ENG GEO

Search form

სახელმწიფო სისტემაში სიმდიდრე ნიშნავს პოლიტიკურ ძალაუფლებას

როდესაც ადამიანი იბადება იგი სამყაროს შიშველი ევლინება და ამ დროს დაუცველ, უსურ არსებას წარმოადგენს. ადამიანს სჭირდება გონება, რათა შეძლოს განვითარება, ბოროტისა და კეთილის გარჩევა, რაც მას დაეხმარება მისი სურვილების დაკმაყოფილებისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში. ადამიანისთვის ერთადერთი ბუნებრივი გამოსავალი იმისთვის, რომ გადარჩეს და  კეთილდღეობას მიაღწიოს, არის გონება და არა სიმდიდრე. როგორც ლოკი იტყოდა, ადამიანმა ყოველივე მის ქმედებაში უნდა ჩადოს საკუთარი შრომა, რათა იგი შემდგომში აქციოს სიკეთედ, რომელიც უზრუნველყოფს არამხოლოდ მის არამედ სხვათა კეთილდღეობას.

უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ფული ყოველთვის იყო ხალხის მამოძრავებელი ძალა. ადამიანები ყოველთვის მიისწრაფოდვნენ სიმდიდრისა და ძალუფლების მოსახვეჭად. ხშირად ისინი საკუთარ ღირსებას, მორალს ივიწყებდნენ სიმდიდრის სანაცვლოდ. მეორე მხრივ კი, სიმდიდრე არის ძალაუფლება, როდესაც ფული გაქვს შეგიძლია ყველაფერი გააკეთო რაც მოგესურვება, მართო ხალხი და სახელმწიფოც კი საკუთარი სურვილის მიხედვით. ოლიგარქია სწორედ ასეთი მმართველობის ფორმაა. ამ დროს მმართველობის სათავეში მოდის გარკვეული ჯგუფი, საზოგადოების წრე, რომლებიც გამოირჩევიან არა საკუთარი ჭკუით, მიზნებითა და ცოდნით, არამედ ქონებითა და სიმდიდრით. ამ დროს ქონებრივი ცენზი განაპირობებს სახელმწიფო მმართველობის სათავეში მოსვლას.

ხშირად ის ადამიანები, რომლებიც ოლიგაქრები არიან, მოტივირებულნი არიან უფრო მეტი სიმდიდრე მოიხვეჭონ, რათა თვითონ და მათი შთამომავლობა წლების განმავლობაში უზრუნველად ცხოვრობდნენ. მდიდარი ადამიანები ხშირად ისეთ კანონებს ქმნიან, რომლებიც მორგებულია არა ხალხზე ან სახელმწიფოზე, არამედ მათზე. მათ თავიანთი ქონებით შეუძლიათ გვერდი აუარონ კანონს, რადგან მათ აქვთ ძალაუფლება, რომელიც მოიპოვეს სიმდიდრით და არა ხალხის კეთილგანწყობით. აქედან გამომდინარე უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო სისტემაში სიმდიდრე ნიშნავს პოლიტიკურ ძალაუფლებას, ძალაუფლებას იმ გაგებით, რომ ამ დროს შეგიძლია შენი გავლენის ქვეშ მოაქციო ხალხი და ადვილად დაიმონო ისინი, რადგან ამ დროს ადამიანების მამოძრავებელი არის მატერიალური კეთილდღეობა, ისინი მზად არიან ფულის გამო უარყონ ყველაფერი, მათ შორის თავისუფლებაც. ადვილია საკუთარი ზეგავლენის განხორციელება ღარიბ ხალხზე, რადგან ამ დროს მათ დასაკარგი არაფერი აქვთ, ისინი ისედაც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. მეორე მხრივ კი, ოლიგარქები არ ცდილობენ საკუთარი ქონებრივი, ეკონომიკური უპირატესობა მოახმარონ ხალხისა და სახელმწიფოს კეთლდღეობას.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.