ENG GEO

Search form

ხმის მიცემა, როგორც მორალური ვალდებულება

ხმის მიცემის აქტს გააჩნია ალტერნატიული ღირებულება - ამას დრო და ძალისხმევა სჭირდება. ნებისმიერმა ადამიანმა ეს ძალისხმევა შეიძლება ჩადოს სხვა საქმიანობაში მაგ. ანაზღაურებად სამუშაოში, წვნიანის მომზადებაში ან თუნდაც ვიდეო თამაშებში. გარდა ამისა, საკითხების იდენტიფიცირება, პოლიტიკური ინფორმაციის შეგროვება, ამ ინფორმაციის შესახებ ფიქრი ან განხილვა და ა.შ., ასევე დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, რაც შეიძლება სხვა ღირებული საქმეების გაკეთებას მოხმარდეს. ეკონომიკა, მისი მარტივი ფორმით, პროგნოზირებს, რომ რაციონალურმა ადამიანებმა რაღაც საქმიანობა უნდა შეასრულონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამისგან მაქსიმალურად მიიღებენ სარგებელს. ამასთან, ეკონომისტების ნაწილი დიდი ხანია წუხს, რომ თითოეული მოქალაქის მიერ ხმის მიცემა მაქსიმალურად არ ზრდის მოსალოდნელ სარგებელს. ამას მივყავართ “ხმის მიცემის პარადოქსამდე” (paradox of voting): ეს არის წინააღმდეგობა, რომელიც აღმოცენდება იმის შედეგად, რომ ხმის მიცემა უმრავლესობის პრინციპის საფუძველზე ვერ უზრუნველყოფს ეკონომიკური დოვლათის მიმართ საზოგადოების ნამდვილი უპირატესობების გამოვლენას. მარტივად რომ ვთქვათ, რადგან, როგორც ჩანს კენჭისყრის ხარჯები აჭარბებს მოსალოდნელ სარგებელს და ამავე დროს ადამიანებს შეგვიძლია ამ ქმედების სანაცვლოდ უფრო მეტი/პოზიტიური სარგებელი მივიღოთ, მაშინ გაუგებარია რატომ დადიან ადამიანები ხმის მისაცემად?

იქნება თუ არა ხმის მიცემა რაციონალური, დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, თუ რის გაკეთებას ცდილობენ ამომრჩეველები. ხმის მიცემის ინსტრუმენტული თეორია ამტკიცებს, რომ კენჭისყრა რაციონალურია, როდესაც ამომრჩევლის მიზანია გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე, მათ შორის "მანდატზე", რომელსაც იღებს გამარჯვებული კანდიდატი. ამის საპირისპიროდ, ექსპრესიული ხმის მიცემის თეორია ამტკიცებს, რომ ამომრჩეველი ხმას აძლევს იმისათვის, რათა გამოხატოს საკუთარი აზრი და ერთგულება გარკვეული ჯგუფების ან იდეებისადმი. მეორე მხრივ, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ხმის მიცემა რაციონალურია, რადგან მას სამომხმარებლო მნიშვნელობა აქვს; და ბოლოს, დემოკრატიული მოქალაქეების უმეტესობის მსგავსად თუ ვინმე ამბობს, რომ ხმის მიცემა არსებითად მორალური ვალდებულებაა, მაშინ ხმის მიცემა შეიძლება იყოს რაციონალური, რადგან აუცილებელია ამ ვალდებულების შესრულება.

გამოკითხვების თანახმად, თანამედროვე დემოკრატიულ ქვეყნებში მოქალაქეთა უმეტესობას სჯერა, რომ ხმის მიცემის გარკვეული ვალდებულება არსებობს. სხვა კვლევების თანახმად, მორალური და პოლიტიკური ფილოსოფოსების უმეტესობა ეთანხმება ამას. ისინი თვლიან, რომ მოქალაქეები ვალდებულნი არიან ხმა მისცენ, მაშინაც კი, როდესაც თავად ამ მოქალაქეებს სჯერათ, რომ მათ საყვარელ პარტიას ან კანდიდატს გამარჯვების დიდი შანსი არ აქვს. გარდა ამისა, როგორც ჩანს, საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ხმის მიცემის ვალდებულება კონკრეტულად ნიშნავს კენჭისყრაზე გამოცხადების ვალდებულებას (შესაძლოა უბრალოდ ცარიელი ბიულეტენების ჩაყრას) და არა აუცილებლად ხმის მიცემას.

ხმის მიცემის ვალდებულების მრავალი პოპულარული არგუმენტი ემყარება იმ აზრს, რომ ინდივიდუალური ხმებიც მნიშვნელოვანია. მაგალითად, შეიძლება ითქვას, რომ არსებობს ხმის მიცემის მოვალეობა, რადგან არსებობს საკუთარი თავის დაცვის მოვალეობა, სხვების დახმარების მოვალეობა და ა.შ. თუმცა, ეს არგუმენტები აწყდება შემდეგ პრობლემას: ინდივიდუალურ ხმას ზოგჯერ აქვს მცირედი ინსტრუმენტული ღირებულება (ან არ არის მნიშვნელოვანი).

მაგალითად, ერთ-ერთი ადრეული ჰიპოთეზის თანახმად, ხმის მიცემა არის ე.წ დაზღვევის ფორმა, რომელიც იცავს დემოკრატიას დანგრევისგან. ამ ჰიპოთეზის გათვალისწინებით, უნდა ჩავთვალოთ, რომ მოქალაქეებს აქვთ ხმის მიცემის ვალდებულება იმისთვის, რომ დაიცვან დემოკრატია. ამასთან დავუშვათ, რომ არსებობს რაღაც ხმათა ბარიერი, რომლის იქითაც უკვე დემოკრატია ხდება არასტაბილური და იწყება მისი ნგრევა. გამოდის, რომ რაც უფრო და უფრო ნაკლები მოქალაქე იღებს ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობას, დემოკრატიის დაშლის ალბათობა იზრდება. თუ ასეა, იმის დასადასტურებლად, რომ ხმის მიცემის მოვალეობა არსებობს, პირველ რიგში უნდა ჩანდეს, რომ კენჭისყრის მოსალოდნელი სარგებელი/შედეგი, აღემატება მოსალოდნელ ხარჯებს.

კიდევ ერთი არგუმენტი, რატომაც მოქალაქეები ვალდებულნი არიან მიიღონ ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა - არის უსამართლობის განხორციელებაში თანამონაწილეობისგან თავის არიდება. ამ მოსაზრებით, წარმომადგენლები მოქმედებენ მოქალაქეების სახელით. მოქალაქეები ნაწილობრივ კანონის ავტორებად ითვლებიან, მაშინაც კი, როდესაც არ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას ან არ არიან მთავრობის წევრები. ამრიგად, მოქალაქეები, რომლებიც უარს იტყვიან ხმის მიცემაზე, ერთგვარად თავიანთი წარმომადგენლის მიერ უსამართლობის განხორციელებაში იღებენ მონაწილეობას. ამ მოსაზრების თანახმად, მოქალაქეებს არა მხოლოდ ხმის მიცემის მოვალეობა აქვთ, არამედ კონკრეტულად აქვთ მოვალეობა, რომ ხმა მისცენ კანდიდატებს და აირჩიონ პოლიტიკური სისტემა, რომელიც შეამცირებს უსამართლობას. ამ მოსაზრების თანახმად, არჩევნები საშუალებას გვაძლევს ვიმოქმედოთ როგორც კარგი სამარიტელები და შევამციროთ ტანჯვა და უსამართლობა ჩვენს მოქალაქეებზე. ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა არ მოითხოვს ადამიანის მუდმივად პოლიტიკაში ყოფნას, ამიტომ ეს არ არის ადამიანურად შეუძლებელი მოთხოვნა, მაშინაც კი, როდესაც შეიძლება ადამიანი რაღაც მომენტში სირთულეებს წააწყდეს.

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.