“non-violence leads to the highest ethics, which is the goal of all evolution.
Until we stop harming all other living beings, we are still savages”( Thomas A. Edison)
შერილ დუნალპი, 64 წლის სკოლის მასწავლებელი, ფლორიდის შტატის უნივერსიტეტის ექთანი, 2007 წლის 15 დეკემბერს ფლორიდის ტყეში გარდაცვლილი და დანაწევრებული იპოვეს. მისი თავისა და ხელის ძვლებს სხეულის აღმოჩენის ადგილიდან 5 მილის მანძილზე მიაგნეს. ნაფიცმა მსაჯულებმა ერთსულოვნად გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი ეჭვმიტანელ გერი მაიკლ ჰილტონს. მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლის ოჯახის მეგობარი ემხრობოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, იგი თვლიდა, რომ ეს მაინც არ იქნებოდა ბოლომდე აღსრულებული სამართალი დაკარგული მეგობრისათვის. მსოფლიო ქვეყნების ორი მესამედის მიერ აკრძალული სიკვდილით დასჯის კონტროვერსიალური ფორმა დღემდე მუდმივი განხილვის საგანია. საინტერესოა თუ როგორ განიხილავს დეონტოლოგია სასჯელის ამ ფორმას და რამდენად მისაღებად მიიჩნევს ადამიანისათვის სიცოცხლის წართმევას.
კანტიანური ეთიკა სიცოცხლის იძულებით დასრულების სხვადასხვა ფორმას განსხვავებულ მსჯელობას უსადაგებს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ კანტისთვის სუიციდი ნებისმიერ შემთხვევაში გაუმართლებელ ქმედებადაა მიჩნეული. იგი საკმაოდ მკაცრად უდგება ამ საკითხს და ამბობს, რომ ადამიანს, ვინც ამგვარად მოიქცევა, არ გააჩნია პატივისცემა ადამიანური ბუნებისადმი. ჩვენ შეგვიძლია მას ისე მოვექცეთ, როგორც მხეცს, უბრალო ნივთს და აღარ მივიჩნიოთ იგი პიროვნებად, რადგანაც მან საკუთარი ჰუმანურობა უარყო. კანტი კატეგორიული იმპერატივის პირველი და მეორე ფორმულირების მეშვეობით ცდილობს თვითმკვლელობის ყოველი მცდელობის უარყოფას და ამ ქმედების ამორალურობის ხასიათის წარმოჩენას.
საინტერესო და ჩემთვის უცნაურია ის ფაქტი , თუ რამდენად განსხვავებული შეხედულება გააჩნია კანტს სიცოცხლის იძულებით დასრულების განსხვავებული სახის, სიკვდილით დასჯის მიმართ. შესაძლოა ადამიანმა ზემოთ აღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე დაასკვნას, რომ კანტიანური ეთიკისთვის იძულებითი სიკვდილის ნებისმიერი ფორმა მიუღებელი უნდა იყოს, თუმცა რეალურად კანტი კერძო შემთხვევებში სასიკვდილო სასჯელს დასაშვებად მიიჩნევს. მას სჯერა სასჯელით სამაგიეროს გადახდის, რეტრიბუციის თეორიის, რომელიც ერთგვარად ,,თვალი თვალის წილ’’ იდეას ეხმიანება. მისი აზრით, სასჯელი უნდა იყოს ბრალის შესაბამისი და დამნაშავე უნდა დაისაჯოს იმგვარად, რომ სამართლიანობა და თანასწორობა, კანონის შესაფერისი საფუძვლები არ დაირღვეს. დანაშაულის სფეროში თანასწორობა და სასჯელი გულისხმობს კრიმინალის მიმართ ზუსტად იმავე რაოდენობის და დონის ტკივილის მიყენებას, რაც მან თავის მსხვერპლს მიაყენა. შესაძლოა ეს ძალიან დაუნდობლად და სასტიკად ჟღერდეს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ის კავშირი, რომელიც სასჯელს პრინციპის იდეასთან და უნივერსალურ კანონთან გააჩნია. მაგალითად, თუ კრიმინალი მოიპარავს, იგი საკუთარი ქმედებით საკუთრებას არასაიმედო ხასიათს ანიჭებს. მისი ქმედებები დამყარებულია მოტივზე, რომლის უნივერსალიზების შემთხვევაშიც ყველას, მათ შორის თავად კრიმინალის საკუთრება არასდროს არ იქნება უსაფრთხოდ. სხვა ადამიანის გაქურდვისას შენ შენი საკუთარი თავისგანაც იპარავ. ამის მსგავსად, პიროვნებას დანაშაულის ჩადენას არავინ აიძულებს, თუმცა თუ იგი მაინც გადაწყვეტს ამ ნაბიჯის გადადგმას, მზად უნდა იყოს ზუსტად იგივე დონის მოპყრობისთვის.
დეონტოლოგიური პერსპექტივიდან გამომდინარე, გერი ჰილტონის საქმეში, სიკვდილით დასჯა მორალურად გამართლებული ქმედებაა. რეტრიბუციის თეორია ამ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ მისი სხეულიც მსგავსად უნდა იქნას დანაწევრებული, როგორც მისი მსხვერპლის შემთხვევში მოხდა, რადგან ეს თეორია არაა შურისძიების ფორმა. კანტი აღიარებს, რომ სიკვდილით დასჯაში დამატებითი სასჯელის, როგორიცაა წამების მოაზრება მხოლოდ და მხოლოდ არაჰუმანური და ამორალური იქნებოდა.
როგორც ჩანს, დეონტოლოგია სიკვდილით დასჯის პრაქტიკას მორალურად დასაშვებ ქმედებად მიიჩნევს. ამის მთავარი არგუმენტი მდგომარეობს ზემოთ აღნიშნულ თეორიაში და კრიმინალის ჰუმანურობის პატივისცემაში. დამნაშავის დასჯით, ჩვენ კონკრეტულ მომენტში მართალია მისი სურვილის წინააღმდეგ მივდივართ, მაგრამ ზოგადად პატივს ვცემთ მისი არჩევანის თავისუფლებას. ხელისუფლება აღიარებს როგორც კერძო ქმედების ჩადენის თავისუფალ ნებას, ასევე ამ ქმედებით გამოწვეულ პასუხისმგებლობას. ასეთი ქმედებით ჩვენ კრიმინალს მოვიაზრებთ როგორც თავად მიზანს და არა საშუალებას, რაც პატივისცემის ფორმაა კანტის მიხედვით და ასე ვიქცევით მიუხედავად იმისა, შეიცავდა თუ არა ასეთ პატივსაცემ ქმედებებს დამნაშავის ცხოვრებისეული სტილი და გადაწყვეტილებები. დეონტოლოგიური ეთიკა საშუალებას გვაძლევს, რომ აღვიქვათ ადამიანი, როგორც ისეთი არსება, რომელსაც მიზანი საკუთარ თავში აქვს და ვცნოთ, რომ მისი ქმედებები აირეკლავს იმ სამყაროს, რომელში ცხოვრებაც მან თავად გადაწყვიტა და თუ ამ სამყაროში სიკვდილიც მოიაზრება, სწორედ თავად პიროვნების ქმედებების დამსახურებაა საკუთარ სამყაროში მისი მიღება.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.