ENG GEO

Search form

როგორ საზღვრავს კანონი თავისუფლებას

თავისუფლება არის ძალა ან უფლება იმოქმედო, ისაუბრო ან იფიქრო ისე, როგორც გსურს, დაუბრკოლებლად. ზღუდავს თუ არა კანონი ადამიანის თავისუფალ ქმედებას? ცხადია თავისუფლება არ მოიაზრებს სრულ თავშეუკავებლობას, რომელიც ქაოსსა და არეულობას უძღვის წინ, პირიქით, როგორც წესი, თავისუფლება განიმარტება თავშეკავებულ ქცევათა ერთობად, რომელსაც ადამიანი აანალიზებს. სწორედ ამ აზროვნების პროცესის ირგვლივ იქმნება კანონიც, რომელიც გარკვეულწილად აწესებს ლიმიტებს. ეს ლიმიტები მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოებისკენ არის მიმართული. უკეთესი საზოგადოების ჩამოყალიბება კი ზუსტად ამ გზით უნდა ხორციელდებოდეს. ადამიანის უნარი, იაზრებდეს, რომ კანონი არის ის, რაც აძლევს თავისუფლებას, დღევანდელ რეალობაში მეტად განვითარებულია. თავად თავისუფლების უფლებაც კანონით არის გარანტირებული, ისევე როგორც პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლება. შესაბამისად, კანონი გარკვეულ წილად ზღუდავს თავისუფლების აღქმის ერთ-ერთ ასპექტს, ხოლო მეორეს მხრივ თავად კანონი წარმოგვეჩინება თავისუფლების გარანტად. რა თქმა უნდა, კანონს უნდა ჰქონდეს კონტროლი და ბალანსი, მთავრობისთვის ანგარიშვალდებულებაა გამჭვირვალობა და შეზღუდვების არსებობა. ვინაიდან, როგორც ერთ კონკრეტულ პიროვნებას, ასევე მმართველ ორგანოს, არ შეიძლება განუზომელი თავისუფლება და შეუზღუდავი ძალაუფლება ენიჭებოდეს. მთავრობის კონტროლი აუცილებელი პირობაა დემოკრატიული მმართველობის სახელმწიფოსათვის, ვინაიდან ზუსტად ეს კონტროლი წარმოადგენს ბერკეტს ხალხის ხელში, არ მიეცეს ხელისუფლებას საშუალება გადაუხვიოს მმართველობის დადგენილ ნორმებსა და შეზღუდვებს. ეს იმიტომ ხდება, რომ კანონის დამცველებისთვის დამახასიათებელი ძალაუფლება, რომლითაც ისინი მართავენ კონკრეტულ სახელმწიფოს, წარმოადგენს საშიშროებას, რომ თავისუფლების მარეგულირებელი და გამაძლიერებელი კანონების საპირისპიროდ იქცეს - თავისუფლების შემზღუდველ და გამანადგურებელ კანონებად. ეს საშიშროება შეიძლება შეფასდეს, როგორც ჩვენი ადამიანური სიტუაციის პოლიტიკური პარადოქსი - ჩვენ გვჭირდება კანონები, რათა გავაძლიეროთ ყოველი ადამიანი, გავაუმჯობესოთ მათი უკეთ თანაარსებობის შანსები მეტად განვითარებულ და თავისუფალ სოციუმში, მაგრამ მთავრობის წარმომადგენლებისთვის ამ კანონების შექმნისა და აღსრულების ძალა თავად ნეგატიურად გადაქცევის საფრთხესაც შეიცავს. ამის მიუხედავად, არანაირი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც არ შეიძლება დაიწეროს კონსტიტუცია და შეიქმნას ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფლებას, ხოლო მთავრობის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ კანონის დაცვას და მის კონტროლირებად ხასიათს. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ კაცობრიობისთვის არსებობს პრინციპები, რომლებიც უნივერსალურია. პიროვნული ღირსებები, ინტელექტი, თავისუფლება და ადამიანის უფლებები საზოგადოებიდან ჩნდება, რადგან ეს კონკრეტულად განასახიერებს მთელ მსოფლიოში კაცობრიობის ცივილიზაციისაგან  ჩამოყალიბებული კულტურული ფორმების სიმრავლეს. წარსულშიც არაერთი პირი წერს ამ თემის შესახებ საკუთარ მოსაზრებას მაგალითად, პლატონმა „სახელმწიფოში“ განაცხადა, რომ საზოგადოების მიზანი შეიძლება იყოს თავისუფლების პოპულარიზაცია, მაგრამ ეს თავისუფლება გამოიხატება კრეატიული და პროდუქტიული გზით, რაც ხელს უწყობს ცივილიზაციის განვითარებას როგორც უშუალოდ ინდივიდის განვითარების გზით, ასევე სოციუმის დიდ ნაწილებზე კონცენტრირებით. ჩვენი საზოგადოება თავისუფლების უფლებას იპოვებს ადამიანად დაბადებით, ნათელია რომ უფლებებისა და თავისუფლების განხილვა მცენარეთა და ცხოველთა სამყაროში იგივე ინტენსივობით არ მიმდინარეობს. შესაბამისად, კანონი უნდა ემსახურებოდეს მთლიანი სახეობის (ადამიანის) თავისუფლებას, იგი არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ სოციუმის ერთი ნაწილისათვის თავისუფლების მინიჭებით, მიუხედავად იმისა რომ მრავალი სოციალური ფენა არსებობს, მეტად განსხვავებული მატერიალური და კოგნიტური შესაძლებლობებით. ასევე, ვინაიდან თავისუფლებას ყოველი ინდივიდი სუბიექტურად აღიქვამს, კანონი უნდა უზრუნველყოფდეს მის უნივერსალურ გაგებას. თითოეული ადამიანი თავისთავად არის ღირებული და არა მისი მიღწევებისა და რაიმე წვლილის გამო. გერმანელი ფილოსოფოსი ჰანს იონასი სრულიად სწორად ამტკიცებს, რომ რომ თავისუფლება კოსმიური პროცესის შედეგად აღმოცენებული თვისებაა და რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, დავიცვათ, შევინარჩუნოთ თავისუფლება და ვნახოთ, რომ იგი არ კვდება.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.