ცნობილია, რომ ანარქისტებს აქვთ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება პატრიოტიზმის მიმართ. მიუხედავად ამისა, ანარქისტები იცავენ იმგვარ სათნოებებს, როგორიცაა ლოკალიზმი და მცირე ერთობა დიდი საზოგადოების წინააღმდეგ. ისტორიულად, ზოგიერთი ანარქისტი უშვებს ეროვნული ტრადიციების სიყვარულის შესაძლებლობას. დამატებით, კომუნისტური ანარქიზმი რაღაცისადმი მიკუთვნებულობის შეგრძნებას არ თრგუნავს, რაც თავისი შინაარსით პატრიოტიზმის იდეას ჰგავს.
დაშვება, რომ შეიძლება არსებობდეს ანარქიული პატრიოტიზმი, გვაიძულებს გავაანალიზოთ პატრიოტიზმსა და პოლიტიკურ ინსტიტუციებს შორის არსებული კავშირი. პატრიოტიზმი, როგორც წესი, არის ახსნილი, როგორც ქვეყნის სიყვარული. თანამედროვე სამყაროში ქვეყნები ძირითადად არიან სახელმწიფოებად წარმოდგენილები, ანუ პატრიოტიზმი გამოდის სახელმწიფოს სიყვარული. ანარქისტები კი სახელმწიფოს იდეას უარყოფენ, მას მიუღებლად მიიჩნევენ. მოცემული საკითხის განხილვა მნიშვნელოვანია, რადგან ეს შესაძლებლობას გვაძლევს მიკუთვნებულობის, ფავორიტიზმის მორალურ გამართლებაზე ვიმსჯელოთ. ძირითადად განხილულია, თუ რამდენადაა პატრიოტიზმი ლიბერალურ ღირებულებებთან შეთავსებადი, თუმცა ანარქიზმი არის განმანათლებლობის ხანის ძირითადი მიმდინარეობა, რომელიც აერთიანებს, როგორც ლიბერალურ, ასევე სოციალისტურ ტრადიციებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ანარქიზმსა და პატრიოტიზმს შორის კავშირის არსებობის კვლევა.
განმარტება, რომ პატრიოტიზმი არის საკუთარი ქვეყნის სიყვარული არის ბანალური და საკამათო. არ არის დაზუსტებული თუ რას გულისხმობს სიყვარული და რა შეიძლება მიიჩნიოს საკუთარ ქვეყნად. როგორც ზემოთ აღინიშნა, დღეს ქვეყნები არიან სახელმწიფოების სახით წარმოდგენილები. თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ პატრიოტიზმისთვის სწორედ სახელმწიფოა მნიშვნელოვანი ერთობა. პატრიოტს შეუძლია თავისი ქვეყანა დაიცვას მთავრობისგან, ან ხალხი დაიცვას სახელმწიფოსგან. ეს არის იმის მანიშნებელი, რომ ის ქვეყანა, რომელიც პატრიოტებს უყვართ, შეიძლება გაიმიჯნოს სახელმწიფოსგან.
ანარქიზმი არის რწმენა იმის შესახებ, რომ ხალხს საკუთარი თავის მართვა შეუძლია სახელმწიფოს გარეშე. თუმცა საკუთარი თავის მართვა მოითხოვს პოლიტიკური ერთობის არსებობას. შესაბამისად, პატრიოტიზმი შეიძლება აღვიქვათ იმ პოლიტიკური ერთობის მიმართ სიყვარულად, რომელიც მისი წევრების იდენტობის ჩამოყალიბებაში იღებს მონაწილეობას და რომელშიც შესაძლოა „სახლის“ იდენტიფიცირება. აქვე გასარკვევია ისიც, ეს ერთობა აუცილებლად უნდა იყოს ერი, ანუ ეთნიკურად ჰომოგენური ისტორიულად ჩამოყალიბებული ჯგუფი, რომელსაც გააჩნია მიჯაჭვულობა ერთ რეგიონთან/ტერიტორიასთან, თუ არა. იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნები ეთნიკურად განსხვავებულ ჯგუფებს მოიცავენ, გამოდის, რომ პოლიტიკური ერთობა არ არის აუცილებელი ერი იყოს. მაგალითად, კანადელი პატრიოტები ერთნაირ მდგომარეობაში არიან, მიუხედავად იმისა, ისინი ფრანგულენოვანები არიან თუ ინგლისურენოვანები. ანუ შეგვიძლია პატრიოტიზმი ისე განვმარტოთ, როგორც პოლიტიკური ერთობის მიმართ სიყვარული, რომელიც მისი წევრების იდენტობას განსაზღვრავს და მათ აძლევს შესაძლებლობას ამ ერთობის ინტერესები სხვა ერთობების ინტერესებზე წინ დააყენონ.
როგორც წესი, ანარქიზმი და პატრიოტიზმი ერთმანეთის საწინააღმდეგოდ არის განხილული იმიტომ რომ, ანარქიზმი მორალურ თანასწორობაზეა დაფუძნებული, როდესაც პატრიოტიზმის ფორმების უმრავლესობა ამ იდეის საპირისპიროდ მოქმედებს. განხეთქილებას იწვევს ისიც, რომ პატრიოტიზმის სიყვარულის ობიექტად უმეტესწილად სწორედ სახელმწიფოს მოიაზრებენ. ანარქიზმი კი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო არის ხელოვნური ქმნილება, რომელიც კონკრეტული ჯგუფის ინტერესების მსახურებისთვისაა შექმნილი. თუ ობიექტად სახელმწიფოს ნაცვლად პოლიტიკურ ერთობას მოვიაზრებთ, თავს იჩენს ანარქიული პატრიოტიზმის არსებობის შესაძლებლობა.
ანარქიზმი შესაძლებლად მიიჩნევს ტრადიციების პატივისცემას და კომუნისტური ანარქიზმი კოლექტიური სოლიდარობის იდეასაც აღიარებს. ასევე პოლიტიკურ ერთობაში გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ ადამიანებმა, რომლებსაც გააჩნიათ საერთო ინტერესები. აქედან გამომდინარე, ზოგიერთი ანარქისტი მწერალი აღიარებს ეროვნული ერთობების არსებობას და მათ მნიშვნელოვნად მიიჩნევს. თუმცა, იმისთვის რომ ანარქიულ პატრიოტიზმზე გვქონდეს საუბარი, აუცილებელია მაგალითად ოპორტუნისტული (ზომიერი) პატრიოტიზმის აღება მაგალითად. შესაძლოა პრეფერენციული მოპყრობა რაღაც ზღვრამდე გამართლდეს, თუმცა თუ საკუთარი ერთობის ინტერესების წინ დაყენებით სხვები ცალსახად უთანასწორო მდგომარეობაში დგებიან, რომლის გამოსწორება მათ თავისი ძალებით არ შეუძლიათ, მაშინ ანარქიზმი და პატრიოტიზმი თავსებადი ვერ იქნება.
თუ ვაღიარებთ იმ შესაძლებლობას, რომ ადამიანებს პატრიოტული გრძნობები მხოლოდ სახელმწიფოთა მიმართ შეიძლება არ ჰქონდეთ, მაშინ ჩნდება ანარქიული პატრიოტიზმის არსებობის შესაძლებლობა. ანარქიულ პატრიოტებს შესაძლოა უყვარდეთ თავიანთი ერი, ანუ ისტორიული ჯგუფი, რომელსაც აერთიანებს ენა, კულტურა, ეთნიკური წარმომავლობა და რომელიც გამიჯნულია პოლიტიკური ინსტიტუციებისგან. ან შესაძლოა უყვარდეთ არაეროვნული ერთობა.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.