ENG GEO

Search form

კეთილი ნება მარწუხების მიღმა

     უპირობო სიკეთედ ჩვენ მივიჩნევთ მხოლოდ კეთილ ნებას, ამბობს კანტი. ყველაფერ დანარჩენს საკუთარი ღირებულება აქვს სწორედ ამ კეთილ ნებასთან მიმართებაში, და იგი გვესახება სიკეთედ იმ შედეგებისგან დამოუკიდებლად, რომლებიც მიიღწევა მასზე დაყრდნობით. მხოლოდ კეთილ ნებას გააჩნია თვითღირებულება. სწორედ ეს ერთადერთი უპირობო სიკეთე, რომლის ბრწყინვალებასაც კანტი ძვირფას ქვებთან აიგივებს, თითქოს კარგავს საკუთარ ღირებულებას მისსავე მორალურ ფილოსოფიაში, ხდება რა ის დაქვემდებარებული ვალდებულებაზე. საპასუხოდ, იბადება კითხვა: აკნინებს თუ არა კანტისმიერი ეს ფორმულირება კეთილი ნების პირველად ფორმას, რომელიც მხოლოდ ადამიანის შინაგან სურვილს უკავშირდებასიკეთის კეთებისას?

     ყოველი ჩვენგანი საზოგადოებრივ ტრანსპორტებსა თუ ქუჩაში მუდამ შეხვდება მოწყალების მთხოვნელ ადამიანებს, რომელთაც ელემენტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად უწევთ ყოველდღური ბრძოლა გადაიტანონ არსებობისათვის და საკუთარი თავი დაიმდაბლონ სხვათა შორის, გახდნენ მრავალთა დამცინავი მზერის, დამამცირებელი გამონათქვამების მსხვერპლი. რა წარმოადგენს იმის მიზეზს, რომ ჩვენ მოწყალებას გავცემთ? თანაგრძნობა, რომელსაც ამ ადამიანისადმი განვიცდით თუ მოვალეობის შეგრძნება? კანტი თვლის, რომ პირველი შემთხვევა თავისუფალია მორალური ღირებულებებისაგან, იმის მიუხედავად, რომ მას პირდაპირ ეხმიანება, ხოლო გამართლებულია მეორე საქციელი იმ შემთქვევაშიც კი, თუ წარმოვადგენთ ადამიანს, რომელსაც არ გააჩნია თანაგრძობა სხვისი ტანჯვის მიმართ და არც სურვილი, რომ მას დახმარება გაუწიოს. ამრიგად, კეთილ ნებას კანტთან მეორეხარისხოვანი დატვირთვა ენიჭება: მლქიქვნელ ადამიანს შეუძლია გაიღოს თანხა სხვის დასახმარებლად, თაღლით მოვაჭრეს- გაუწიოს პატიოსანი სამსახური მომხმარებელს, ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, რომ ისინი დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. ეს მოქმედებანი, ნაკარნახევი მხოლოდ მოვალეობით, სრულიად სცდება საზღვრებს კეთლი ნებისას და აუფასურებს მოქმედებას, რომელიც სახეზე რჩება. ამის საპირისპიროდ, მოქმედება, რომელიც განპირობებულია კეთილი ნებით, უნიკალურია, კეთილხარისხოვნებას კეთილი ნებისას შეუძლებელია ღირებულება დაეკარგოს ან შეუმცირდეს, რასაც, სამწუხაროდ, კანტის შემოქმედებაში ვაწყდებით. მსგავსი მიმართება, წარმოდგენილი მის შემოქმედებაში, წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან. კანტი ერთადერთ უპირობო სიკეთეს უკნინებს როლს და უკარგავს იმ ღირებულებას, რომლის გარეშეც ვერ იარსებებს სიკეთე, რომელიც შეიძენს ღირებულებას კეთილ ნებასთან მიმართებით, ის ამით უპირისპირდება საკუთარ ნააზრევსაც, როდესაც ამბობს, რომ „მხოლოდ კეთილ ნებას გააჩნია თვითღირებულება“.

     როგორც ვახსენე, კანტი ეწინააღმდეგება მისსავე ნააზრევს და წარმოაჩენს კეთილ ნებას დეფორმირებული სახით: “To act from good will is acting for the sake of duty”. კეთილი ნება, თავისი ჭეშმარიტი მნიშვნელობით, აღნიშნავს ადამიანურ ქმედებას, რომლის აღსრულება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც ის დაცლილია ყოველივესაგან, რაც თავისუფალ ნებაზე მოახდენდა გავლენას. კეთილი ნება ზიარებულია ადამიანური გონებასთან და მისი თანახმიერია, ის თავისთავად არ არის მომავალ შედეგზე აგებული. ამგვარად, აქტი, რომელიც კეთილ ნებაზეა დამყარებული აუცილებლად უნდა იყოს ინდივიდუალური, მას არ უნდა განაპირობებდეს მოვალეობა და არ უნდა უგულებელყოფდეს ადამიანის რეალურ მიდრეკილებებსადა პირად მოტივებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არათუ ნებელობით, არამედ ვალდებულებით იქნება ნასაზრდოები და ნაკლებად იქნება აღქმული როგორც პიროვნების მისწრაფება სიკეთისაკენ, ის უბრალოდ შეიძენს სახეს საზოგადოების პროდუქტისას. რა თქმა უნდა, არ არის ძნელი წარმოსადგენი, რომ ცუდი ნების მქონე ადამიანიც ისეთივე სტიმულებით გამოირჩეოდეს და იგივე ქმედებებს ასრულებდეს, როგორსაც ასრულებს კეთილი ნების ადამიანი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ამ ქმედების მოტივი საზოგადოებისა თუ კონკრეტული ადამიანის დაკვირვება, შეუეძლებელია კეთილ ნებას დავუკავშიროთ, ვინაიდან ის დროებითი, ყალბი და წარმავალია.

     საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ კანტის მორალურ ფილოსოფიაში მოვალეობა მეტად ჩრდილავს და იქვემდეებარებს კეთილ ნებას, კეთილი ნებას, რომელიც ერთადერთი წყაროა, რომელთან ზიარებისას სხვა საგნები ღირებულებას იძენენ. Კეთილი ნების ჭეშმარიტი პროდუქტის შეფასებას მეტად გაგვიმარტივებს ქმედების მოტივის აღმოჩენა და, ვფიქრობ, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ვუწოდოთ ქმედებას ნასაზროდები კეთილი ნებისაგან, თუ მოვალეობის მარწუხებისაგან გათავისუფლებულსაც ექნება უნარი საკუთარი თავი კეთილ ნებას დაუკავშიროს.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.