კანტი ყველა დროის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოაზროვნეა. მისი აზროვნების წესი კონსეკვენციალიზმისაგან (რომელიც გვეუბნება, რომ საუკეთესოა ქმედება, რომელსაც მეტი საერთო სარგებელი მოაქვს) განსხვავებულია - მთავარია ის, თუ რამდენად სწორი ან არასწორია ჩვენი ქმედებები და შედეგის ეფექტურობაც მათზე იქნება დამოკიდებული. კანტისათვის ქმედება სწორია, თუკი იგი იმ დებულებებს ეფუძნება, რომელთაც თავად კატეგორიულ იმპერატივს უწოდებს. ეს უკანასკნელი მორალური კანონია, რომელიც უპირობო ბრძანებას ნიშნავს და აუცილებლად უნდა შესრულდეს. ეს უპირობო ბრძანება ყოველ ჩვენგანშია მოცემული დამოუკიდებლად იმისა, თუ როგორი შედეგის მომტანი იქნება, მოგვწონს იგი თუ არა და გვაწყობს თუ არა მისი შესრულება კონკრეტულ მომენტში. არ მოკლა, არ იქურდო, არ მოიტყუო და ა.შ - სწორედ მათ რიცხვს მიეკუთვნება. Უნდა მოვიქცეთ ისე, რომ ჩვენი ქმედება ზოგად წესად გამოდგებოდეს მთელი სამყაროსთვის.
როგორც ცნობილია, კანტი სექსუალური პესიმისტი იყო და ფიქრობდა, რომ სექსუალური სურვილისა თუ იმპულსის მიხედვით ქმედება არის უღირსი საქციელი. ჩვენი ბუნების ეს მხარე შეუთავსებელია იმასთან, თუ როგორ უნდა იქცეოდეს ადამიანი და ემუქრება მის მორალურ ცხოვრებას. კანტისათვის სექსუალური ლტოლვა ერთადერთი იმპულსია, რომელიც გვაიძულებს, სხვა ადამიანი ობიექტად აღვიქვათ. ამ მოაზროვნისათვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა ერთმანეთი მთლიანად, სრულად დაინახონ, ესაა გზა მორალურობისაკენ და სწორედ ლტოლვაა ის, რაც ამ გზიდან გადაგვახვევინებს. კანტის შეხედულება ამ საკითხზე ტრადიციული და კონსერვატულია. იგი ეწინააღმდეგება ყველანაირ სექსუალურ კავშირს იმ ადამიანთა შორისაც კი, რომლებიც დაქორწინებულნი არ არიან.
კანტის კატეგორიული იმპერატივი, კერძოდ, მეორე დებულება, გვეუბნება, რომ ადამიანი უნდა იყოს მიზანი და არა საშუალება. ესაა სეკულარიზებული ვერსია ,,ოქროს წესისა“, რომლის თანახმადაც სხვებს არ უნდა მოვექცეთ ისე, როგორც ჩვენ არ გვინდა,რომ მოგვექცნენ. კანტისათვის ის, რაც ადამიანს განსაზღვრავს, არის მისი რაციონალურობა. ჩვენი განსჯის უნარი ლტოლვებსა და სისუსტეებზე მაღლა გვაყენებს და რაც მის განადგურებას ემუქრება სწორედ სექსუალობაა. სხვისი გადაქცევა საკუთარი მოთხოვნისა თუ ლტოლვის ობიექტად სიამოვნების მიღების მიზნით კანტისათვის ემსაგავსება მშიერი ადამიანის მიერ ხორცის ნაგლეჯით დანაყრებას. ალბათ, ძნელი იქნება პროსტიტუციის ამაზე უფრო მყარი კრიტიკის მოძებნა. პროსტიტუცია ეწინააღმდეგება კატეგორიულ იმპერატივს და ადამიანს საშუალებად აქცევს. იგი იმიტომ კი არაა მიუღებელი, რომ მას საზოგადოებისათვის ზიანი მოაქვს (კანტი არ იყო კონსეკვენციალისტი), არამედ იმიტომ, რომ იგი სხვას წარმოაჩენს, როგორც მოხმარების საგანს. ადამიანის განივთება კი, მისი სიტყვებით, დეგრადაციას იწვევს და ადამიანს მხეცზე უკეთეს არსებად არ წარმოაჩენს.
პროსტიტუცია თანამედროვე სამყაროშიც ხშირად განხილვადი თემაა. იმ ქვეყნებში, რომლებშიც იგი ლეგალურია, ამბობენ, ადამიანი საკუთარ სხეულს სურვილისამებრ გამოიყენებს. კანტი ამ მოსაზრებასაც დაუპირისპირდებოდა. მისი კონცეფცია აუტონომიურობისა განსხვავებულია - არც სხვებსა და არც საკუთარ თავს არ უნდა მოვექცეთ, როგორც საშუალებას, ვერ გამოვიყენებთ სხეულს ნებისმიერ შემთხვევაში, როცა მოგვინდება, რადგან ჩვენ იგი არ გვეკუთვნის, ეს რომ ასე იყოს, მაშინ ნივთები ვიქნებოდით. ,,To let one’s person out on hire and to surrender it to another for the satisfaction of his sexual desire in return for money is the depth of infamy“ - ამბობს იგი.
ამგვარად, დეონტოლოგიური ეთიკა ამბობს, რომ წესებს იმიტომ კი არ უნდა მივყვეთ, რომ ისინი კარგი შედეგის მომტანები არიან, ან ბედნიერს გაგვხდიან, არამედ ჩვენს შიგნით არსებულ მორალურ კანონებს უნდა ვცეთ პატივი. ეთიკური პერსპექტივიდან ადამიანობა, როგორც ფენომენი, ქმნის უფლებებისა და მოვალეობების ფართო დიაპაზონს, რადგანაც ყველა ადამიანს აქვს ,,მემკვიდრეობითი ღირსება” - ის, რაც ფუნდამენტურია და აპრიორულად არსებული ჩვენში. კანტის კატეგორიული იმპერატივი არის წესებისა და ვალდებულებების ერთობლიობა, რომლებიც ადამიანთა მორალურობის განმსაზღვრელია. პროსტიტუცია, როგორც ადამიანის განივთება - ეწინააღმდეგება ამ უნივერსალურ კანონებს. ამიტომაც კანტისათვის იგი მიუღებელია. იგი ფიქრობს, რომ სექსუალური ლტოლვა თავისი ბუნებით არის უკონტროლო იმპულსი, რომელიც განსჯას არ ექვემდებარება. Ამ მიზეზით იგი ობჯექტიფიკაციის გარდაუვალი ფორმაა.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.