„რაც შეიძლება მეტი ადამიანის სწრაფვა რაც შეიძლება მეტი ბედნიერებისკენ“ - თუმცა კი რა არის ეს ბედნიერება და როგორ შეგვიძლია ის გავზომოთ? ერთი თეორიის მიხედვით, ბედნიერება კავშირშია სიამოვნების მიღებასა და ტკივილის მაქსიმალურად შემცირებასთან. ამ შემთხვევის განსახილველად საჭიროა სიამოვნებას შეფასება და გაზომვაც. სიამოვნება წარმოადგენს კოგნიტური აზროვნების შედეგად მიღებულ ემოციებსა და განცდებს. ის შესაძლოა მხოლოდ ჩვენი ქვეცნობიერისგან იყოს გამოწვეული, რაც ზრდის მისი არარეალურობისა და ილუზორულობის ალბათობას. ამ ბედნიერებით ადამიანები ილუზიაში გადადიან და კარგავენ ყოფითობისა თუ სინამდვილის განცდას, რასაც მივყავართ იქამდე, რომ საზოგადოებისთვის სასიკეთო შედეგებს ვეღარ ვხედავთ და ამის საპირისპიროდ მხოლოდ ზიანსღა ვიღებთ. თუ სიამოვნებას თუნდაც პატარა კავშირი მაინც აქვს ადამიანის არაცნობიერთან, გამოდის, რომ ის ყველა ადამიანისთვის განსხვავებულია და სუბიექტურად აღიქმება. ამ ჯაჭვს უკან თუ გავყვებით, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ბედნიერების აღქმა ძალზედ სუბიექტურია და სათანადოდ ვერ შევძლებთ მის შეფასებას ან გაზომვას. ბედნიერების შესახებ არსებული მეორე თეორიის მიხედვით, ბედნიერება ჩვენი სურვილების დაკმაყოფილებას წარმოადგენს და უკავშირდება სხვადასხვა ცხოვრებისეულ ასპექტს. იმის მიუხედავად, რომ ზოგჯერ ეს სურვილები შეგვიძლია საზოგადოდ კარგად მივიჩნიოთ, მაინც რჩება იმის ადგილი, რომ ეს შემთვევაც ითვალისწინებს ადამიანის პირად გრძნობებს, ემოციებსა და სუბიექტურ დამოკიდებულებებს. მართალია, უმეტესად ადამიანებს აქვთ საერთო მისწრაფებები, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ არსებობს ბევრი ინდივიდუალური სურვილიც და მათი ხარისხების ერთმანეთთან შედარება არ შეგვიძლია. მესამე თეორიის მიხედვით, არსებობს ბედნიერების ობიექტური აღქმა და ყველა ადამიანი უნდა მიისწრაფოდეს იმისკენ, რომ მიიღოს კარგი განათლება, დასაქმდეს, შექმნას ოჯახი და სხვ, თუმცა ეს თეორია არ ითვალისწინებს ადამიანურ ბუნებას და პიროვნების შინაგან მიდრეკილებებსა თუ მისწრაფებებს.
ბედნიერებას ადამიანები ვუყურებთ დადებითი მხრიდან და მისკენ ვისწრაფვით სწორედ იმ პოზიტიური შედეგების გამო, რომლებსაც მისგან მოველით. თუმცა არ არის აუცილებელი ბედნიერებას ყოველთვის დადებითი შედეგები მოჰყვებოდეს. თუ დავუშვებთ ვარაუდს, რომ შეგვიძლია შევქმნათ საზოგადოების უმეტესობისთვის სასურველი ბედნიერება, მართლა მიზანშეწოლილი იქნება თუ არა ამის გაკეთება? ინგლისელი ფილოსოფოსი ოლდოს ჰაქსლი მიიჩნევდა, რომ უმრავლესობის ბედნიერება მიიღწევა ადამიანთა მანიპულაციის და გონების კონტროლით. მისი აზრით, ბედნიერი მოქალაქეები წარმოადგენენ ახლომხედველ მონებს, რომლებსაც არ შეუძლიათ მთლიანი რეალობის აღქმა და ვერ აცნობიერებენ საკუთარ მდგომარეობას. ასეთ სიტუაციებში, როცა ადამიანები კარგავენ რეალობის სიღრმისეულად აღქმის უნარს, ხდებიან შედარებით არაკრეატიულები და განიცდიან კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარის ნაკლებობას. კლებულობს უპასუხისმგებლობის ხარისხიც, ხოლო ეს ყველაფერი, თავის მხრივ, ვერ ჩაითვლება დადებით შედეგად. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თუ ჩავთვლით, რომ ის, რაც უმრავლებოსითვის ბედნიერების მომტანია, დადებითი ხასიათის მატარებელია და ამართლებს ქმედებას, მაშინაც კი ვერ ავუვლით გვერდს იმ ფაქტს, რომ ეს დებულება ამართლებს დიქტატურას, მონობასა და სხვა ადამიანებით მანიპულაციას. ამ უკანასკნელი დასკვნით ჩანს, რომ ბედნიერება უპირისპირდება თავისუფლებას და ირღვევა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადამიანური ღირებულება და ბედნიერების მაქსიმალიზაცია აუცილებლად ნეგატიურად შეეხება სხვა ღირებულებებსა და ფასეულობებს. უტილიტარიზმის იმ პრინციპს, რომ უნდა ვისწრაფვოდეთ საზოგადოების უმრავლესობის ბედნიერებისკენ აქვს პრაგრატული და მორალური გარღვევები, რომლებსაც მსჯელობის დროს ბევრ პრობლემამდე მივყავართ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.