ადამიანის თავისუფლება ძალის სურვილისამებრ გამოყენების, იმ მიზნით, რომ შეინარჩუნოს სიცოცხლე და ამ მიზნით მოიმოქმედოს ის, რაც უნდა, სწორედ ეს არის ჰობსის განმარტებით ბუნებითი უფლება.
თავისუფლება გულისხმობს, რომ ადამიანზე გარეშე შემზღუდველი მექანიზმები არ მოქმედებენ. როდესაც ეს შემზღუდველი მექანიზმი არსებობს, ადამიანს ერთმევა შესაძლებლობა სრულად განახორციელოს თავისუფლება ისე, როგორც მას მოესურვება.
ჰობსისეული გაგებით, ბუნებითი კანონი არის „მოთხოვნა ან გონებით მიკვლეული ზოგადი წესი, რომლის თანახმადაც ადამიანს ეკრძალება გააკეთოს ისეთი რამ, რაც მის სიცოცხლეს ხელყოფს ან ვერ შეაძლებინებს მას ამ უკანასკნელის დაცვას და ხელი აიღოს იმ საშუალებებზე, რაც, მისი აზრით, საუკეთესოა სიცოცხლის შესანარჩუნებლად“. ავტორის აზრით უფლება და კანონი არსებითად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რადგან „უფლება რამის გაკეთების ან რაიმესგან თავის შეკავების თავისუფლებაა, ხოლო კანონი გვიდგენს და გვავალდებულებს ქცევის ამა თუ იმ წესს“. იგი კანონს უსადაგებს მოვალეობას, ხოლო უფლებას- თავისუფლებას.
ჰობსის განმარტებით ადამიანის ბუნებითი მდგომარეობა არის ომის მდგომარეობა, ის მუდმივად იბრძვის საკუთარი სიცოცხლის გადარჩენისთვის და ბუნებითი მდგომარეობის კონდიციაში არ არსებობს რამე, რისი გაკეთებაც მას ეკრძალება. აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ასეთ მდგომარეობაში ყველა ადამიანს ყველაფრი უფლება აქვს და არ აქვს არანაირი აკრძალვა, თუნდაც სხვისი სიცოცხლის ხელყოფის. ამ მსჯელობიდან გამომდინარე, სანამ ყველა ადამიანი ბუნებით მდგომარეობაში იმყოფება, იქმნება ქაოსი, ქრება დაცულობის შეგრძნება და სავარაუდო სიცოცხლის ხანგრძლივობაც საკმაოდ იკლებს. სწორედ ამ მიზეზით, ყველა ადამიანის ინტერესში შედის, რომ დამყარდეს მშვიდობა.
ეს იყო ბუნების პირველი კანონი, რომლიდანაც გამომდინარეობს ბუნების მეორე კანონი: თუ სხვა ადამიანებსაც აღმოაჩნდებათ იგივე სურვილი, მშვიდობიანი თანაცხოვრებისკენ სწრაფვა, ადამიანმა უნდა დათმოს აბსოლიტური ძალაუფლება და თავისუფლება და დაკმაყოფილდეს შეზღუდული თავისუფლებით. ამის გარეშე მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია, რადგან ადამიანი სანამ ახორციელებს აბსოლიტურ ძალაუფლებას, მხოლოდ თავისი განსჯის საფუძველზე და არ ემორჩილება/ ითვალისწინებს რაიმე ზოგად წესს, ის იმყოფება ომის მდგომარეობაში. თუმცა მეორე ბუნების კანონის თანახმად, აუცილებელია, რომ არსებობდეს სხვა ადამიანთა თანმხვედრი ნებაც, იგივეს გაკეთების სურვილიც, რადგან ამის გარეშე, ერთი ადამიანის მიერ თავისი უფლების დათმობა მას ჩააყენებს დაუცველ მდგომარეობაში.
ხელშეკრულება არის უფლების ურთიერთგადაცემა.
თავისუფლებისა და სხვაზე ბატონობის მოყვარული ადამიანი იზღუდავს თავს ისე, როგორც ეს თანამედროვე სახელმწიფოებში გვხვდება და ამ ყველაფრის საბოლოო მიზანი არის ის, რომ მას ჰქონდეს მშივიდი ცხოვრების მოლოდინი. ადამიანს უნდა და ისწრაფვის, რომ თავი დააღწიოს ომის მდგომარეობას.
თომას ჰობსის აზრით, ადამიანის ბუნებით ვნებებს ეწინააღმდეგება ისეთი ბუნებითი კანონები, როგორებიცაა თანასწორობა, სამართლიანობა და სხვა დადებითი და სხვისთვის კარგი შედეგის მოტანაზე ორიენტირებული ქცევები, და სწორედ ამიტომ ადამიანს ამის შესრულებისთვის ესაჭიროება მაიძულებელი მექანიზმი. შემზღუდველი ძალის გარეშე, ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, იგი მიდრეკილია შურისძიებისკენ, ძალადობისკენ, მიკერძოებისკენ და სხვა ამგვარი ნეგატიური ქცევისკენ.
ჰობსი მიიჩნევს, რომ ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე ერთადერთი გზა იმისა, რომ შეიქმნას საერთო ძალაუფლება, რომელიც დაიცავს ადამიანებს უცხოთა შემოსევებისგან, ადამიანებს ერთმანეთისთვის ზიანის მიყენებისგან, არის ადამიანთა მთელი ძალაუფლების გადაცემა ერთი ადამიანისთვის ან ადამიანთა ჯგუფისთვის, რომელიც თავისი წევრების აზრს/ნებას უმრავლესობის პრინციპით ერთ აზრს/ნებას დაუქვემდებარებს.
ზემო მსჯელობიდან გამომდინარე, ფილოსოფოსი ასკვნის, რომ ადამიანებმა სამოქმედოდ უნდა აირჩიონ ერთი კაცი ან საკრებულო და მას უნდა გადასცენ მოქმედების უფლება, რაც შემდგომში აღიქმება თითოეული ადამიანის ერთსულოვანი ნებით მოქმედებად. ეს ჟღერს დაახლოებით შემდეგნაირად, რომ თითოეული ადამიანი სხვას ეუბნება: „ მე ამ კაცს, ან ადამიანთა ამ საკრებულოს, რწმუნებას ვაძლევ და ვუთმობ ჩემი თავის მართვის უფლებას იმ პირობით, თუ შენც გადასცემ მას ასეთსავე უფლებას და ასეთსავე რწმუნებას. ამის შემდეგ, ერთ პიროვნებად გაერთიანებულ სიმრავლეს ერქმევა სახელმწიფო. ამგვარად იქმნება ის ტერიტორიული წარმონაქმნი, რასაც ადამიანები უსაფრთხოებასა და მშვიდობას უმადლიან.
ჰობსის თქმით სახელმწიფოს არსი მდგომარეობს შემდეგში - საშინაო მშვიდობისა და გარე მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთმანეთის დახმარებაში. ხოლო პიროვნებას ან პიროვნებათა ჯგუფს, რომელსაც თითოეულმა ადამიანმა ნდობა გამოუცხადა, ჰქვია სუვერენი და მას აქვს სუვერენული ძალა. ამ ძალის მოპოვება ორი გზით არის შესაძლებელი. პირველი, ბუნებრივი ძალით (მოხვეჭის გზით შექმნილი სახელმწიფო) და მეორე, ომის საშუალებით. სწორედ მეორე შემთხვევაში ადამიანები თანხმობას აცხადებენ ერთი ადამიანის მორჩილებაზე, იმის იმედით, რომ აღნიშნული პირი მათ დაიცავს. ამ გზით შექმნილ ერთეულს „შეგვიძლია ვუწოდოთ პოლიტიკური სახელმწიფო, ან დაწესების გზით შექმნილი სახელმწიფო“.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.