ადამიანები სოციალური არსებები ვართ, რომლებსაც ყოველდღიურად გვიწევს ბრძოლა გადარჩენისთვის. სამყარო, როგორც წესი, ევოლუციური წესრიგით განვითარების გზას ირჩევს და ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ სიძლიერე, რათა გადავრჩეთ.
ბრძოლა გადარჩენისთვის, ცხადია, არ არის ჩაკეტილ წრეზე მოქმედი ცნება. ის ვრცელდება ყველაზე, რამეთუ ჩვენ ირგვლივ არსებობს საზოგადოება. სწორედ ამიტომ საზოგადოება ყოველთვის გვიწევს კონკურენციას იმის მიღწევაში, რაც გვინდა. თუმცა, ჩვენი მიზნებისა და სურვილების რეალიზებაში ხშირად მხოლოდ ადამიანები არ გვიშლიან ხელს. მაგალითად, მსურს ადამიანზე შურისძიება, რის განსახორციელებლადაც მოვკალი ის. ამ შემთხვევაში საზოგადოებას შესაძლოა მხოლოდ ემოციური რეაქცია ჰქონდეს ამაზე ან სულაც არ გამამტყუნოს თუ ტერორისტს მოვუსწრაფავ სიცოცხლეს. თუმცა, ამის ფონზე გამოჩნდება, რომ არსებობს რაღაც აბსტრაქტული წარმონაქმნი, რომელიც დამსჯის ამ ქმედების გამო. თუნდაც საზოგადოების უმრავლესობისთვის ეს ქმედება მორალური იყოს. ასეთ წარმონაქმნად დღეს ჩვენ სახელმწიფო გვევლინება...
ჯერ კიდევ საუკუნეების წინ დაიწყეს ადამიანებმა ფიქრი იმის შესახებ, რომ შეექმნათ რაღაც მექანიზმი, რომელიც ჩვენ ერთმანეთისადმი ძალადობის საშუალებას არ მოგვცემდა. ამაზე ფიქრობდა ჰობსიც, რომელიც ანარქიის მსგავს, ბუნებით მდგომარეობაზე დაფუძნებულ სახელმწიფო მოწყობას საკმაოდ პრობლემურად ხედავდა. ამის ფონზე კი გვთავაზობდა სახელმწიფოს, როგორც ადამიანების „გამშველებლის“ როლის საუკეთესოდ შემსრულებელს. თუმცა, მის აღსასრულებლად კარგად ესმოდა, რომ საჭირო გახდებოდა, ადამიანებს თავისი წილი თავისუფლებები სახელმწიფოს სასარგებლად დაეთმოთ.
ამის ფონზე საინტერესო იქნება განვიხილოთ თუ რამდენად შეიძლება დათმობილი თავისუფლება საზოგადოების კონსესუსის შედეგად მივიჩნიოთ და მას მაღალი ლეგიტიმაცია მივანიჭოთ.
საუკუნეების გასვლასთან ერთად ადამიანები უფრო მრავალფეროვნები ვხდებით, ჩვენ ერთმანეთისგან განვსხვავდებით შესაძლებლობებით. მაგალითად, ბუნება ადამიანებს განსხვავებულ ძალას ანიჭებს, თუმცა ცხადია მისი განვითარების იარაღი ჩვენს ხელშია. ამის ფონზე კი ძალადობისგან ჩვენი დაცვის ბერკეტის სახელმწიფოსთვის მინიჭება გონივრულად მოსჩანს. მიუხედავად ამისა, არსებობს გარკვეული დათქმები, რომლებიც შეიძლება სულაც არ მოგვეჩვენოს სამართლიანად. მაგალითად, მას შემდეგ რაც დავიბადე, ცხრამეტი წელი გავიდა, ჩემთვის კი არასდროს არავის უკითხავს თუნდაც მსურს თუ არა ვიხადო გადასახადები, ვისარგებლო სახელმწიფო სერვისებით, ვიმსახურო სავალდებულო სამხედრო სამსახურის ფარგლებში თუ სხვა. გამომდინარე აქედან, სოციალური კონტრაქტის თეორიისადმი ჩნდება კითხვა თუ რამდენად ვარ ვალდებული შევასრულო ის, რისი საფუძველიც სახელმწიფოსთვის ჩემი ნებით არ დამითმია?!
ამ შემთხვევაში ვფიქრობ, ყურადღება სახელმწიფოსთვის დათმობილი თავისუფლებების მორალურ ასპექტზე უნდა გავამახვილოთ. ანუ თუ რამდენად შეიძლება მორალურად გამართლდეს სახელმწიფოს ძალაუფლება ჩვენზე. მაგალითად, განვიხილოთ სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემთხვევა. პირადად მე შესაძლებელია ის არ მომწონდეს, ჩემს მორალურ პრინციპებთან შეუთავსებელი იყოს, თუმცა არ მაქვს უფლება მის შესრულებაზე უარი ვთქვა. ამ შემთხვევაში კი შეიძლება სასწორზე იდოს სახელმწიფო თავდაცვა, რაც საზოგადოებრივ სიკეთედ მიიჩნევა. ანუ გამოდის, რომ ადამიანებს გვიწევს ჩვენი კერძო ავტონომია სახელმწიფოს სასარგებლოდ დავთმოთ, რადგან შეიქმნას ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი სარგებლის მიღების შესაძლებლობა. გამომდინარე აქედან, გამოდის, რომ სოციალური კონტრაქტის მოქმედება დღეს ბევრად უფრო ფართოა ვიდრე ეს შეიძლება ჰობსს წარმოედგინა. ანუ ადამიანებს გვიწევს საკუთარი თავისუფლება ერთი შეხედვით ჩვენთვის საკმაოდ უსარგებლო რაღაცებისთვისაც კი დავთმოთ, მაგალითად, როგორიც შეიძლება სპორტის დაფინანსება იყოს. თუმცა, ალბათ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სოციალური კონტრაქტის იდეა თავიდანვე კომპრომისს დაეფუძნა და უნდა შევეგუოთ, რომ აღნიშნული კონცეფციის ფარგლები კიდევ უფრო გაფართოვდა. ამის ფონზე საინტერესოა თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო დავავალდებულოთ, რომ გვკითხოს აზრი თუ რამდენად ვართ მზად ჩვენი წილი თავისუფლებების დასათმობად, გარკვეული სამომავლო სიკეთეების მისაღებად.
ამის საპასუხოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე ოპტიმალური იქნება თუ ზოგად პრინციპებზე ყველა შევთანხმდებით. ისეთზე, რომლებიც ყველასთვის მეტ ნაკლებად უნივერსალურია და ზოგად მორალურ სივრცესთან ყველაზე ახლოსაა. შემდეგ კი უფრო გამარტივდება სახელმწიფოს თუ ვეტყვით, რომ მინიმალურად ჩაერიოს ჩვენს ავტონომიაში, ვიდრე ეს იქნებოდა იმ შემთხვევაში, როცა მილიონობით ადამიანი თავის პრეტენზიას წარმოადგენდა თუ რომელი თავისუფლებაა ყველაზე მნიშვნელოვანი და რომლის დათმობა შეიძლება ყველასთვის ოპტიმალური აღმოჩნდეს.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.