ENG GEO

Search form

არის თუ არა ვეგეტარიანელობა მორალური მაქსიმა?

თუკი, აქამდე ცხოველთა უფლებების საკითხი თქვენთვის არასდროს დამდგარა დღის წესრიგში, პეტას ბოლოდროინდელი აქტიური კამპანიის შემდგომ, შეუძლებელია, წამით მაინც არ დაფიქრებულიყავით საბრალო გოჭების ბედზე, რომლებიც იუთუბზე თქვენი საყვარელი მუსიკის გაჟღერებამდე გახსენებენ თავს და მოგიწოდებენ უარი თქვათ საუზმედ მათი და-ძმებისგან დამზადებული ბეკონის და ლუდთან თავად მათივე სარდელის მირთმევაზე. ამ დროს ზოგიერთი ჩვენგანი თვალს ვარიდებთ ეკრანს და სულმოუთქმელად ველოდებით როდის დამთვარდება რეკლამა, ზოგი ვიდეოს არეპორტებს არასასიამოვნო კადრებიდან გამომდინარე, ხოლო ზოგს საკუთარი ამორალურობით ზიზღი უჩნდება და მართლაც ხდება ვეგეტარიანელი. ჩნდეება კითხვა, ნუთუ, კაცობრიობის უმეტესი ნაწილი არაეთიკურად ცხოვრობს და დროა, ადამიანმა ამოიღოს ხორცი თავისი კვების რაციონიდან.

დეონტოლოგიური გაგებით, ქმედება უნდა განვსაჯოთ იმის მიხედვით, რამდენად სწორია იგი თავისთავად. არის რაღაცები, რასაც ჩვენ სავალდებულოდ მივიჩნევთ, იმის მიუხედავად, რომ ისინი თანხვედრაში არ მოდიან ჩვენივე სურვილებთან. სწორედ ამას უწოდებს კანტი ვალდებულებას. მორალურობა კი მისთვის პირდაპირ კავშირშია ვალდებულებასთან. შესაბამისად, თუკი ვეგეტარიანელობის მორალურობაზე დავიწყებთ მსჯელობას, უნდა დავამტკიცოთ, რომ იგი წარმოადგენს ადამიანის კეთილ ნებას, იმას, რაც თავისთავად კარგია, შედეგებისა და დამოკიდებულებების გათვალისწინების გარეშე. ამგვარი გაგებით, ვეგეტარიანელობას ვერ მივიჩნევთ მორალურ ქმედებად, თუკი მისი განმაპირობებელი ფაქტორი იქნება ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ხორცის მიმართ ზიზღი, რელიგიური ღირებულებები. ის ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება წარმოადგენდეს კეთილ ნებას, როცა არსებობს ხორცის ჭამის სურვილი, თუმცა იგი დათრგუნულია.

იმისათვის, რომ რაიმე ქმედება მორალურ მაქსიმად ვაღიაროთ, მან უნდა გაიაროს ტესტი. კანტი ერთმანეთისაგან განასხვავებს ჰიპოთეტურ და კატეგორიულ იმპერატივს. განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ კატეგორიული იმპერატივის შემთხვევაში, საქმე გვაქვს უნივერსალურ მაქსიმასთან, რომელსაც ყველა ჩვენგანი ვალდებულია დაემორჩილოს, ხოლო ჰიპოთეტური იმპერატივი გულისხმობს, რომ მე თავად უნდა განვსაჯო და გადავწყვიტო, შევასრულებ, თუ არა ბრძანებას. მაგალითისთვის, თუკი ვეგეტარიანელობას კატეგორიულ იმპერატივს მივაკუთვვნებთ, ყველა ადამიანის ვალდებულება გახდება ხორცი ამოიღოს კვების რაციონიდან, შესაბამისად ეს უკანასკნელი იქნება უნივერსალური მაქსიმა. თუმცა, იმისათვის, რომ იგი კატეგორიულ იმპერატივად მივიჩნიოთ, პასუხი უნდა გავცეთ ორ შეკითხვას, რამდენად არის შესაძლებელი და რამდენად არის სასურველი, ეს უკანასკნელი იქცეს უნივრესალურ კანონად. პირველ შეკითხვაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პასუხი დადებითია. დღესდღეობით არსებობს არაერთი შემცვლელი, რომელიც ორგანიზმს მიაწვდის საჭირო დანამატებს. შესაბამისად, არსებობს საფუძველი ვამტკიცოთ, რომ ვეგეტარიანელობა ნებისმიერი ადამიანისათვის ხელმისაწვდომია (თუმცა, რა თქმა უნდა, ეს სადავო საკითხია, რადგან ნებისმიერი სახის საკვები დანამატი მოსახლეობის უმეტესობისთვის ფუფუნების საგანს წარმოადგენს). რაც შეეხება, მის სასურველობას, ვინაიდან ამ შემთხვევაში ცოცხალ არსებას ტკივილს არ აყენებ და ეკოსისტემას არ აზიანებ, შესაძლებელია იმის მტკიცებაც, რომ იგი სასურველია. დავუშვათ, რომ ამ მიზეზების გამო, ვეგეტარიანელობა მივიჩნიეთ კატეგორიულ იმპერატივად. აქ ჩნდება ახალი გამოწვევა. იგი წარმოადგენს სრულყოფილ, თუ არასრულყოფილ ვალდებულებას. ვინაიდან საუკუნეების განმავლობაში ადამიანი ხორცის მჭამელი არსებაა და ეს მისთვის ბიოლოგიურად ბუნებრივ მდგომარეობას წარმოადგენს, იმის მტკიცება, რომ ვეგეტარიანელობა სრულყოფილი ვალდებულებაა, უსაფუძვლოა. კაცობიობისთვის ხორცის ჭამას ზიანი არ მოუყენებია (ბევრი ვეგეტარიანელი ამტკიცებს, რომ ვინაიდან, პანდემიების უმეტესობა სწორედ ცხოველებისგან ვრცელდება, ამ უკანასკნელს ზიანი მოაქვს კაცობრიობისთვის). რაც შეეხება, არასრულყოფილ ვალდებულებას, ამისათვის უნდა განვიხილოთ, რა შედეგამდე შეიძლება მიიყვანოს კაცობრიობა მომავალში ხორცის ჭამამ. ამ კუთხით, ვეგეტარიანელობის გასამართლებელ უეჭველ საბუთს ვხვდებით ინდუიზმში. რეინკარნაციისადმი რწმენა ადამიანს აფიქრებინებს, რომ შესაძლოა მომავალში თავად აღმოჩნდეს ამ ცხოველის ადგილას და ამიტომ თავი უნდა შეიკავოს მისი ჭამისგან.

კანტისთვის მორალურობა მხოლოდ რაციონალური არსების მახასიათებელია. სწორედ ამიტომ, ერთმანეთს ყოველთვის უნდა მოვებყრათ, როგორც თავისუფალ, რაციონალურ აგენტებს. ადამიანები არსებობენ თავისთვის და არა იმისთვის, რომ სხვამ გამოიყენოს. რაც შეეხება ცხოველებს, მათთვის რაციონალურობა უცხოა და შესაბამისად, მათ უფლებებზე საუბარი არაა. თუმცა, შეგვიძლია იმის მტკიცებაც, რომ ცხოველებიც საკუთარი თავისთვის არსებობენ და არა იმისთვის, რომ ადამიანმა მოიხმაროს. საგნების წარმოშობის მიზეზი ადამიანია და მათი დანიშნულებაც არის მოხმარება, ადამიანის სურვილების შესაბამისად, თუმცა, იმავეს ვერ ვიტყვით ცხოველების შესახებ. შესაბამისად, შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ნებისმიერი რამ, რისი წარმოშობის მიზეზიც არ არის ადამიანი, არსებობს თავისუფლად და მისი გამოყენება პირადი მიზნების განსახორციელებლად არაეთიკურია.

აქედან გამომდინარე, შემდეგზე, როცა რეკლამიდან გოჭის საბრალო თვალებს დაინახავთ, შეგიძლიათ სინდისი დაიმშვიდოთ, რომ მორალურად მის წინაშე არანაირი ვალდებულება არ გაგაჩნიათ, ან კანტის ეთიკას გადეხოდოთ და მასში ნაკლოვანება აღმოაჩინოთ. იქნებიან ისეთებიც, ვისთვისაც ცხოველების ჭამა უბრალოდ არასწორია პირადი შეხედულებებისგან გამომდინარე (ჰიპოთეტური იმპერატივი) და ამას მორალურ მაქსიმასთან კავშირი არ აქვს.

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.