ENG GEO

Search form

Utilitarianism between justice and morality

ადამიანის უფლებები ხელშეუხებელი და უნივერსალურია და ზოგიერთი მათგანი - აბსოლუტურიცაა. ზოგადად, უფლებათა უპირატესი დანიშნულება იმაში დარწმუნებაა, რომ უმცირესობის ხარჯზე უმრავლესობას ბენეფიტი არ აქვს. თუკი სახელმწიფო ან სოციუმი სწირავს ინდივიდის ან უმცირესობის ინტერესს კოლექტიური სარგებლისათვის, ეს ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება, არადა უტილიტარიანიზმი სწორედ იმას გულისხმობს, რომ ადამიანთა ბედნიერება შეიძლება გაიწიროს, თუკი ეს ქმედება უფრო მეტ ადამიანს მოუტანს სარგებელსა და ბედნიერებას. ამის გამო, ზოგიერთი ამბობს, რომ უტილიტარიანიზმი ეწინააღმდეგება ძირითად უფლებებს. ამ უფლებათა მხარდაჭერა ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გვწამს, რომ მათ სარგებელი და სიკეთე მოაქვთ და ეს რწმენა ვაკუუმიდან არ წარმოშობილა. ისტორია მუდამ იმას იმეორებს, რომ ადამიანის უფლებათა შელახვას კატასტროფულ შედეგებამდე მივყავართ (მაგ, მონობა), ამიტომ მათი დაცვა ყველას მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. კაცობრიობას დიდი დრო დასჭირდა იმისათვის, რომ ერთი ადამიანიც ისეთივე ღირებულად და მნიშვნელოვნად ჩაეთვალა, როგორიც ათიათასობით. უტილიტარისტმა კი მონობა - რომელიც თანამედროვე ლიბერალური საზოგადოებისათვის ყოვლად მიუღებელია - შეიძლება, გაამართლოს არგუმენტით, რომ მონათა არსებობა საზოგადოებრივ სარგებელს ქმნის, უფასო მუშახელს სიკეთე მოაქვს. მრავალთა აზრით, უტილიტარისტული ღირებულებათა სისტემა არის ამორალური და ეწინააღმედება სამართლებრივ პრინციპებს თუ კანონს.
პირველ რიგში, საკამათო საკითხია ზნეობრივია თუ არა უტილიტარისტების თვალით დანახული სამყარო, რადგანაც მათ მორალიდან გადახვევაში ,,ედებათ ბრალი“. ხშირად, ის რაც კანონში წერია, მორალურად სწორია ადამიანებისათვის. არადა, ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, რომელშიც უამრავი დილემაა გადასაჭრელი და პარადოქსული, რთული გადაწყვეტილებების მიღებაში მორალი საქმეს კი არ ამარტივებს, არამედ უფრო ართულებს. თანაც, ზოგიერთი უტილიტარისტი ადამიანს სულაც არ მიაწერს ხოლმე ზნეობრიობას და ფიქრობს, რომ გარედან თავსმოხვეული რამაა მორალი, რომელიც თეორიულად კი კარგი ეჩვენება ყველას, მაგრამ მოქმედებაში ყოველთვის ყველაზე რთულია, დარჩე ზნეობრივად. ამასთან, ყველა ადამიანი სუბიექტურია და ცნებებიც ყველას სხვადასხვანაირად ესმის. ვინ განსაზღვრა მორალი, ვისთვის რა არის მორალური/ამორალური, არის თუ არა იგი რეალურად საჭირო - ამ კითხვებზე უამრავი პასუხის მოძებნა შეიძლება და ვერანაირად ვერ დავადგენთ, რომელია ზუსტი. ამიტომაც უტილიტარისტების ხედვით, სულაც არ არის ამორალური ის, რომ ერთის გაწირვით უამრავი გადაარჩინო. თუკი შეგიძლია, ერთი სიცოცხლის გაწირვით ოცი სიცოცხლე იხსნა, ეს უნდა გააკეთო. ამან კი ნიცშეანური ხედვაც შეიძლება გაგვახსენოს - თუკი რაღაც დანიშნულება გაქვს, თუკი რეალური მიზანი გაგაჩნია და ამაში სხვა ხელს გიშლის, მაშინ იგი უნდა გაწირო და ადამიანებმა დანიშნულების ადგილს უნდა მივაღწიოთ, სარგებელი უნდა ვამჯობინოთ ალტრუიზმს.


ამგვარად, ჩანს, რომ უტილიტარული ხედვით ინდივიდის უფლება და თავისუფლება ილახება, თუკი იგი საზოგადოებისათვის დიდ სარგებელს მოიტანს. კანონი კი სწორედ იმისათვის შეიქმნა, რომ უმცირესობას, ჩაგრულებს დაეხმაროს და ყველა ადამიანი თანასწორი გახადოს. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ საკითხსაც შეიძლება განსხვავებული პერსპექტივიდან შევხედოთ. თუკი მოძალადე, ტერორისტი, დამნაშავე, საფრთხეს უქმნის უამრავი ადამიანის სიცოცხლეს, მისი მოკვლა არ დაისჯება, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია და მისი წართმევა- ამორალური. ამ საკითხს სამართალიც კი უტილიტარულად უყურებს, ამიტომაც არ არის სიცოცხლის უფლება აბსოლუტური და სიცოცხლის მოსპობა სხვისთვის ყოველთვის დასჯადი არ არის. ზოგ ქვეყანაში მიუღებელია სიკვდილით დასჯაც და ეს წარმოუდგენელი დანაშაულია, ამერიკის ზოგიერთ შტატში კი - მიღებული.

საბოლოოდ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არ შეიძლება, ცალსახად ითქვას, რომ უტილიტარისტული ხედვა კანონსა და მორალს ეწინააღმდეგება, რადგან მრავალ ქვეყანაში კანონიც განსხვავებულია და მორალის გაგება და აღქმაც სხვადასხვანაირია. ჩემი აზრით, რადიკალურად არც დაპირისპირება შეიძლება უტილიტარიანიზმთან, რადგან, რიგ შემთხვევებში ეს ღირებულებათა სისტემა გამოსადეგარიც შეიძლება იყოს, და არც ცალსახად დათანხმება, რადგან აქვს მას ისეთი მიუღებელი ლაფსუსები, რომლებიც ეფექტიანობას აკარგვინებს თანამედროვე ლიბერალური საზოგადოების თვალში.

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.