ჰუმანიტარული ინტერვენცია (ადამიანის უფლებათა უხეში და მასობრივი დარღვევების ჩამდენი სახელმწიფოს წინააღმდეგ საერთაშორისო ორგანიზაციის (ორგანიზაციების) მიერ სამხედრო, ეკონომიკური თუ სხვა ძალის გამოყენება) მისი გაჩენის დღიდან მეტად აქტუალური და სადავო საკითხია. “ძალის გამოყენება სიცოცხლის გადასარჩენად” - საზოგადოების დიდი ნაწილი ამ კონცეფციას დღემდე არ იწონებს, რადგან მათი აზრით, ომის გამოყენება ბოროტების შესაჩერებლად, პარადოქსულია. ასევე თვლიან, რომ ის შეიძლება ადვილად იქნას გამოყენებული სხვა, არაჰუმანიტარული მიზნებისთვის. თუმცა, კამათი განსაკუთრებით მწვავდება მაშინ, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებებს - რამდენად შეიძლება იყოს გამართლებული ერთი სიცოცხლის გადარჩენა მეორე სიცოცხლის ხარჯზე?
საერთო მორალის ცნება ცივილიზებული სამყაროს საფუძველია და თითქმის ყველა საზოგადოებასა და ტრადიციაშია აღიარებული. საერთო მორალი არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ხალხი ეკუთვნის ამა თუ იმ კულტურას, მაგრამ აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებები, განსაკუთრებით კი ფუნდამენტური, ძირითადი უფლებები არ გამომდინარეობს კონკრეტული საზოგადოების წევრობიდან, არამედ გამომდინარეობს ადამიანთა საზოგადოების წევრობიდან. ეს მორალი საერთოა არა იმიტომ, რომ წარმოიშობა რომელიმე ხელშეკრულებიდან (თემებსა და პიროვნებებს შორის), არამედ იმიტომ, რომ სწორედ ამას მოითხოვს ადამიანის კონცეფცია. საერთო მორალი ემყარება ვარაუდს, რომ ყველა ადამიანი იბადება რაციონალური, თავისუფალი და თანასწორი. მათ უფლება აქვთ თავისუფლად მიიღონ გადაწყვეტილებები და ყველა სხვა ვალდებულია პატივი სცეს მათ არჩევანს. როდესაც ვინმე ძალადობრივად არღვევს და პატივს არ სცემს სხვის არჩევანს, საერთო მორალის პირობებში, მსხვერპლის დასაცავად ნებადართულია ძალის გამოყენება. თუმცა, ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამის დამაჯერებელი მიზეზი არსებობს - ანუ როდესაც საქმე ეხება იმ ადამიანების დახმარებას, რომლებსაც “ემუქრებათ სერიოზული საფრთხე უბედური შემთხვევის ან განზრახ დანაშაულის შედეგად”. ადამიანები კი, რომლებმაც საფრთხეში ჩააგდეს სხვისი სიცოცხლე, აღარ ექცევიან საერთო მორალის დაცვის ფარგლებში, რადგან “მათ სკუთარი ქმედებებით დაკარგეს მორალური უფლება იმოქმედონ ისე, როგორც თავად სურთ”.
საერთო მორალის კონცეფციის შესაბამისად, ადამიანებმა პატივი უნდა სცენ და მხარი დაუჭირონ ერთმანეთს, რაც ნიშნავს იმას, რომ არა მხოლოდ არ უნდა ჩაერიონ ერთმანეთის თავისუფალ არჩევანში, არამედ, დაეხმარონ ერთმანეთს თავიანთი მიზნების მიღწევაში. როდესაც ვინმე გაუმართლებელი თავდასხმის ობიექტია, ჩვენ გვაქვს მოვალეობა, რომ უკანა პლანზე გადავწიოთ პირადი დანაკარგის შიში და გამოვიყენოთ ძალადობა ძალადობის წინააღმდეგ, თუ ეს მსხვერპლის დაცვის ერთადერთი გზაა. ძალის გამოყენება უდანაშაულოთა დასაცავად ემყარება “კეთილდღეობის იდეას”. ეს იდეა განსხვავდება უბრალო “ქველმოქმედებისგან”, რადგან ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, პირველი ნიშნავს მორალურ აუცილებლობას/იმპერატივს - “ადამიანი ზნეობრივად ვალდებულია გადაარჩინოს საფრთხეში მყოფი ადამიანი”. როგორც ვხედავთ, საერთო მორალის კონცეფციასა და ჰუმანიტარული ინტერვენციის საკითხს შორის კავშირი აშკარაა. ძირითადი პრინციპი, რომ ადამიანები თავისუფლად უნდა იყენებდნენ თვითგამორკვევის უფლებას, წამყვან ნორმად რჩება. სიტუციებში, როდესაც ქვეყანას ან ორგანიზაციას აქვს ჰუმანიტარული ინტერვენციის უფლება, ხალხი “ტირანიის, ეთნიკური სიძულვილის მსხვერპლია. მათ არ შეუძლიათ საკუთარი თავის დახმარება და სასწრაფოდ სჭირდებათ სხვა ქვეყნების დახმარება”. ამ დროს სუვერენიტეტი აღარ წარმოადგენს ბარიერს უცხო ხალხის დასახმარებლად, რადგან დამნაშავეებმა ბოროტად გამოიყენეს თავიანთი თავისუფლება და ზიანი მიაყენეს სხვებს, ამით კი დაკარგეს ის დაცვის გარანტია, რომელიც ამ პრინციპს გააჩნია.
მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის გადასარჩენად ძალის გამოყენება გავამართლეთ, ეს მაინც არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ომი დამანგრეველი მოვლენაა - დაიღუპება უამრავი უდანაშაულო ადამიანი. ამიტომ ვალდებულნი ვართ ვუპასუხოთ კითხვას, თუ რატომ არის გამართლებული ზოგიერთი უდანაშულო მოქალაქის სიკვდილი სხვა უდანაშაულო მოქალაქის გადარჩენის დროს? საერთო მორალის კონცეფციის თანახმად, დაუშვებელია ერთი ადამიანის სიცოცხლის გამოყენება მეორეს გადასარჩენად. ამ დილემაზე პასუხის გასაცემად უნდა მივმართოთ ორმაგი ეფექტის დოქტრინას. ამ დოქტრინის თანახმად, უდანაშაულო მოქალაქეების სიკვდილი გამართლებულია მხოლოდ შემდეგი პირობების შესრულების შემთხვევაში:
1. სასურველი მიზანი თავისთავად უნდა იყოს კარგი (ადამიანთა გენოციდის დასრულება)
2. ცუდი ეფექტი არ უნდა იყოს საშუალება, რომლითაც ადამიანი მიაღწევს კარგ ეფექტს. ნებისმიერი ცუდი შედეგი (მაგალითად, მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილი) არ არის გამიზნული და არის გვერდითი მოვლენა.
3. უნდა არსებობდეს პროპორციული მიზეზი ცუდი ეფექტის გასამართლებლად.
საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ გავამართლეთ ჰუმანიტარული ინტერვენცია, როგორც მშვიდობიანი მოქალაქეების გადარჩენის უალტერნატივო საშუალება, ამ საკითხის გარშემო დებატები დღემდე არ წყდება, რადგან ერთის მხრივ, არიან უდანაშაულო მოქალაქეები, რომლებიც თავიანთი ქვეყნის მსხვერპლნი არიან, მეორეს მხრივ კი გვყავს ასევე უდანაშაულო მოქალაქეები, რომლებიც მაღალი ალბათობით ჰუმანიტარული ინტერვენციის შედეგად დაიღუპებიან.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.