ამბობენ, ქვეყნად იმდენი აზრი არსებობს, რამდენი გონებაც არისო. ჩვენი შეხედულებები ერთმანეთისგან განსხვავდება, შესაბამისად ერთსა და იმავე საკითხს შესაძლოა სხვადასხვაგვარად მივუდგეთ. შესაძლოა მე დიდ მნიშნვლეობას ვანიჭებდე სიტყვებსა და მათ მნიშვნელობას, სხვა კი ამაში არ მეთახნმებოდეს, ამიტომაც განსხვავდება, თუ რა პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენს ნათქვამ სიტყვებს.
„გპირდები“- ვიღაცისთვის იმდენად ძლიერი სიტყვაა, რომ მის შესასრულებლად ყველაფერს გააკეთებს და მხოლოდ მაშინ გასცემს ამ პირობას, როდესაც სრულიად გააზრებული აქვს აღებული პასუხისმგებლობა. ამავდროულად ვარსებობთ ადამიანების ისეთ კატეგორიაც, რომლებიც დაპირებებს ასე სერიოზულად არ აღვიქვამთ. ვამბობთ და შეიძლება არ ავასრულოთ, თანაც ამის გამო შესაძლებელია თავი მცირედითაც არ ვიგრძნოთ დამნაშავედ და გასამართლებელი მიზეზები მოვიფიქროთ, თუ რატომ არ ვართ ცუდი ადამიანები პირობის დარღვევისთვის. რა თქმა უნდა, იგივე დამოკიდებულება არ გვაქვს თუ სხვა მოგვცემს პირობას, რომელსაც ან ვერ შეასრულებს, ან მის შესრულებას თავიდანვე არ აპირებდა. ასეთ შემთხვევაში ვბრაზდებით და ვერაფრით ვამართლებთ მათ ქცევას. ჩვენ გვსურს, რომ ყოველთვის როდესაც რაიმეს დაგვიპრდებიან, შეასრულონ, თუმცა საკუთარი თავისთვის იგივე რამის დაწესება გვიჭირს.
კანტი ამ სიტუაციიდან გამოსავალს გვთავაზობს და გვეუბნება, რომ ყოველთვის ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც სხვები გვინდა რომ მოგვექცნენ. ისეთი რამე არ უნდა გავაკეთოთ, რაც არ გვინდა, რომ საყოველთაოდ მიღებული კანონი იყოს, რადგან ვიცით, რომ მომავალში ჩვენთვის არასახარბიელო იქნება. მხოლოდ იმ სიტუაციის მიხედვით არ უნდა ვიმოქმედოთ, რომელშიც აღმოვჩნდებით. არ უნდა მოიტყუო, რადგან არ გინდა რომ მოგატყუონ; არ მოიპარო, რადგან არ გინდა მოგპარონ; არ მისცე ტყუილი დაპირება, რადგან არ გინდა, რომ შენც ტუილად დაგპირდნენ. ასეთ სამყაროში ცხოვრება კანტისთვის ალბათ იდეალური იქნებოდა, შესაძლოა თქვენც ასე მოგეჩვენოთ, მაგრამ კანტს არ უფიქრია ისეთ სიტუაციებზე, რომლებიც შესაძლოა ძალიან იშვიათად ხდება, თუმცა რადგანაც ხდება, ისინი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მაშინ, როდესაც გვინდა რაიმე მორალურ პრინციპს ყველა დავამორჩილოთ.
თუ ჩვენ ვიცხოვრბეთ სამყაროში, სადაც იმას არ აკეთებთ, რაც არ გინდათ სხვამ გაგიკეთონ, მაშინ თქვენ ვალდებული იქნებით შეასრულოთ მეგობრისთვის მიცემული პირობა, რომ ორშაბათ დილას აუცილებლად გაყვებით ექიმთან ვიზიტზე. მისთვის მიცემულ პირობას ვერ გატეხავთ, რადგან არ გსურთ მანაც იგივე გაგიკეთოთ, როდესაც თავად დაგჭირდებათ მისი თანადგომა და გამხნევება ექიმთან ვიზიტისას. ორშაბათს მეგობართან შესახვედრად გამოსულს გხვდებათ სხვა ადამიანი, რომელსაც თქვენი დახმარება სჭირდება, თუმცა მეგობართან გაგვიანდებათ. თქვენ არ გინდათ, რომ გასაჭირში მყოფს ზურგი გაქციონ და დახმარების ხელი არ გამოგიწოდონ, ამიტომ ვალდებული ხართ დაეხმაროთ მას. თუმცა ეს ნიშნავს იმას, რომ დადებული პირობის გატეხვა მოგიწევთ.
ამ მორალური პრინციპის გამო გაჩენილი ვალდებულებები ერთსა და იმავე დროს, ერთდროულად გაწვებათ, ამიტომაც გიწევთ არჩევნის გაკეთება. რა გირჩევნიათ, მომავლში თქვენთვის მოცემული პირობა დაარღვიონ, თუ გასაჭირში მყოფს არავინ დაგეხმაროთ. ფაქტი ის არის, რომ ორივე ვალდებულებას ვერ შეასრულებთ, გიწევთ იმის გაკეთება, რაც არ გინდათ, რომ თქვენ გაგიკეთონ. კანტის ეს მორალური პრინციპი ბუნდოვანია, არ გვაძლევს პასუხებს იმ სიტუაციებზე, რომელთა მსხვერპლიც შეიძლება გავხდეთ.
არარეალურია, რომ რაიმე განსაზღვრული ქმედება გამოსადეგარი და სასრგებლო იყოს ყველა სიტუაციაში. შესაძლოა ერთი და იგივე ქმედება, მაგალითად ის, რომ პირობა არ დავარღვიოთ, სასარგებლო იყოს ერთ სიტუაციაში, თუმცა სხვა გარემოებების წინაშე მყოფს იგივე პრინციპმა ზიანი მოგვიტანოს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ყველა სიტუაციაში ზიანის მომტანი იქნება და მისი გამოყენება არასწორია. არ არსებობს ორი ზუსტად ერთნაირი სიტუაცია, შესაბამისად ჩვენი ქმედებებიც ვერ იქნება ზუსტად ერთნაირი. ყველა შემთხვევა არის განსაკუთრებული, ამიტომ ერთი მორალური ქმედება ვერ იქნება აბსოლუტური. ისღა დაგვრჩენია, რომ კანონის გარეშე ვენდოთ ერთმანეთს. ვეცადოთ, რომ დადებული პირობა შევასრულოთ და „pinky promise” მაშინ გავტეხოთ, როდესაც გამოუვალ სიტუაციაში აღმოვჩდებით.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.