ლიბერალური და რესპუბლიკური შეხედულებები ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებული და განსხვავებული იდეოლოგიებია. ისინი განსხვავებულად უყურებს თითქმის ყველა საკითხს და მათ შორის არის ადამიანის თავისუფლებისა და თვითმმართველობის ერთმანეთთან მიმართება.
რესპუბლიკური თვალსაზრისით, თავისუფლება გაგებულია, როგორც თვითმმართველობის შედეგი. მე თავისუფალი ვარ, რამდენადაც მე ვარ პოლიტიკური საზოგადოების წევრი, რომელიც აკონტროლებს საკუთარ ბედს და ვარ მონაწილე იმ გადაწყვეტილებების, რომელიც არეგულირებს ჩემთან დაკავშირებულ საკითხებს.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, რესპუბლიკელი თვლის, რომ ადამიანის თავისუფლება არის შინაგანად პირდაპირ დაკავშირებული თვითმმართველობასთან. ზოგადად, რესპუბლიკელის მიერ აღქმული თავისუფლება, შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების გარკვეულ ფორმის არსებობას მოითხოვს. ეს კი, თავის მხრივ, დამოკიდებულია სამოქალაქო სათნოების აღზრდაზე.
რესპუბლიკანიზმი თავისთავად იყოფა რამდენიმე სახედ: რესპუბლიკანიზმის ზოგიერთი ვერსია ამბობს, რომ თავისუფლებისა და თვითმმართველობის ერთმანეთთან იდეური კავშირი არის ძალიან მჭიდრო და ამავდროულად თავისუფლება არის დამოკიდებული თვითმმართველობაზე. არისტოტელეს პერიოდში რომ დავბრუნდეთ, რესპუბლიკური იდეალის შედარებით უფრო ძლიერი ვერსიის მიხედვით, სამოქალაქო სათნოება და პოლიტიკური მონაწილეობა (თვითმმართველობა) პირდაპირ თავისუფლების შინაარსს წარმოადგენს. ჩვენი პოლიტიკური ბუნების გათვალისწინებით, ჩვენ თავისუფლები ვართ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს თავისუფლება უკავშირდება საერთო სიკეთესა და თავისუფალი ქვეყნის, სახელმწიფოს ან თუნდაც ქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებას.
რესპუბლიკური იდეალის უფრო მოკრძალებული და თავშეკავებული ვერსიები სამოქალაქო სათნოებას და საზოგადოების მომსახურებას ხედავს ისე, როგორც თავისუფლების ინსტრუმენტს. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ჩვენი პირადი მიზნების მიღწევაც კი დამოკიდებულია ჩვენი პოლიტიკური საზოგადოების თავისუფლების შენარჩუნებაზე, რაც, თავის მხრივ, დამოკიდებულია პირადი კეთილდღეობის ინტერესებზე მაღლა დაყენების სურვილზე.
ლიბერალიზმის მიხედვით, ადამიანის თავისუფლება განისაზღვრება დემოკრატიის საწინააღმდეგოდ, როგორც თვითმართველობის შეზღუდვა. მე თავისუფალი ვარ, რამდენადაც ვარ უფლებების მატარებელი, რომელიც უზრუნველყოფს ჩემს იმუნიტეტს გარკვეული უმრავლესობის გადაწყვეტილებებისგან.
თომას ჰობსმა, ჯერ კიდევ მეჩვიდემეტე საუკუნეში, უარყო ის კლასიკური შეხედულება, რომელიც აკავშირებს თავისუფლებასა და თვითმმართველობას ერთმანეთთან. ჰობსის აზრით, "საერთო სიმდიდრის თავისუფლებას" და „კონკრეტული ადამიანების თავისუფლების“ ერთმანეთში არევა არის დაუშვებელი. ჰობსი ამტკიცებს, რომ მოსაზრება იმის შესახებ, რომ კონკრეტულ ადამიანს რესპუბლიკაში აქვს უფრო მეტი თავისუფლება ვიდრე მონარქიაში, არის არასწორი. მისი აზრით, თავისუფლება არ არის დამოკიდებული მმართველობის რაიმე კონკრეტულ ფორმაზე.
ლიბერალური გაგებით, პირიქით, თავისუფლება შინაგანად არ არის დაკავშირებული, არამედ მხოლოდ შემთხვევით არის დაკავშირებული თვითმმართველობასთან. თავისუფლება მოიცავს ჩემი ინტერესების განხორციელების შესაძლებლობას და ამ მიზნის ასრულების შემთხვევაში, ის მთავრდება, ეს პროცესი კი შეიძლება სრულიად არ ემთხვეოდეს დემოკრატიულ მმართველობას.
თავისუფლების კონტრასტული გაგების საფუძველზე, დგას ორი მნიშნელოვანი საკითხი: მაშინ, როდესაც ლიბერალი ფიქრობს იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს მთავრობა თავის მოქალაქეებთან, ეძებს სამართლიანობის პრინციპებს, რომლებიც სამართლიანად ეპყრობა ადამიანებს, რესპუბლიკელი ორიენტირებულია მოქალაქეების მიერ თვითმმართველობის შექმნის უნარზე და შესაბამისად ეძებს იმ პოლიტიკურ ფორმებსა და სოციალურ პირობებს, რომლებიც სწორედ ამის განხორციელებას შეუწყობს ხელს.
და ბოლოს, რა თქმა უნდა, თითოეული ტრადიცია ყურადღებას ამახვილებს მეორე ტრადიციის ნაკლოვანებებზე. ლიბერალური თვალსაზრისით, თვითმართველობაზე რესპუბლიკური აქცენტი ადამიანის ინდივიდუალურ უფლებებს ხდის გარკვეულწილად დაუცველს უმრავლესობის ტირანიისგან. უფრო მეტიც, რესპუბლიკელების მტკიცება, რომ თავისუფლება დამოკიდებულია სამოქალაქო სათნოებაზე, სახელმწიფოს აძლევს იმის უფლებას, რომ შეიჭრნან მოქალაქეების პირად სივრცეში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძალადობა და ჩაგვრა. რესპუბლიკური თვალსაზრისით კი, მოქალაქეების უპირველეს ღირებულებად გამოყვანა არის გარკვეული უფლებამოსილების თავიდანვე დაკარგვა.
წყარო: Sandel, Michael J. Democracy's Discontent - America in Search of Public Philosophy
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.