რა არის საჯარო მიზანი და მისი ზოგადი იდეა? ეს შეგვიძლია გავიგოთ, როგორც ძირითადი მორალური და პოლიტიკური ღირებულებები, რომლებიც განსაზღვრავს დემოკრატიული სახელმწიფოების ურთიერთობას მოქალაქეებთან და მათ ურთიერთობას ერთმანეთთან. როგორ შეიძლება კონკრეტული მიზანი აღვიქვათ, როგორც საჯარო, საზოგადოებას შორის ძირითადი?
მიზანი შესაძლოა საჯაროდ მივიჩნიოთ სამი გზით. პირველ რიგში, თუკი მიზანი წარმოადგენს თავისუფალი და თანასწორი მოქალაქეების მისწრაფებას, ვაღიარებთ, რომ ეს მიზანი საჯაროა. რა თქმა უნდა, ეს არაა საკმარისი. ამასთან ერთად, მსგავსი მიზნის ობიექტს უნდა წარმოადგენდეს საჯარო სიკეთე, რომელიც თავისი არსით შესაძლებელია მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებს აერთიანებდეს. ამ ორ კრიტერიუმთან ერთად საჭიროა, რომ თვითონ მიზნის ბუნება და შინაარსი იყოს საჯარო - იგი უნდა გამომდინარეობდეს იმ საზოგადოების მსჯელობიდან, რომელსაც პოლიტიკური სამართლიანობის გონივრული აღქმა აქვს. ამრიგად, მოქალაქე საჯარო მიზნის მონაწილე ხდება, როდესაც ის აზროვნებს და მოქმედებს იმ ჩარჩოში, რომელსაც ის სამართლიანობის პოლიტიკური კონცენფციის ყველაზე გონივრულ გაგებად მიიჩნევს. ეს კონცეფცია კი გამოხატავს იმ პოლიტიკურ და მორალურ ღირებულებებს, რომლებთან დაკავშირებითაც მოსალოდნელია, რომ თავისუფალი და თანასწორი მოქალაქეები მას გაითვალისწინებენ.
ჩნდება კითხვა: როგორაა შესაძლებელი, რომ ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ გარკვეული რელიგიური დოქტრინის შესაბამისად, იზიარებდნენ გონივრულ პოლიტიკურ კონცეფციას, რომელიც დემოკრატიულ რეჟიმს ეხმიანება, თუ ეს დოქტრინა ამ იდეებს არ მოიცავს ან არ აღიარებს? ეს კითხვა უკეთ რომ აღვიქვათ, წარმოვიდგინოთ მაგალითი, კერძოდ, კათოლიკეებისა და პროტესტანტების დაპირისპირება XVI-XVII საუკუნეებში. ამ დროს ძირითადად მოქმედებდა ტოლერანტობის პრინციპი, მაგრამ მხოლოდ, როგორც ე.წ. modus vivnedi. ეს გულისხმობდა, რომ ერთი მხარე თუ სრულ ძალაუფლებას მოიპოვებდა, იგი საკუთარ რელიგიურ დოქტრინას გამოიყენებდა, როგორც ერთადერთ დასაშვებს სარწმუნოებას. ასეთ საზოგადოებას შესაძლოა ჰქონდეს კონსტიტუცია, რომელიც სრულად იცავს გაყოფილი რელიგიების თავისუფლებებს მეტნაკლებად თანაბარი პოლიტიკური ძალით. ამ ვითარებაში პოლიტიკური საკითხები შეიძლება განიხილებოდეს ისეთი იდეებისა და ფასეულობების გადმოსახედიდან, რომლებიც არ წარმოშობს რელიგიურ კონფლიქტს. აქ საჯარო მიზანს წარმოადგენს განხეთქილების თავიდან არიდება და სოციალური სტაბილურობის არსებობა. ამის მიუხედავად, ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს სტაბილურობა სწორი მიზეზების გამო. ამას განაპირობებს ის, რომ საზოგადოება დაყოფილია ჯგუფებად თითოეულ მათგანს კი თავისი ინტერესი აქვს, რომელიც სხვა ჯგუფის ინტერესებს უპირისპირდება. ამ შემთხვევაში ამ კონკრეტულ ინტერესს წარმოადგენს რელიგიური ჰეგემონიის დამყარება. რა თქმა უნდა, კონსტიტუციურ რეჟიმს შეუძლია განსაზღვრული რელიგიური დოქტრინებისთვის უზრუნველყოს უფლებები და თავისუფლებები, თუმცა დემოკრატია ამასთან ერთად მოითხოვს, რომ ვაღიაროთ ლეგიტიმური კანონით დაწესებული ვალდებულებები, როგორც თანასწორმა მოქალაქეებმა. შესაბამისად, როდესაც რელიგიურ დოქტრინაზე მიდგება საქმე, კონკრეტულმა ჯგუფებმა სამუდამოდ უნდა დათმონ ის იდეა და იმედი, რომ კონსტიტუციას შეცვლიან, რათა საკუთარი ჰეგემონია დაამყარონ ან სხვა ნებისმიერი გზით გააფართოვონ თავიანთი გავლენა ან წარმატება. ასეთი იმედებისა და მიზნების შენარჩუნება შეუსაბამოა თავისუფალ და თანასწორ მოქალაქეებს შორის თანაბარი ძირითადი თავისუფლებების იდეასთან.
ამასთან ერთად, გარკვეულ რელიგიურ დოქტრინებს უნდა შეეძლოთ იმის გათვალისწინება და აღიარება, რომ, გარდა გონივრული საჯარო მიზნებით განსაზღვრული კონსტიტუციური დემოკრატიისა, არ არსებობს გზა, რომ სრულად და სამართლიანად იყოს მოქალაქეთა თავისუფლება უზრუნველყოფილი. შესაბამისად, ეს აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული რელიგიური დოქტრინების, როგორც კონსტიტუციური დემოკრატიის ნაწილის, მიერ. რა თქმა უნდა, მათი მეშვეობით მაინც შესაძლებელია გაკვეული ლიმიტების დაწესება ამ თავისუფლებაზე. მსგავსი დოქტრინები შეიძლება განსხვავებულად აყალიბებდეს, მათი მიხედვით, როგორ მოქმედებს თავისუფლების და ტოლერანტობის პრინციპი გონივრულ დემოკრატიულ საზოგადოებაში, მაგრამ მათი არსებობა აუცილებელია. ისინი აყალიბებენ ფუნდამენტურ საფუძველს, რომელიც ყველა მოქალაქემ უნდა მიიღოს, როგორც ამ დოქტრინათა დაპირისპირების სამართლიანი მარეგულირებელი.
ნებისმიერი ჯგუფის დოქტრინად შეიძლება იქცეს გარკვეული რელიგიური იდეები და საჯარო მიზნის მასზე გავლენის მთელი არსია, მათ შეიცნონ, რომ, მიუხედავად მათი აზრებისა, მაინც შეუძლიათ გაიზიარონ სამართლიანობის გონივრული პოლიტიკური კონცეფცია. ეს გულისხმობს, რომ ტოლერანტობის ვალდებულება კი არ დგინდება, არამედ ამ უკანაკსნელის შესაბამება ხდება უკვე არსებულ, ყოვლისმომცველ დოქტრინებთან.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.