მოვლენები. თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ნორმებით, ერთმანეთისგან განასხვავებენ სამართლიან (მართლზომიერ), ასეთებია, მაგ. ინდივიდუალური თავდაცვა აგრესიის წინააღმდეგ, ომი კოლონიზატორთა წინააღმდეგ, თვითგამორკვევის უფლების განხორციელებისთვის, და უსამართლო (არამართლზომიერ) ომებს, მაგ. აგრესია, კოლონიური ომები. ამგვარი დაყოფის ძირითად საფუძველს წარმოადგენს, როგორც ადამიანის, ისე სახელმწიფოს უფლებები, რაც მოიაზრებს სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და ერთა თვითგამორკვევის პრინციპებს. განვიხილოთ ომი უტილიტარიზმის ჭრილში. ამ კუთხით იგი გამართლებული გამოდის იმ შემთხვევაში, როდესაც მისგან მიღებული საერთო სარგებელი გადაწონის კაცობრიობისათვის მიყენებულ ზარალს და წარმოადგენს საუკეთესო ალტერნატივას არსებულიდან. სამართლიანი (მართლზომიერი) ომის შემთხვევაში, სახელმწიფოს აქვს უფლება მოითხოვოს თავისი მოქალაქეებისგან სამხედრო სამსახური, თუმცა ეს უკანასკნელი შესაძლოა არ წარმოადგენდეს ინდივიდის არჩევანს. ზოგ შემთხვევაში, იგი სურვილის საწინააღმდეგოდ, იძულებულია დაემორჩილოს კანონს. რა ხდება მაშინ, როცა პროტესტი მასშტაბურ სახეს იღებს და მოსახლეობის დიდი ნაწილი უარს ამბობს ხელისუფლების მიერ წამოწყებულ ომში მონაწილეობის მიღებაზე? იქნება თუ არა მთავრობა ამ შემთხვევაში მზად კომპრომისზე წასასვლელად? აქ ერთმანეთს უპირისპირდება ორი არგუმენტი, მთავრობის მტკიცება ომის გრძელვადიან პერსპექტივაში მოსალოდნელ დადებით შედეგებზე (ეკონომიკური თუ პოლიტიკური სარგებელი) და მოსახლეობის პროტესტი, რაც ეფუძნება ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. რამდენად წარმოადგენს ომი ამ შემთხვევაში საზოგადოებისთვის სასიკეთო ქმედებას და რამდენად არის იგი უმრავლესობის არჩევანი? ცხადია, სოკრატეს პასუხი თრასიმაქეს შეკითხვაზე, იმასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება შეცდეს ხელისუფალი იმაში თუ რა არის მისთვის სასარგებლო, მოსახლეობაზეც შეგვიძლია შემოვატრიალოთ. შესაძლოა იგი ვერ ხვდებოდეს რა არის მისთვის კარგი, მაგრამ სწორედ აქ ჩნდება ავტორიტარიზმის საშიშროებაც. ამიტომაც მიიჩნევს ჰემფშირი უტილიტარისტულ ფილოსოფიას სახიფათოდ. იგი შესაძლებლობას იძლევა მანიპულაციისა. ვინ წყვეტს რა არის კაცობრიობის მომავლისთვის სასარგებლო და წარმოადგენს თუ არა მისი არჩევანი ყოველთვის საზოგადოებრივ სიკეთეს?

თუკი ჩვენ განვიხილავთ იდეალური ხელისუფალის იდეას, ამ შემთხვევაში ზემოთ მოყვანილი მსჯელობა გამართლებულია. მისი მიზანი პირადი ინტერესების გვერდით გადადებით, ან საუკეთესო შემთხვევაში, მათთან თანხვედრაში, ნამდვილად წარმოადგენს სარგებლიანობის მაქსიმიზაციას. თუმცა იმის მტკიცება, რომ ყველა ხელისუფალი იდეალურია, ან საერთოდ არსებობს ამგვარი, რა თქმა უნდა, აზრს მოკლებულია. შესაბამისად, ხშირად ნამდვილად ხდება უტილიტარიზმის იდეით მანიპულირება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა თავად იდეაშია, არამედ, მის პრაქტიკაში განხორციელებასთან დაკავშირებით ვხვდებით სირთულეებს.

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.