ENG GEO

Search form

ექიმმა უკეთ იცის!(?)

     თქმა არ უნდა, ექიმის უპირველესი მოვალეობაა და დანიშნულება, რომ იზრუნოს ადამიანის ჯანმრთელობაზე და გაუუმჯობესოს მას ფიზიკური თუ ფსიქიკური სიჯანსაღე. პროფესიული ეთიკის საფუძველზე და, აგრეთვე, იმის გათვალისწინებითაც, რომ პაციენტების უმრავლესობას შესაძლოა, არ ჰქონდეს სამედიცინო განათლება მიღებული და იყოს თუნდაც საკუთარი ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ზომების მიმართვაში არაკომპეტენტური, ამიტომაც ექიმს მოეთხოვება, ყველაფერი არ გაითვალისწინოს პაციენტის სურვილებიდან და იმოქმედოს ისე, როგორც ამას საკუთარი შესაბამისი პროფესია და მისი ფუნქციები ავალდებულებენ. საბოლოო გადაწყვეტილება მაინც ექიმზეა, და ეს ნიშნავს იმას, რომ მისათვის ნებისმიერი ადამიანი უნდა იყოს და აღიქმებოდეს, როგორც მომხმარებელი, ერთგვარი კლიენტი, რომელსაც უნდა მოემსახუროს და საკუთარი “პროდუქტი” შესთავაზოს ყოველგვარი მიკუთვენუბულობისა და მიკერძოების გარეშე (რაც მოიცავს ეროვნულსა თუ კულტურულ ფასეულობებს, რელიგიურ ღირებულებებს, მსოფლმხედველობით გაგებასა თუ მისთანანს).

     მთელი ჰიპოკრატესეული (ამ სიტყვის მეტაფორულ-განყენებული ფართო გაგებით) პათოსისა თუ მოწოდების ხელმძღვანელობით, ექიმი არსობრივად მოქმედებს და პაციენტის მიმართ დამოკიდებულება აქვს შემდეგი სახით: “Primum non nocere”. თუმცა ეს Nocere (ზიანი) დაყვანილია ფიზიკურ, მატერიალურ სამყარომდე - რომელშიც ასევე შედის ფსიქიკური სამყაროც. ფაქტობრივად, ექიმის, როგორც მკურნალის, საქმიანობისა და მიზანსწრაფვის ამოსავალი წერტილი გახლავთ თვალით სახილველი თუ ხელით შესახები მოცემულობების ორიენტირი, და საბოლოო შედეგში ამ უკანასკნელის მიხედვით განისაზღვრება პაციენტის ჯანმრთელობის ზიანის ხარისხი.

     ყველაზე ცხადი და მკაფიო მაგალითი ექიმის მიერ ზემონახსენები მოქმედების პრინციპისა გახლავთ ომის მდგომარეობა, რომლის დროსაც სამხედრო ექიმი - შეიძლება ითქვას, რომ - საერთოდაც არ უსმენს დაჭრილ მეომარს, სურს თუ არა მას გადარჩენა და სიცოცხლის შენარჩუნება (გარკვეულ მიზეზთა გამო; მაგალითისათვის: კიდურის დაკარგვა, დაბრმავება, წელს ქვემოთ მოწყვეტა, დაყრუება და ასე შემდეგ) - არამედ ეს ექიმი მთელი თავისი ჩართულობით მიმართულია მხოლოდ იმისაკენ, რომ გადაარჩინოს მებრძოლის სიცოცხლე.

ამაზე მახსენდება სამხედრო პრინციპის შეკითხვა ჯარისკაცის გამოხსნის შესახებ, თუ რომელს გადაარჩენს ექიმი ბრძოლაში - თავის მეგობარს თუ სხვა რიგითს. ხოლო პასუხი ასეთია: “რომელიც უფრო ახლოსაა [ექიმთან].” იქნებ ახლოს მყოფ დაჭრილ რიგითს საერთოდაც აღარ სურს სიცოცხლე? ხოლო მისი მეგობრის დამოკიდებულებისა თუ წარმოდგენების შესახებ სიცოცხლეზე ასე თუ ისე უწყის ექიმმა... იქნებ უეჭველად იცის ექიმმა, რომ ამ უკანასკნელის მეგობრისათვის სიცოცხლე ძალზე ძვირფასია? მაგრამ აქ ადგილი აქვს წმინდა პრაგმატიზმს: იმ მომენტში ექიმი არ არის ცალკეული პიროვნება, არამედ - ინდივიდი.

     და ერთი შეხედვით თითქოს მაღალეთიკური და მიუკერძოებელი პროფესიული შეგნება შესაძლოა, სრულებით უზღუდავდეს ადამიანს არჩევანის თავისუფლებას: ექიმი აუცილებლად ეცდება იმ ჯარისკაცისათვის სიცოცხლის გადარჩენას, რა სიცოცხლეც საერთოდ არ სურს ხსენებულ მომაკვდავს (მაგრამ მას ვინღა უსმენს?). ამგვარი დეონტოლოგიური პრობლემები პირობით ხასიათს იძენს და საბოლოდ უამრავ საკამათო კითხვას ბადებს, რომლებზეც გაცემული ერთი შეხედვით მარტივი პასუხები ცოტაოდენი ფილოსოფიური ჩაღრმავებითაც კი პარადოქსულ ფენომენებს ემსგავსება... 

     ანდა როდესაც თვითმკვლელობის მცდელობის შემდგომ შემთხვევით გადარჩენილ პიროვნებას - რომელმაც, მაგალითისათვის, გარკვეული აბებისა თუ წამლების სასიკვდილო დოზა მიიღო შეგნებულად - ძალით უტარებენ სასწრაფო პირველად დახმარებას, რათა დააბრუნონ იგი ისეთ გარემოში, რასაც სწორედ ცოტა ხნის წინ გაურბოდა. ჰუმანიზმისა და ჰუმანიტარიანიზმის სახელით თუკი ვიღაღადებთ - ცოტაოდენ პათეტიკურ და რომანტიკულ პათოსსაც თუ მივუმატებთ და ხოტბას შევასხამთ ექიმის გმირობას - მაშინ აღნიშნული სიტუაცია საკმაოდ მიმზიდველად და ღირსეულად წარმოგვიდგება, თუმცაღა ყოველივე ეს რომ დავცალოთ ნებისმიერი სახის სენტიმენტალიზმისაგან, შედეგად მივიღებთ მარტოოდენ ძალადობას ადამიანის თავისუფალი ნების წინააღმდეგ. 

(პარალელი: სუიციდის მცდელობის შემთხვევაში გადარჩენილ თვითმკვლელს ფულადი ან სხვა სახის ჯარიმა რომ ეკისრება - აი, რას გამოიღებს ნაყოფად ვითომ მაღალმოქალაქეობრივი შეგნება და საზოგადოების თითოეულ წევრზე “ზრუნვა”.)

     ამასთანავე, ყურადსაღებია ის ფენომენიც, რომელიც შეეხება ექიმის მხრიდან პაციენტის ფსიქო-სულიერი მდგომარეობის გათვალისწინებასა და მის მოფრთხილებას, როდესაც საქმე გვაქვს ამ პაციენტის კვლევის შედეგად მიღებული დასკვნის უწყებას გარკვეულ დაავადებაზე (მაგალითისათვის, სიმსივნე). მაშინ, როდესაც ერთ ექიმს იმ კონკრეტულ შემთხვევაში ასობით ადამიანის მომსახურება უწევს, რატომ უნდა იფიქროს და ინდივიდუალური მიდგომით გაუწიოს ანგარიში ყოველი პაციენტის მგრძნობელობას დაავადების ცნობებისას? განა ექიმმა იმაში უნდა ხარჯოს დრო, თუ როგორ უთხრას და რა წინადადებებით შემოუაროს მთავარ სათქმელს, რათა ერთ რიგით პაციენტს გული არ აუკანკალდეს და ნერვიულობით არ დასნეულდეს, როდესაც თავის დიაგნოზს გაიგებს?

დაავადებასთან (უფრო მეტად კი - სასიკვდილო დაავადების შემთხვევაში) მამაცურად და ფსიქოლოგიური სიმყარით შესახვედრად, ამისათვის არსებობენ სპეციალურად განკუთვნილი პროფესიის ადამიანები - ფსიქოლოგები ან/და ფსიქოთერაპევტები (ზოგჯერ კი, ფსიქიატრებიც). 

     დასასრულ, ექიმის მხრიდან იმის მცდელობა - რომ რაც  შეიძლება ემოციურად მარტივად მიიღოს პაციენტმა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ე.წ. status quo (რაც გამოიხატება დიაგნოზის შერბილებული ფორმით უწყებაში, ანდაც, კრიტიკული შემთხვევებისას, საერთოდ მის დამალვაშიც კი) - გახლავთ უდიდესი ტყუილი და არაადამიანური სისასტიკე, ვინაიდან პიროვნებას საკუთარი ორგანიზმის მდგომარეობაზე არასრული ინფორმაცია ეძლევა... და ეს ყოველივე მხოლოდ და მხოლოდ ემოციურ-ფსიქოლოგიური დაძაბულობისა და სტრესის შემსუბუქების გამო. ნუთუ სავსებით ღირსეული და კიდევ უფრო ეთიკური არ იქნება იმგვარი ქმედება, რომ ყოველგვარი მანიპულაციების გარეშე (თუნდაც ეს დადებითი მოტივის მატარებელი იყოს იდეაში) სრულყოფილად ეცნობოს პიროვნებას საკუთარ ფსიქო-სომატურ მდგომარეობაზე, და შემდგომ ამისა, თავად გადაწყვიტოს - ინერვიულოს, დაისტრესოს, პირიქით, გაუხარდეს, დამშვიდდეს თუ, საერთოდაც, ეგზისტენციალურ კრიზისში ჩავარდეს…? ნუთუ ექიმმა უკეთ იცის, რისი მოსმენა მსურს და როგორი ფორმით?

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.