კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი ერთ-ერთი კონსტიტუციური პრინციპია, რომელიც გამოხატულებას სისხლის სამართალშიც ჰპოვებს. საქართველოს სისხლის სამართლის კონსტიტუცია კატეგორიულად კრძალავს ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევას მათი რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, აღმსარებლობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული და ეთნიკური, სოციალური, რომელიმე წოდებისადმი კუთვნილების, წარმოშობის, საცხოვრებელი ადგილის ან ქონებრივი მდგომარეობის გამო. თანასწორობის ცნება პირდაპირ კავშირშია დისკრიმინაციის აკრძალვასთან. დისკრიმინაცია ადამიანებისადმი უთანასწორო და უსამართლო მოპყრობაა რაიმე ნიშნის გამო, რომელსაც არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება. შესაბამისად, არ შეიძლება კანონის გამოყენება ვინმეს დისკრიმინაციის მიზნით, ანუ კანონმა არ უნდა მოახდინოს ადამიანების დაუსაბუთებელი დიფერენცირება. კანონის წინაშე თანასწორობას შეიძლება ორგვარი განსაზღვრება ვუპოვოთ : კანონი ისევე მეხება მე, როგორც სხვა მოქალაქეებს, პრეზიდენტს, პრემიერს, სახელმწიფო ინსტიტუტებსა და დაწესებულებებს. ამას კანონის მოქმედების უნივერსალურობასაც უწოდებენ, მაგრამ ვფიქრობ ეს ნაკლებად ხორციელდება რეალურ ცხოვრებაში. ზოგთა მიმართ კანონი უფრო შემწყნარებლურად და კეთილმოსურნედ გამოიყენებოდა და დღესაც კი გამოიყენება. ხოლო მეორე მხარე არის თანასწორობა კანონშემოქმედებაში, რომელშიც ყველა თანაბარი ხარისხით მონაწილებს. არსებითად რომ შევხედოთ, ეს უკვე დემოკრატიაა, დემოკრატია, როგორც თანასწორობის შემადგენილი ნაწილი, რადან იგი გულისხმობს რომ ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება იმ კანონის შექმნაში, რომელიც უშუალოდ მას შეეხება. ამის განხორციელება შეიძლება არაპირდაპირი გზით (ანუ, არჩევნებში მონაწილეობისას იმ ადამიანისთვის ხმის მიცემა, რომელსაც ვენდობით და ერთის მხრივ მისი მომავალში გატარებული ღონისძიებები და შემუშავებული სტრატეგიები ჩვენს მოსაზრებას ემთხვევა) და ასევე პირდაპირი გზითაც (მოქალაქეებს აქვთ კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება საკანონმდებლო ინიციატივის გამოჩენის უფლება, მაგალითად, საქართველოს მოქალაქეების მიერ შემუშავებულ ინიციატივას თუ 200 000 ხელმოწერა აქვს, ამ შემთხვევაში პარლამენტი ვალდებულია დღის წესრიგში შეიტანოს და განიხილოს ეს კანონპროექტი.)
ვფიქრობ, როდესაც კანონის წინაშე თანასწორობაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ ვახსენოთ ფრიდრიხ აუგუსტ ფონ ჰაიეკი, ნეოლიბერალების ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი და გამოჩენილი მოაზროვნე. კანონის წინაშე თანასწორობის მნიშვნელობა ჰაიეკის ნააზრევში აშკარა ხდება მის პოლიტიკურ ნაშრომში „The constitution of the liberty”, სადაც იგი აღნიშნავს რომ თავისუფლებისთვის ბრძოლის მთავარი მიზანი იყო კანონის წინაშე თანასწორობა. მისი თქმით კანონის წინაშე თანასწორობის მოთხოვნის არსს წარმოადგენს, ის ფაქტი რომ ხალხს უნდა მოექცნენ თანაბრად, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განსხვავებულნი არიან. არისტოტელე წერდა : „უფრო მართებულია, რომ კანონი მართავდეს ყველა მოქალაქეს“. ჰაიეკი მხარს უჭერდა შეზღუდულ მთავრობასა და კანონის წინაშე თანასწორობას არა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ზნეობრივად სამართლიანად მიაჩნდა, არამედ იმიტომ, რომ მან აღიარა, რომ კანონის წინაშე მთავრობისა და თანასწორობის შეზღუდვა ხელს უშლის კორუფციას და ქმნის საფუძველს სპონტანური ბაზრის წესრიგისა და ნაყოფიერი ეკონომიკის პროცესი.
როგორც ზევით ვისაუბრეთ, განსხვავებულობის არც ერთ ნიშანს, იქნება ეს რასა, კანის ფერი, პოლიტიკური შეხედულებები, სქესი თუ სხვა რამ არ აქვს რაიმე უპირატესობა სხვებთან შედარებით. ნებისმიერი დისკრიმინაცია, მიუხედავად იმისა თუ რა ნიშნის საფუძველზე ხდება ის, თანაბრად აკრძალულია. ამ თემაზე მახსენდება გენდერული კვოტირების საკითხი, რომელიც წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ ნორმას პოლიტიკურ ინსტიტუციებში - საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ქალთა მონაწილეობის გასააქტიურებლად. იგი რეალურად ეფექტური საშუალებაა, იმ სიტუაციის გამოსასწორებლად, რომელიც დღევანდელ საქართველოშია წარმოდგენილი, როდესაც ქალთა უფლებები საგრძნობლად არის დარღვეული, ის რეალურად, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მექანიზმია ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდისა, მარა შედარებით უკეთესი ვარიანტი ვერ აღმოვაჩინეთ. იმ ფაქტისდა მიუხედავად, რომ ვფიქრობ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გენდერული კვოტირება დღევანდელ სამყაროში, საერთო ჯამში ეწინააღმდეგება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს. ასევე საკმაოდ აქტუალურია ქართული მიწების უცხოელებზე მიყიდვის პრობლემა. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. იმისდამიუხედავად, რომ საჭირო გახდა ამ კანონის შემოღება, ვფიქრობ რომ ესეც ეწინააღმდეგება თანასწორობის კონცეფციას.
საბოლოოდ, იმის თქმა მინდა რომ შეიძლება პრინციპი თეორიულად საკმაოდ სწორად იყოს აწყობილი, თითქოსდა იდეალურად, თუმცა დღესდღეისობით განვითარებული მოვლენებისდა გათვალისწინებით, ზოგჯერ ძნელია ამ პრინციპების რეალურ ცხოვრებაში გადმოტანა და მათი ასრულება.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.