ENG GEO

Search form

პიტერ სინგერი პოზიტიური მოვალეობის შესახებ

არ მახსენდება დღე, რომელსაც ცუდი ამბის გაგების გარეშე ჩაევლოს. რა არის თქვენი რეაქცია, როდესაც იგებთ რომ ოკეანის მეორე მხარეს უბედურ შემთხვევას რამდენიმე ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა? ან სოციალური ქსელის თვალიერებისას გადააწყდებით სამწუხარო, ზოგჯერ ძალიან მძიმედაც წასაკითხ ინფორმაციას? დარმწუნებული ვარ, რომ გულგრილს არ გტოვებთ, თუმცა რამდენ ხანს გაგყვებათ შეშფოთება და მწუხარება იმის შესახებ, რაც თქვენგან ძალიან შორს მოხდა ან ახლაც მიმდინარეობს? შესაძლოა რამდენიმე საათი ან დღეც კი. ისიც შესაძლებელია, რომ მხოლოდ ერთი ამოხვნეშით შემოიფარგლოთ. როგორ ფიქრობთ რატომ? პიტერ სინგერი გიპასუხებდათ, რომ ამის მიზეზი თქვენსა და მომხდარ ამბავს შორის არსებული დისტანციაა. თქვენ არ შეგეძლოთ ამ უბედურების თავიდან აცილება, ამიტომ ნაკლებად განიცდით მომხდარს.  ფაქტი, რომ თქვენსა და სამწუხარო მოვლენას შორის მრავალ კილომეტრიანი დაშორებაა, განაპირობებს იმას, რომ მორალური განცდა იკლებს.

პიტერ სინგერი აყალიბებს პრინციპს პოზიტიური მოვალეობის შესახებ. ის ფიქრობს, რომ თუ ადამიანს შეუძლია თავიდან აირიდოს რაიმე ცუდი, ისე რომ სანაცვლოდ არ უწევდეს მორალურად უფრო ცუდის მსხვერპლად გაღება, მაშინ ის ვალდებულია, რომ აიცილოს მოსალოდნელი შედეგი. ანუ კარგის კეთებას, ჯობია ცუდი ავირიდოთ, ოღონდ ისე, რომ ჩვენი მსხვერპლი მასზე დიდი არ იყოს. ერთადერთი რა საფრთხეც გვემუქრება ის არის, რომ ჩვენი მცდელობა შესაძლოა კრახით დასრულდეს და მაშინ ვიგრძნოთ შედეგისგან გამოწვეული სრული მწუხარება, რომელიც ჩვენი ცხოვრების მანძილზე არ დაგვავიწყდება. ერთი შეხედვით, ეს პრინციპი არ არის აცდენილი ჭეშმარიტებას, თითქოს მორალურადაც გამართლებული უნდა იყოს, თუმცა კერძო მაგალითების განხილვის საფუძველზე ვხვდებით, რომ შესაძლოა დავდგეთ ისეთი დილემის წინაშე, როდესაც ეს პრინციპი სწორ არჩევანს არ გაგვაკეთებინებს და შესაძლოა ზიანის მომტანიც იყოს.

წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომ მისეირნობთ ქუჩაში. შენიშნეთ, რომ ქუჩის ბოლოს მოხდა ავარია, ადამიანი სისხლისგან იცლება და მისი გადარჩენა მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ. თქვენთვის უკვე ცნობილია სინგერის პრინციპი, ამიტომ მის დასახმარებლად მიდიხართ, რადგან თქვენთვის გაწეული მსხვერპლი ამ ადამიანის გადასარჩენად, მხოლოდ რამდენიმე ზედმეტი კილომეტრის გარბენა თუ იქნება, ადამიანის სიკვდილი კი მასზე გაცილებით ცუდი შედეგის მომტანია. თქვენ მორალურად ვლდებული ხართ, რომ ადამიანი გადაარჩინოთ, რადგან ამის შესაძლებლობა გაქვთ, დაინახეთ და ახლა გვერდის ავლა ამორალურ ადამიანად გაქცევთ. ამ სიტუაციაში ნათელია, რომ პიტერ სინგერის პრინციპი სრული ჭეშმარიტებაა და შეიძლება ვიფიქროთ, რომ მთელი კაცობრიობა სწორედ ამ იდეით უნდა ცხოვრობდეს. თუმცა ვცადოთ წარმოდგენილი სიტუაციის გართულება და განვრცობა.

თქვენ მირბიხართ, რათა ადამიანი სისხლსიგან დაცლას გადაარჩინოთ, თუმცა სანამ ქუჩის ბოლომდე მიხვედით, დაინახეთ, რომ სახლი იწვის, ამ სახლიდან კი ისმის ადამიანის ხმა, რომელიც შველას ითხოვს. მაშინ რას მოიმოქმედებდით? თქვენ დგებით დილემის წინაშე, თუ ვინ გადაარჩინოთ. გააგრძელებთ სირბილს და გადაარჩენთ ადამიანს, რომელიც ავარიის მსხვერპლია, რადგან ის პირველი შენიშნეთ? მაგრამ ცეცხლმოკიდებულ სახლში გამომწყვდეული ადამიანის სიცოცხლეც ხომ უკვე თქვენს ხელშია. მისთვის გვერდის ავლა ხომ მაინც ცუდ ადამიანად გაქცევთ. იქნებ გირჩევნიათ, რომ ცეცხლმოკიდებულ სახლში შევარდეთ, რადგან ის უფრო ახლოსაა.  ვინ დაადგენს რომელია სწორი არჩევანი, რომლის სიცოცხლის გადარჩენა უფრო მეტადაა მორალურად გამართლებული? სამწუხარო პასუხია, რომ ვერავინ. ასეთ სიტუაციში მოგვიწევს სხვა, უფრო პრაქტიკული პრინციპებით სარგებლობა და მათი მიხედვით გადაწყვეტილების მიღება.

არ არსებობს პრინციპი, რომელიც სრულყოფილად მოერგება ყველა სიტუაციას, ყველა შემთხვევას, რადგან ჩვენთვის არ არის ცხადი შედეგი, ადამიანს კი არ შეუძლია რაიმეს სრულყოფილად პროგნოზირება, ყველაფრის ზუსტად გათვლა და ყოველთვის სწორი გადაწყვეტილებების მიღება. შესაძლოა რაღაც მოვლეონა ჩვენთან ძალიან ახლოს იყოს, გვქონდეს მისი თავიდან აცილების საშუალება, თუმცა ეს მაინც ვერ მოვახერხოთ. თუმცა ეს არ გვხდის ნაკლებად მორალურებს. 

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.