ENG GEO

Search form

უკიდურესი და შეზღუდული უტილიტარიზმი

ჩვენ, ადამიანები, ცხოვრების განმავლობაში არაერთ სირთულეს ვაწყდებით. გამუდმებით ვექცევით სიტუაციებში, სადაც დილემის წინაშე აღმოჩენილებმა სწორი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. მთავარ სირთულე კი იმაში მდგომარეობს, რომ გავარკვიოთ: მაინც რას ნიშნავს სწორი, რა იქნებოდა მართებული გამოსავალი? ზოგისთვის სწორი არჩევანის გაკეთება მორალური წესების მკაცრად დაცვას გულისხმობს, ზოგისთვის კი მართებულობა, მორალური წესებიდან გადახვევის საფუძველზე, მხოლოდ სასიკეთო შედეგზე ორიენტაციით განისაზღვრება. ცხადია, მნიშვნელოვანია ისიც რა სახის ღირებულებების მატარებელია დილემის წინაშე აღმოჩენილი ადამიანი და რა სუბიექტური წინააღმდეგობების გადალახვაზეა წამსვლელი სწორი გზის მისაგნებად. ერთ-ერთი თეორია, რომელიც ამგვარი დილემების გადაჭრის გზებს გვთავაზობს არის უტილიტარიზმი.

უტილიტარიზმი, როგორც თეორია ეფუძნება ცუდის კარგისაგან გარჩევის იდეას, იმის მიხედვით, თუ რამდენად სასიკეთო შედეგის მომტანი იქნება კონკრეტული ქმედება ადამიანთა უმრავლესობისთვის, რამდენად აღემატება მიღებული სიკეთე ქმედებით გამოწვეულ ტკივილს. სწორედ შედეგზე ორიენტირება არის უტილიტარიზმის და საზოგადოდ კონსეკვენციალიზმის მთავარი მახასიათებელი. ამ თეორიის განხილვას, კვლევასა თუ კრიტიკას მიეძღვნა არაერთი ფილოსოფოსის ნაშრომი. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკუთვნის ჯეკ სმარტს, რომელშიც იგი განიხილავს უკიდურეს და შეზღუდულ უტილიტარიზმს და თითოეულის კონცეფციის არგუმენტირებული დაპირსპირების საფუძველზე აყალიბებს მეტად საინტერესო მსჯელობას.

უკიდურესი უტილიტარიზმი გამოირჩევა იმით, რომ მისთვის მნიშვნელოვანია არა ზოგადად სოციუმის, არამედ, კონკრეტული ინდივიდის ქცევა. ცხადია, სხვების მსგავსად ამ თეორიაშიც აღიარებულია კონკრეტული ემპირიული წესების არსებობა, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ უკიდურეს უტილიტარიზმში მათი დარღვევა გამართლებულად მიიჩნევა. თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ზოგადი ქცევის წესების დარღვევით მიღებული სარგებელი, წესების დაცვით მიღებულ სარგებელზე მეტია. მაგალითად, ავიღოთ უბრალო ყოველდღიური წესი, როგორიცაა დაპირების შესრულება ან საიდუმლოს შენახვა. ამ თეორიის საფუძველზე თუ ჩვენ ვიცით რომ დაპირების არ შესრულებით და საიდუმლოს გამჟღავნებით მიღებული შედეგის სარგებელი გარდაემეტება იმ ტკივილის, რომელსაც ეს ქმედება სხვებს მიაყენებს, ან თუ ამ ორი წესის დარღვევით მიღებული შედეგი ფასდება უფრო მაღალი სარგებლიანობით ვიდრე მისი დაცვის შედეგი, მაშინ ჩვენ უნდა გავამჟღავნოთ საიდუმლო და არ შევასრულოთ დანაპირები. თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად როდია.

განვიხილოთ მაგალითი. დავუშვათ ექიმს ჰყავს ოთხი მომაკვდავი პაციენტი, რომელბიც ორგანოს გადანერგვას ელოდებიან. საავადმყოფოს კარის წინ კი ერთი უსახლკარო მოხუცი კაცი მოწყალებას ითხოვს. სასწაულებრივად მისი ორგანოები თავსებადია ექიმის ოთხივე პაციენტისთვის. გამართლებული იქნება თუ არა თუ ჩვენ ერთი ადამიანის სიცოცხლეს გამიზნულად გავწირავთ ოთხის გადასარჩენად? უკიდურესი უტილიტარიზმის თანახმად დიახ, გამართლებული იქნება, რადგან სრულდება მთავარი მოთხოვნა: ქმედების სარგებლიანობა არის მეტი, ვიდრე, იქნებოდა არჩადენის შემთხვევაში (ერთი სიცოცხლე < ოთხი სიცოცხლე).  ერთი შეხედვით ყველაფერი მარტივი და არც თუ ისე არაჰუმანურია, მაგრამ რა მოხდება საზოგადოებაში, სადაც არა ერთი ან რამდენიმე უტილიტარიზმის მიმდევარი, არამედ ათობით ათასობით ასეთი ადამიანი ცხოვრობს. ექიმები უბრალოდ გავლენ ქუჩაში და დაიწყებენ უდანაშაულო ხალხის ხოცვას ორგანოებისთვის. თითქოს ჩაიდენენ ქმედებას, ორიენტირებულს კარგზე, რაც შეიძლება ბევრისთვის, მაგრამ ეს ფატალურ შედეგით დასრულდება.  საბოლოოდ უკიდურესი უტილიტარიზმის შესაბამისი მსჯელობა სასურველის საწინააღმდეგო შედეგამდე მიგვიყვანს. საზოგადოებას, სადაც უმრავლესობას ქუჩაში ორგანოებისთვის ხოცავენ ხომ გაცილებით ნაკლები სარგებლიანობა აქვს, ვიდრე საზოგადოებას სადაც ადამიანებს არ ეშინიათ ქუჩაში გასვლა.

მეორე მხარეს გვაქვს შეზღუდული უტილიტარიზმი, რომლის მიხედვითაც მთავარია არა შედეგი, არამედ აუცილებლობა, რომ ქმედება ჯდებოდეს მორალის და მორალური ნორმების ფარგლებში. ამიტომ ზემოთ ხსენებულ მაგალითში მიღებული გადაწყვეტილება, გაიწიროს ერთი, ბევრის გადასარჩენად, ყოველმხრივ მიუღებელი იქნებოდა შეზღუდული უტილიტარიზმის მიმდევრებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, რომ ერთი შეხედვით უსახლკაროს სოციალური როლი და საზოგადოებრივ განვითარებაში შეტანილი წვლილი გაცილებით ნაკლებია, წვლილზე რომლის შეტანასაც ოთხი ადამიანი გადარჩენის შემთხვევაში შეძლებდა, ყველა სიცოცხლე თანაბრად მნიშვნელოვანია. შეზღუდული უტილიტარიზმის მომხრე ფილოსოფოსები მიიჩნევენ, რომ მორალური წესები, რომლის ფარგლებშიც უნდა ჯდებოდეს თითოეული ქმედება, არის რაღაც უფრო მეტი, ვიდრე უკიდურესი უტილიტარიზმის ემპირიული წესები. ისინი თვლიდნენ, რომ ზოგადი მართებულობის განსაზღვრების ჩამოყალიბება შესაძლებელია არა  ქმედების შედეგების გამოკვლევით, არამედ იმის გარკვევით ექვემდებარება თუ არა ეს ქმედება კონკრეტულ წესს. ხოლო იმას, მიიჩნევა თუ არა კონკრეტული წესი მორალურ წესად, წყვეტს ამავე წესთან ადაპტირებული ქმედების შედეგზე დაკვირვება. ქმედება ფასდება წესით, წესი კი შედეგებით.

განვიხილოთ აბორტის მაგალითი. შეზღუდული უტილიტარიზმისთვის მნიშვნელოვანია რომ მორალური წესი შემუშავებული იქნას წინასწარ, ქმედების ჩადენამდე. ამ შემთხვევაში -  უნდა იყოს თუ არა აბორტი დასაშვები? ჯდება თუ არა ეს ქმედება მორალურ ფარგლებში? იმ შემთხვევაში თუ აბორტს მივყავართ უფრო დიდ სიკეთემდე  ვიდრე მის არ გაკეთებას, თუ შედეგის სარგებლიანობა აჭარბებს ქმედების ჩადენით გამოწვეულ ტკივილს, მაშინ აბორტის გაკეთება ჩაითვლება მორალურ წესს დაქვემდებარებულად. ამრიგად ქმედება (აბორტი) განისაზღვრა წესით (მორალურია თუ არა ის), წესის მორალურობა კი შეფასდა შედეგით, რომელიც აბორტის გაკეთებას მოჰყვება.  იმისთვის, რომ წესი ჩაითვალოს მორალურად იგი უნდა უზრუნველყოფდეს, უნდა იცავდეს საზოგადოების მაქსიმალურ ბედნიერებას. სწორედ საზოგადოებრივი ბედნიერება უნდა იქნას მიღწეული ამ მორალური კანონებით. თუ დედას არ უნდა შვილის გაჩენა, მაშინ ბავშვისთვის იმის შეგრძნება  რომ ის არასასურველია და დედისთვის შვილის გაჩენა მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, იქნება უფრო დიდი ზიანის მომტანი ვიდრე აბორტის გაკეთება. ამრიგად აბორტი დასაშვებია, იმიტომ რომ ჯდება მორალურ ფარგლებში და ჯდება მორალურ ფარგლებში იმიტომ, რომ მისი შედეგის სარგებლიანობა ჩადენისას აღემატება შედეგს, არ ჩადენის შემთხვევაში.

ამრიგად, მიუხედავად იმისა, რამდენი დილემის თეორია, რამდენი მორალის ფილოსოფია, რამდენი ნაშრომი და იდეოლოგია არსებობს სწორი გადაწყვეტილების მიღების შესახებ, საბოლოოდ მაინც არ არსებოს უტყუარი პასუხი კითხვაზე - რა არის მართებული? მისი პასუხი   დამოკიდებულია სიტუაციაზე, ადამიანის მსოფლმხედველობაზე, ღირებულებებზე, სუბიექტურ შეხედულებებზე და ბევრ სხვა ფაქტორზე.

და თქვენთვის? თქვენთვის რა არის მართებული?..

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.