ამართლებს თუ არა კანტის ეთიკა, იგივე დეონტოლოგია, მაშინ, როცა საქმე რეალურ ცხოვრებას ეხება?
კანტის ეთიკა კონცენტრირებულია მოვალეობაზე. ანუ თუ ადამიანმა ერთხელ დადო პირობა, ფიცი ან თუნდაც რაიმე სახის აღთქმა, იგი ვალდებულია თავისი მორალი გვერდით გადადოს ყველაზე წარმოუდგენელ, ექსტრემალურ სიტუაციებშიც კი და ბოლომდე უერთგულოს თავის მოვალეობას, მიუხედავად იმისა, ეწინააღმდეგება თუ არა ეს მის მორალს. აქედან შეგვიძლია გამოვიყვანოთ მსჯელობა, რომ ადამიანმა საკუთარ სიტყვას დიდი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს. მისი მიღებული გადაწყვეტილება იმაზე მაღლა დგას, რასაც მორალი ჰქვია, მიუხედავად იმისა, რომ, ალბათ, მორალიც ოდესღაც მიღებული გარკვეული გადაწყვეტილების შედეგი გახლავთ.
ვფიქრობ, გამომდინარე იქიდან, რომ მორალსა და მოვალეობას, გარკვეულწილად, ერთი საწყისი აქვთ, შეიძლება, რომ მორალმა მოვალეობის განხორციელებას ხელი არ შეუშალოს. ის, რაც ლოგიკის ჩარჩოებში არ ჯდება, სულაც არ ნიშნავს, რომ პრაქტიკაში ვერ განხორციელებულდება. ადამიანის უნიკალურობაც, ალბათ, სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია, სრულიად არგუმენტირებული, ლოგიკური, დრო-სივრცული მსჯელობები თავდაყირა დააყენოს და საკუთარი მორალით გამოძერწოს. ამის ყველაზე კარგ მაგალითად მახსენდება ფრენკ დარაბონდის ფილმი - “The Green Mile”, რომელიც გადაღებულია სტივენ კინგის ამავე სახელწოდების რომანის მიხედით. მთავარი გმირი პოლ ეჯკომბი გახლავთ, ციხის ზედამხედველი, რომლის მორალური ღირებულებები ნამდვილად აღემატება იმ საქმეს, რომელსაც აკეთებს. იგი მრავალი წელია ზემოთხსენებულ პოზიციაზე მუშაობს, პირნათლად ასრულებს თავის საქმეს, ღირსეულად ეპყრობა პატიმრებს, მიუხედავად მათი დანაშაულის სიმძიმისა და ცდილობს, რომ ელექტრო სკამამდე მისასვლელი ბოლო გზა - „მწვანე ბილიკი“ ცოტა მაინც შეუმსუბუქოს. ის ყოველთვის უსმენს მსჯავდებულის ბოლო სიტყვას და განაჩენის აღსრულებამდე წარმოთქვამს „ამინ“-ს. თითქოს, უცნაური ამაში არაფერია, მაგრამ აბა წარმოიდგინეთ, ერთი ადამიანი, რომელიც უამრავი პატიმრის გრძნობებს ძალიან ცხადად განიცდის. ალბათ, ძალიან რთული უნდა იყოს მორალურად, არა? თუმცა, თავს მაინც არ ანებებს ამ სამუშაოს, რადგან ეს მისი დაკისრებული მოვალეობაა.
პოლ ეჯკომპბის(ასევე მისი კოლეგების) მთავარი დილემა მაშინ დაიწყება, როცა საკანში პატიმარ ჯონ კოფს მოიყვანენ, რომელსაც ბრალად ტყუპი გოგონების გაუპატიურება და შემდეგ მოკვლა ედება. ჯონს ბრალი მხოლოდ იმიტომ წაუყენეს, რომ უკვე გარდაცვლილ გოგონებთან ერთად დანაშაულის ადგილას ნახეს. ფილმის განმავლობაში კარგად ჩანს, რომ ის უდანაშაულოა. ამას ზედამხედველებიც კარგად ხედავენ, განსაკუთრებით პოლ ეჯკომბი. ჯონ კოფის მოყვანის დღიდან მათ საკუთარ თავთან ჭიდილი ეწყებათ, არჩევანი დაკისრებულ მოვალეობასა და მორალს შორის უნდა გაკეთდეს. ჯონს საოცარი უნარი აქვს - იგი კურნავს დასნეულებულ ადამიანებს, თუმცა ამის საფასურად იგი თავისი სიცოცხლის საათებს, დღეებსა და წლებს წირავს. მისი გიგანტი სხეული მხოლოდ სიკეთითა და კაცთმოყვარობითაა სავსე. ჯონი ჩადის სიკეთეს, რომლის საფასურს თავადვე იხდის.
ზემოთ პოლ ეჯკომბის ტანჯვა ვახსენე. ვფიქრობ, მისი ეს ტანჯვა ერთგვარი საფასურია იმისა, რომ იგი მოვალეობას და მორალს ერთმანეთს უკავშირებს და ცდილობს, ადამიანის ბოლო წუთები ჰაერივით მსუბუქი გახადოს. იგი ამას თავის თავზე გამოცდის, თუმცა მიუხედავად ყოველი ახალი დათმობილი სიცოცხლის დროს განცდილი ტკივილისა, მოვალეობის მარწუხებისა, იგი ერთი წამით არ თმობს არც თავის მორალს და არც მოვალეობას. ეს პერსონაჟი ნათელი მაგალითია იმისა, რომ მორალისა და მოვალეობის თანაარსებობა, თუნდაც წინააღმდეგობრივი სახით, შესაძლებელია, თუ შეგიძლია სანაცვლოდ მსხვერპლი გაიღო.
პოლ ეჯკომბისა და ჯონ კოფის ამბები ერთგვარ თანაკვეთაშია, რადგან მათ ისინი თავიანთი მორალისთვის იხდიან საფასურს. ეს საფასური კი ყველაზე ძლიერ ადამიანურ, მორალურ კავშირს ამყარებს მათ შორის, მიუხედავად მოვალეობრივი განსხვავებებისა.
მაშინ რა გამოდის, არსებობს განა კანტისეული ეთიკა სრულიად ცალკე, წინააღმდეგობების გარეშე? თუმცა როგორ, როცა სამყაროში მორალს თავისი, პირადი, უნიკალური ღირებულება გააჩნია.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.