ადამიანები ხშირად ვერ აცნობიერებენ რამდენად არადეტერმინირებული შეიძლება იყოს რაიმე პრობლემური სიტუაციიდან გამოსავალი. შემთხვევების უმეტეს ნაწილში ჩვენ პირად გამოცდილებებზე დაყრდნობით წარმოვისახავთ ერთადერთ სწორ ქმედებას და უარვყოფთ სხვა ალტერნატიულ შესაძლებლობებს. რას მომოქმედებდით, თუ იდგებოდით არჩევნის წინაშე, გადაგერჩინათ ან ხუთი ან ერთი ადამიანი? სწორედ ასეთია ტრამვაის აზრობრივი ექსპერიმენტი: თქვენ ტრამვაი ხაზების დარეგულირება გევალებათ მაშინ, როდესაც ერთ გზაზე ტრამვაის გავლით 5 ადამიანი მოკვდება, ხოლო მეორეზე- ერთი. ამ დილემის სხვადასხვაგვარი გადაწყვეტა არსებობს, ყოველი მათგანი შეიძლება ეთიკურ თეორიას ან უბრალოდ რიგითი ადამიანის პრინციპებს ემყარებოდეს, რომლებიც არც მაინდამაინც მყარად თავსთებიან ეთიკური თეორიების საზღვრებში, თუმცა, ამჯერად განვიხილოთ ტრამვაის პრობლემა დეონტოლოგიური თვალსაზრისით.
დეონტოლოგია ზნეობრივი მოძღვრების ის ფორმაა, რომელიც წესებსა და მოვალეობებს ეფუძნება. თუ დეონტოლოგიური ეთიკური თეორიის მიხედვით შევაფასებთ ქმედებებს, სწორსა და არასწორ ქმედებებს გავმიჯნავთ არა მათ მიერ მოტანილი შედეგებით, არამედ მათი შესაბამისობით უკვე დადგენილ წესებთან. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ჰიპოთეტურად შევქმნათ რაიმე მორალური წესი და დავეყრდნოთ მას პრობლემის მოსაგვარებლად. სანამ უშუალოდ წინასწარ განსაზღვრულ წესს გამოვიყენებთ გადაწყვეტილების მისაღებად, ისიც უნდა ითქვას, რომ პრობლემის დეონტოლოგიური თანმიმდევრობით გადაჭრისას ვხვდებით წინააღმდეგობას, რაც უშუალოდ წესების შინაარსობრივ ნაწილს შეეხება. დეონტოლოგია ზუსტად არ გვაძლევს წესებს, რომლის მიხედვითაც უნდა ვიმოქმედოთ. მაშინაც კი თუ კანტის კატეგორიულ იმპერატივის ფუნდამენტურ იდეას გამოვიყენებთ და ვიტყვით, რომ მხოლოდ ისეთი წესით ვიმოქმედებთ, რომელსაც საყოველთაოდ ქცევის პოტენციალი აქვს, მაინც დარჩება ადგილი ინტერპრეტაციისთვის. სწორედ ამიტომ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა თავად წესების შემდგენს ეკისრება, მაგრამ ვინ შეეძლება განსაზღვროს რამდენად სწორად შეასრულებს კონკრეტული ადამიანი ამ მოვალეობას? მოცემული პრობლემის განხილვისას შეგვიძლია თავად დავაწესოთ წესი და გავითვალისწინოთ ისიც, რომ იგი უნივერსალური უნდა იყოს, მაგალითად: დაუშვებელია ადამიანების მოკვლა. ასეთ დროს წავაწყდებით წინააღმდეგობას, რომლის გადალახვაც ფაქტობრივად შეუძლებელია. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ გზაზე დავაყენებთ ტრამვაის, ჩვენს მოქმედებას მაინც მოჰყვება მსხვერპლი და ტექნიკურად ეს ჩვენ მიერ ჩადენილი მკვლელობა იქნება. შეგვიძლია გავაფართოოთ წესი და ვეცადოთ რაც შეიძლება ნაკლები სივრცე დავტოვოთ მოქმედების თავისუფლებისთვის: მაგალითად, წესი შეიძლება გვავალდებულებდეს არ მოვკლათ უდანაშაულო ადამიანები, რაც ტრამვაის პრობლემაში ასევე სრულიად გამოუსადეგარი იქნებოდა. თუმცა, დეონტოლოგიური მიდგომით პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელი იქნებოდა მაშინ, თუ წესში დაზუსტებული იქნებოდა გარემოებები ამგვარად: თუ თავიდან ვერ ვიცილებთ ადამიანებისთვის ზიანის მიყენებას, მაშინ ვეცადოთ მის მინიმალიზებას. რადგან დეონტოლოგიის ზოგადი კონცეფცია ამის საშუალებას გვაძლევს, შეგვიძლია გამოვიყენოთ ორმაგი ეფექტის პრინციპი. ორმაგი ეფექტის პრინციპი ერთგვარი მცდელობაა მორალურად სწორი ქმედების ჩადენის იმ ცოდნის გათვალისწინებით, რომ მას აუცილებლად მოჰყვება ცუდი შედეგიც. ამ პრიცნიპის მიხედვით, მოქმედ პირს განზრახული უნდა ჰქონდეს დადებითი შედეგის მიღება, დადებითი შედეგი უნდა აჭარბებდეს უარყოფითს და მოქმედება აპირორი არამორალური არ უნდა იყოს. თუ ტრამვაის შემთხვევაში ამ გზას მივყვებით, შესაძლებელია გადამრთველის გამოყენება ნეიტრალურ ქმედებად, ხუთი ადამიანის გადარჩენა დადებით შედეგად და ერთი ადამიანის სიკვდილი დადებით შედეგზე უფრო მცირე უარყოფით შედეგად მივიჩნიოთ, თუმცა აქ ობიექტურობის ნაკლებობის საკითხი დადგება. რეალურად, ერთმანეთის საპირწონედ დგას ექვსი სხვადასხვა ადამიანის სიცოცხლე, თუმცა ისეთი მოცემულობაა შექმნილი, რომ უმრავლესობას გადარჩენის მეტი შანსი ეძლევა. კითხვაზე, რამდენად შეიძლება ერთი ადამიანის სიკვდილიც კი კარგი განზრახვის „გვერდით ეფექტად“ ჩაითვალოს, ალბათ პასუხები განსხვავებული იქნება.
მოცემული შემთხვევის დეონტოლოგიური ეთიკური თეორიის საფუძველზე გაანალიზებით ჩემთვის კიდევ უფრო ცხადი ხდება, რომ მორალი მხოლოდ ზედაპირული შეფასების შედეგად შეიძლება მივიჩნიოთ მყარ მოცემულობად. მისი უმოძრაო ჩარჩოში მოქცევას სწორედ ისეთ გადაუჭრელ ბუნდოვანებებამდე მივყავართ, როგორსაც ტრამვაის პრობლემის დეონტოლოგიური განხილვისას წავაწყდით.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.