ENG GEO

Search form

Kagura-Tale of rabbit and hyena

ადამიანისა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის მნიშვნელობა ემყარება იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ სახელმწიფო არის ხალხი. პრაქტიკაში, ნებისმიერი სახელმწიფო მოწყობის მქონე ქვეყნის მაგალითზე ეს ფორმულირება შეიძლება სადავო იყოს, თუმცა ფაქტი, რომ თუ არ არის ხალხი, სახელმწიფო ვერ იარსებებს, უდავოა. საინტერესო იქნებოდა მსჯელობა სახელმწიფოსა და ხალხს შორის ურთიერთმიმართების შესახებ დაკვირვების წარმოება და დასკვნების გამოტანა თანამედროვე, განვიარებული სახელმწიფოების მაგალითზე, მიმოხილვა თუ რა პრინციპს ემყარება იგი, თუმცა არანაკლებ საინტერესოა ამ ურთიერთმიმართების განხილვა არა დიდი სახელმწიფოს, არამედ ტომობრივი გაერთიანების მაგალითზე, რომელიც მის რიგებში 200 000-მდე მოსახლეს ითვლის. საუბარია ტანზანიის მკვიდრ კაგურუს ტომზე. კაგურა საერთო წეს-ჩვეულებების, მორალური შეხედულებების და ტრადიციების მქონე ჩაკეტილი საზოგადოებაა, რომელსაც არსებობის განმავლობაში დროდადრო ის ლიდერი მართავდა, რომელიც გარკვეულ პრივილეგიებს და კონტაქტებს მოიხვეჭდა. კაგურუს ტომის მმართველობის და მოწყობის სისტემა ერთი შეხედვით პრიმიტიული ჩანს, თუმცა კაგურუს ფოლკლორი ისტორიულ წყაროებზე უკეთ აღწერს იმ თავისებურებებს, რომლებიც საზოგადოების წევრებს შორის დამკვიდრდა და არსებობდა, საზოგადოება კი ამ შემთხვევაში მართლაც სახელმწიფოს წარმოადგენს. კურდღლის და აფთრის ზღაპარი კაგურუს ხალხის შიმშილობის პერიოდზე მოგვითხრობს. სიუჟეტის პერსონაჟები აფთარი და კურდღელ (ცხადია სიმბოლიკაა) გადაწყვეტენ ერთად გაუმკლავდნენ რთულ პერიოდს და შიმშილობისდროს გადარჩნენ. ისინი ერთმანეთს ქალის ხაზით ენათესავებოდნენ, უფრო კონკრეტულად, კურდღელი აფთრის დისწული იყო. აფთარი კურდღელს შესთავაზებს საკუთარი დედები დახოცონ და გვამებით ივაჭრონ, რათა როგორმე გადაურჩნენ შიმშილს. პირველი მსხვერპლი ამ არასაბავშვო ზღაპარში აფთრის დედაა, მეორე კი მისი შვილი უნდა ყოფილიყო. თუმცა კურდღელმა დედის მოკვლა ვერ შეძლო და აფთარი ნანადირევი ხორცით მოატყუა. შიმშილობის პერიოდი კურდღელმა გადამალულ დედასთან ერთად გადაიტანა, აფთარი კი შიმშილისგან მოკვდა. ამ ზღაპრის მორალთან ერთად არანაკლებ ინფორმაციულია თავად სიუჟეტი, საიდანაც ვიგებთ რომ კაგურუს ხალხში მემკვიდრეობა ქალის ხაზით გადადიოდა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქალი ამ საზოგადოებაში დაფასებული ან რამით მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. Როგორც ჩანს, ქალის როლ წარმოადგენდა ერთგვარ მაკავშირებელ რგოლად ყოფნა ტომის წევრებს შორის და ამას მიემართებოდა მემკვიდერობის გადასვლის წესის ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც ოჯახში დაბადებული ბავშვი ქალის გვარის გამგრძელებელი იყო. ზღაპარში საუბარი არ არის ქალის დამოკიდებულება ქმართან, თუმცა ცენტრალურ ფიგურად იკვეთება ქალის (დედის) ძმა -აფთარი. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კაგურუს ტომში ქალი არსებობდა როგორც და და როგორც შვილი. ბიძა კი მამრობითი სქესის წარმომადგენელი დისშვილის ცხოვრებაში ავტორიტეტად გვევლინება, რომელიც წესით პატივისცემას და მორჩილებას იმსახურებს. თუმცა სიუჟეტიდანვე ჩანს, რომ კურდღელმა აფთარი ამხელა მორჩილების ღირსად არ ჩათვალა და მისი ნების საწინააღმდეგოდ იმოქმედა. მუდმივი სოციალური და საცხოვრებელ გარემოსთან დაკავშირებული პრობლემების ფონზე კაგურუს ხალხის დამოკიდებულება ლიდერის მიმართ ანალოგიური იყო. თუ ლიდერი მათ პატივისცემას დაიმსახურებდა, შემოიკრებდა გარშემო ძალას, კონტაქტებს და მართვის სადავეებს ისე დაიჭერდა ხელში, რომ კაგურუს საქონლის, ქონების და ქალების მიმტაცებელი მტრებისთვის შესაბამისი წინააღმდეგობა გაეწია, ტომი მას ემორჩილებოდა.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.