ENG GEO

Search form

What would Kant think ?

ნებისმიერი მცდელობა, ვიპოვოთ ის ერთადერთი პარადიგმა, რომლის მიხედვითაც ადამიანები კაცობრიობის ისტორიაში განვსაზღვრავთ მოქმედების მართებულობას, მარცხისთვისაა განწირული. სისწორის შეფასებისას შეიძლება ვიხელმძღვანელოთ სოციუმის, რელიგიური ორგანიზაციების მიერ ნაკარნახევი მორალური მაქსიმებით,  ირაციონალური, ეგოისტური ლტოლვებით ან უბრალოდ შედეგებით.  თეორიული შესაძლებლობა ცხადია მრავალნაირია, მაგრამ კანტის ერთადერთი. მოქმედებების სისწორეს იგი დეონტოლოგიური ეთიკით განსაზღვრავს. 

 

 კანტის მიხედვით, მოქმედების მორალური სისწორე არ გამომდინარეობს ჩვენი სურვილებიდან, გრძნობებიდან და შედეგებიდან, არამედ მოვალეობებიდან.  ერთადერთი კითხვა უნდა დაისვას, რამ განაპირობა აგენტის მოქმედება.  განვიხილოთ ორი სიტუაცია. დავუშვათ, გვყავს x ადამიანი, რომელსაც ახასიაათებს მწვავე ემპათიის განცდა, ალტრუიზმი,  გული შესტკივა მომავალ თაობაზე, უმწეო ბავშვებზე, რის გამოც პერიოდულად აწყობს საქველმოქმედო ღონისძიებებს, შემოწირულობებს აკეთებს ბავშვთა სახლებში და აფინანსებს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ბავშვის განათლებას. მეორე მხრივ გვყავს y ადამიანი, სხვა მშობლების მსგავსად ზრუნავს საკუთარ შვილზე. მხოლოდ იმიტომ რომ გააჩინა, უზრუნველყოფს მას საკვებით, სახლით და განათლებით. მიუხედავად იმისა, რომ არცერთი მათგანის ქმედება არაა არასწორი,  საზოგადო აღფრთოვანებას, მოწონებას დაიმსახურებს ქველმოქმედი პიროვნება, რომელიც თავისი კეთილი ნებით, ემოციური განცდების საფუძველზე ეხმარება მათ ვის წინაშეც არანაირი ვალდებულება არ აქვს.  აღფრთოვანების მიღმა კი დარჩება დედა, რომელიც გარკვეულწილად პასუხისმგებლობის გამო, უბრალოდ ზრუნავს თავის ნაშიერზე, სისხლსა და ხორცზე.

 იმის განხილვისას, თუ ვისი ქმედებაა მორალურად ღირებული, უნდა მივუბრუნდეთ კითხვას თუ რამ განაპირობა მოქმედება. X ადამიანის შემთხვევაში, მამოტივირებელი არის ემოცია, ხოლო y ადამიანის შემთხვევაში ბუნებრივი ვალდებულება მშობლისა.  კანტის მოსაზრების გათვალისწინებით, მორალურად სწორად, მართებულად უნდა ვაღიაროთ ქმედება, რომელიც გამოწვეულია ვალდებულებით, და ასევე  უნდა ვთქვათ ისიც, რომ სურვილების, ემოციებისგან გამოწვეულ საქციელს თავისთავად არაფერი აქვს საერთო მორალურობასთან.

 მაგალითში, სადაც დედა ზრუნავს შვილზე მოვალეობის განცდის გამო, არაფერია წინააღმდეგობრივი, მაგრამ საკმარისია ოდნავ შევცვალოთ ნარატივი და გაჩნდება შეუთავსებლობის, ამაზრზენობის  განცდა მორალურად მართებულსა და ვალდებულებას შორის. ასე მაგალითად, ინკების საზოგადოებაში არსებობდა კაპაკოჩას რიტუალი, რომელშიც ძალიან ხშირად ბავშვები წარმოადგენდნენ სამსხვერპლო კრავებს. ისინი არ იყვნენ სამხედრო ტყვეები, მონების შვილები, რომლებზე პასუხისმგებლობასაც არ გრძნობდა საზოგადოება. პირიქით, ეს ბავშვები მემკვიდრეები, გამორჩეული არსებები იყვნენ.  რიტუალის მიზეზი განპირობებული იყო  თავად ინკების რწმენით, რომლის მიხედვითაც, ღვთაებებთან   მხოლოდ საუკეთესო უნდა გაიგზავნოს,  ეს  გახლდათ უპირატესი ვალდებულება, რომელსაც ყველა ინდივიდი იზიარებდა. 

 ამ შემთხვევაში მე მხოლოდ მშობლები მაინტერესებს,  მშობლები რომლებსაც უყვარდათ შვილები, ზრუნავდნენ მათზე, ხედავდნენ მომავალს, საკუთარ გაგრძელებას და ჩვეულებრივ იყვნენ ხოლმე მათი შვილების უსაფრთხო ძილის, სიმშვიდის მცველები.  ჩვენეული  გადმოსახედიდან, ადამიანთა უმრავლესობას არათუ მორალურობა თავად ამ ფაქტის შესაძლებლობა გააკვირვებს. პირველადი რეფლექსით, განცდით და განსჯით ესაა აბსურდი, დაუშვებლობა, რომელსაც გამართლება არ აქვს. 

 თუმცა, კანტის ეთიკას თუ გავყვებით, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი  y დედის და კაპაკოჩას რიტუალში მონაწილე დედის მოქმედებები მორალურად ერთნაირად მართებულია.

 დიახ, შვილზე ზრუნვა ვალდებულებაა, მაგრამ ღმერთებისათვის საუკეთესოს გაღება უფრო დიდ მოავალეობად ითვლებოდა ამ საზოგადოებაში, შესაბამისად კანტისეული აღქმის გათვალისწინებით,  პარადოქსულად, სწორედ ამ უკანასკნელის, საკუთარი შვილის მოცილების, გაწირვის აქტი უნდა მივიღოთ მორალურად მართებულ, სწორ ქმედებად.

 ჩვენ ქველმოქმედი ადამიანის მაგალითის განხილვისას გარკვეულწილად დავგმეთ ემოციები, მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ კანტი მთლიანად გამორიცხავს მათ,  პიროვნებებს აქცევს უემოციო, რობოტულ არსებებად? ცხადია, არა. აქ ადამიანთან ერთად ისევ არსებობს ემოცია, მაგრამ ქმედების შეფასებაში არსებით როლს არ თამაშობს. უფრო მეტიც, ყველა ემოცია, საჭიროების შემთხვევაში უნდა გადაილახოს რათა შესრულდეს ვალდებულება.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.