რამდენიმე თვის წინ დავბრუნდი ორწლიანი ხანგრძლივობის ბანაკიდან, სახელწოდებით „დაარეგულირე!“.
ბანაკის დაარსების მიზანი იყო - რეგულირება.
ბანაკში ისწავლებოდა ის, თუ როგორ - დაგვერეგულირებინა.
ბანაკის დასრულების შემდეგ ვიძენდით ისეთ ახალ, მნიშვნელოავნ უნარს, როგორიცაა - რეგულირება.
მაგრამ ბანაკისთვის დიდად მნიშვნელობა არ ჰქონდა - რას ვარეგულირებდით.
სიტყვა მოგვწონდა, როგორც გამოთქმით, ისე შინაარსით და ვფიქრობდით, რომ სამყაროში ყველაფრის რეგულაცია, რაციონალურ ჩარჩოებში მოქცევა ბედნიერებას მოგვიტანდა.
ბანაკში ყოფნის პირველი კვირის ერთ-ერთ საღამოს, ათას ერთი რეგულაციის გაცნობა-განხილვის შემდეგ, გადავწყვიტეთ დემოკრატიული გზით ახალი რეგულაცია თავადაც შემოგვეღო, რაც გავრცელდებოდა მხოლოდ ჩვენზე - ას ადამიანზე. გვჯეროდა და გვწამდა, რომ თუ ბევრს და კარგად ვიფიქრებდით, ამ წესით საერთო, კოლოსალურ ბედნიერებას მივაღწევდით.
უამრავი იდეა იფრქვეოდა. ვიღაცას სურდა მოეწესრიგებინა ბანაკის წევრების გაღიმებების სიხშირე - მაგალითად, როდესაც ერთმანეთს მშვიდობიან დილას ვუსურვებდით, უნდა გაგვეღიმა ერთმანეთისთვის. მშვიდობიან ღამეზეც იგივე გავრცელდებოდა.
უმრავლესობამ ღიმილით დავიწუნეთ ეს იდეა; ამბიციები მეტისმეტად მაღალი გვქონდა.
შემდეგი იდეა იყო - სადილამდე ხელების ორჯერ დაბანის წესი. რაციონალურობა ვერ დავიჭირეთ, ერთიც ხომ საკმარისიაო, ერთხმად აღვნიშნეთ და საბოლოოდ ისიც დავიწუნეთ.
აი, „სადილმა“ ახალი ასოციაციები კი მოიტანა. მოდი, მივიღოთ შემდეგი რეგულაცია - ავკრძალოთ ჭარბი წონა! ვინც საკუთარ ნორმალურ წონას აცდება 1-2 კილოგრამით, დავუშალოთ ვახშმის მიღება! და ყოველ დღე კეთილმა, სოციუმის კეთილდღეობაზე თავდადებულმა მოხალისეებმა შეახსენონ, რომ ჭარბი წონა იწვევს:
1. შენელებულ ნივთიერებათა ცვლას.
2. დიაბეტს.
3. და სხვა ათასი სამედინიცო ტერმნის მოფიქრება/გამოყენების საჭიროებას.
რეგულაციის მიზანი: ბოლო მოეღოს ჭარბ წონას. ყველა ბანაკელი იყოს გამხდარი, ტანწერწეტა და, რაც მთავარია, ჯანმრთელი!
კანონ-პროექტის განხილვისას მოიტანეს „პანასონიკის“ მაგალითიც. Times-ის ერთ-ერთი გამოცემის მიხედვით, 2008 წელს იაპონიაში მიიღეს „მეტაბო კანონი“, რომელიც მიზნად ისახავდა ჭარბწონიანობისა და ამ უკანასკნელთან დაკავშრიებული დაავადების გამოწვევის პრევენციას. „პანასონიკმა“ იკისრა ვალდებულება, ყველა თავისი თანამშრომლისა და მათი ოჯახის წევრების წონის კონტროლზე. თუ იგი დაარღვევდა ამ ვალდებულებას გადაიხდიდა ჯარიმას 19 მილიონი დოლარის ოდენობით.
არისტოტელესი არ იყოს, რასაც ბანაკის უმრავლესობა ფიქრობდა, ბანაკის მიზანიც ის იყო.
ეჭვის თვალით შემათვალიერეს. იმჟამინდელი მდგომარეობით, ჩემს ნორმალურ წონას ხუთი კილოგრამით ვასწრებდი და ეს ჩემი ფერადი, „ჰანთერ ჰანთერის“ ჰუდის მიღმაც არ იმალებოდა.
თქვენ ამ შეგრძნებას უამრავ სახელს არქმევთ; დისკრიმინაცია, სტიგმატირება, გარიყვა, განკვეთა, განსჯა, გაკიცხვა და ა.შ. სიტყვა ბევრია. სიტყვებიც ბევრია. მე კი პირველად ვიგრძენი თავი ამდენად უსინდისო კანონდამრღვევად.
შემდეგ უფრო გათამამდნენ. თუ ვარეგულირებთ მოდი, გამჭვირვალობისთვისა და კონკრეტულობისთვის, ჩვენი კანონი გავშალოთ და დავაზუსტოთო: ვაიძულოთ ჩვენს ფუმფულა მეგობრებს მეცადინეობის შემდეგ ივარჯიშონ - თხუთმეტი-ოცი წუთი დაეთმობა warming-up-ს, ერთი საათი კარდიო ვარჯიშებს და დანარჩენი სურვილისამებრ (ესეც შენი დისპოზიცია, რომ გგონია, არჩევანის უფლება შეგიზღუდა ვინმემ!)
და მეც გავყევი უმრავლესობისთვის მისაღები კანონის დინებას.
„ყველაფერი შენი ბედნიერებისთვის კეთდება. ამ კანონს კეთილდღეობა მოაქვს, რადგან შენი ჯანმრთელობის მდგომარეობას აწესრიგებს, არეგულირებს, ლეგიტიმურს ხდის, სასამართლო კონტროლს აწესებს მასზე!“
ისიც გამიწერეს დღეში რამდენჯერ და რა ოდენობით დავლევდი წყალს; რამდენი საათით დავიძინებდი; რამდენ გრამ ცილას მივიღებდი; რამდენჯერ ავივლიდი კიბის საფეხურებს; რამდენჯერ ჩამოვივლიდი; რამდენ ნაბიჯს გადავდგამდი დღის მანძილზე.
არისტოტელეს აინტერესებდა, რომელი სახელმწიფოა უფრო სამართლიანი - რომელიც იცავს დემოკრატიულ სამართლიანობას, თუ რომელიც მისდევს ხალხის-ნება სურვილს? და ვინაა ეს ხალხი? უმცირესობა თუ უმრავლესობა? როგორია მათ შორის თანასწორობა? ვის აზრს უნდა მოვუსმინოთ - ვინც ბევრია, ვინც მეტად ღირსეულია, ვისაც მეტი ქონება აქვს, ვინც მეტად იჩაგრება თუ საერთოდ არავის ვუსმინოთ და თავად ვიყოთ საკუთარი თავის უფლები?
გაურკვეველია.
ან სამართლიანობა როგორ განვსაზღვროთ? სწორი იქნება თუ არა ის, რომ ჩემდა უკითხავად ზრუნავდნენ ჩემს ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, სიცოცხლეზე, ღირსებაზე, ბედნიერებაზე, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებაზე, პიროვნების თავისუფლად განვითარების უფლებაზე, გადაადგილებისა და მიმოსვლის უფლებაზე, სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე? და თუ ეს კარგია და ასეც არის, მაშინ ყველა საამისო გზა მისაღებია? ყველა „ზრუნვა“ ზრუნავს ჩვენზე, თუ რაღაცები მხოლოდ თავის მოტყუებაა?
სხვა სიტყვებით, ყველა ნაკლი საჭიროებს გამოსწორებას? უფრო ზუსტად - ყველა პრობლემა საჭიროებს კანონს? ყველა პარადოქსი - ახსნას? ყველა არეულობა - რეგულირებას?
ნორმალური წონა, ათლეტური შესახედაობის, ტანწერწეტა და ჯანმრთელი ვარ, მაგრამ რამდენად ითქმის ჩემზე ბედნიერი? თავად არასდროს მქონია მონდომება ან სურვილი იმისა, მეცხოვრა იმ რეჟიმით, რომელიც შემომთავზეს; დავმორჩილებოდი იმ კანონს, რომელიც დამიწესეს, მიუხედავად იმისა, რომ სოციუმი თვლიდა, ამით ბრწყინვალე შედეგზე გავდიოდი.
ჩემს თვალში ის, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი ან აუცილებელი არ არის, ვერ ბრჭყვინავს.
ასე იყო ეს ამბავი.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.