ENG GEO

Search form

იპოვე მასალა ჯეკ!

-         ,,შენ სახლს აშენებდი ხო, ჯეკ? ჯეკი სახლის აშენებას არ აპირებდა?

-         კი, მე ვცდილობდი მაგრამ ბევრს ვერაფერს მივაღწიე.

-         გასაგებია. იმ სახლის აშენება რთული იქნება, მაგრამ სხვა შეიძლება ააშენო. იპოვე მასალა ჯეკ, და ნება მიეცი შენს მაგივრად იმუშავოს. ‘’

არჩევანი ძალიან მდიდრებს, ძალიან ღარიბებსა და მათ შუა მყოფთ შორის უნდა გავაკეთოთ და გადავწყვიტოთ ვის მივანიჭებთ უპირატესობას სახლის აშენებისას: პრივილეგირებულთ, ზედმეტი კეთილდღეობითა და ძალაუფლებით, პრივილეგიებს მოკლებულთ, მწირი კეთილდღეობითა და არავითარი ძალაუფლებით თუ მესამე კატეგორიას.

განვიხილოთ თითოეული და მივიღოთ სწორი პასუხები ჯეკ. პირველ კატეგორიას ,,ზედმეტ კეთილდღეობაში მყოფნი, ძალაუფლებით, მეგობრებითა და სხვა უპირატესობებით’’ აღჭურვილი ადამიანები მიეკუთვნებიან, ფუფნება ცხოვრების წესად რომ გადაჰქცევიათ. გაიღვიძებენ -  მოსამსახურეებს მათი რუტინა სახელდახელოდ აქვთ გამარტივებული. ძილი მოუნდებათ - უზრუნველობასა და უკეთეს ცხოვრებაზე ოცნება არცერთს არ დაუფრთხობს მშვიდ ძილს. გაბრაზდებიან - დაიქირავებენ ადამიანებს, რომლებიც მორალურ კომპენსაციას ჩვეულებრივი კომპენსაციის ფასად მიჰყიდიან. გაუხარდებათ - მოილხენენ და კვლავ მშვიდად დაიძინებენ. ჩვენ როგორ მოვხიბლავთ ჩვენი მოკრძალებული სახლით ადამიანებს თავზე საყრელი პრივილეგიებით ჯეკ? და თუ კი ვერ მოვხიბლავთ არათუ ვერ დავიქვემდებარებთ არამედ თავად რომ დაგვიქვემდებარონ უფრო დიდი შანსი იქნება. ,,მათ არ სჯერათ თანასწორობის და არც ხელმძღვანელობის არ სჯერათ. ისინი იმყოფებიან რა ფუფუნებაში, არ არიან მიჩვეულნი მორჩილებას სასწავლებლებშიც კი. ეს მათ მოსდგამთ ოჯახიდან და ბავშვობიდან’’, ამიტომ ჩვენი სახლის ფასადის ყველაზე დიდი ნაწილიც კი მათი გემოვნებით რომ ავაშენოთ მორჩილება და პატივისცემა სახლის წესებისადმი არ იარსებებს თუ კი სადავეები მათ ხელში არ იქნება, რამეთუ მიდრეკილნი არიან თვითონ როგორც დესპოტებმა ისე იხელმძღვანელონ’’.

აქ ჯეკი ფიქრობს, რამდენად სწორია მატერიალური მდგომარეობის მიხედვით ადამიანის თვისებებზე საუბარი. ცდილობს გაიხსენოს ხელმომჭირნე, სევდიანი, ტრაგედია გადატანილი, სხვათა მიმართ ემპათიით განწყობილი მდიდრები და იხსენებს კიდეც თუმცა კანტიკუნტად. გონებაში ისინიც ამოუტივტივდნენ თანამდებობის დაკავებაზე ნებაყოფლობით რომ თქვეს უარი და ისინიც პრივილეგიათა მიუხედავად უბრალო ცხოვრებას რომ მისდევენ ( ,,I met Keanu Reeves once. He is not as nice as people think. he's even nicer ‘’:))  ბოლოს ეჭვი შეაქვს იმაში, რომ კეთილდღეობა ადამიანს კანონმორჩილებისა და სამართლიანობისკენ სწრაფვას უხშობს და არც ის სჯერა, რომ ქონებრივი სტატუსი ამგვარი დიაგნოზის საფუძველს იძლევა.

ის აგრძელებს.

...მეორე კატეგორიას, როგორც ვთქვით, ისინი განეკუთვნებიან კეთილდღეობასა და პრივილეგიებს მხოლოდ და მხოლოდ თუ წარმოიდგენენ ხოლმე. ხშირ შემთხვევაში ხელმძღვანელი მათთვის უარყოფითი ფიგურაა რადგან ლუკმის საშოვნელად მონურ მორჩილებას თანხმდებიან. მონური მორჩილება კი სრულებით განსხვავდება ჭეშმარიტი ქვეშევრდომობისაგან, ისევე როგორც დესპოტი განსხვავდება ჭეშმარიტი ხელმძღვანელისგან. ამ კატეგორიის ადამიანებმა ,,არ იციან არც ხელმძღვანელობა და არც ქვეშევრდომობა’’ ამიტომ სახლის ძირითადი მასალა ვერ აირჩევა მათი ინტერესების გათვალისწინებით ჯეკ.

ჯეკს დიდად არც ამ მსჯელობის არ სჯერა და ფიქრობს, რომ ძალიან ღარიბი ადამიანი, თუნდაც მას არ ეთაკილებოდეს მძიმე პირობებში შრომა ან სულაც შემწეობას ითხოვდეს სხვა ადამიანებისგან შესაძლოა სულაც არ იყოს თანახმა ზემდგომს მონურად დაემორჩილოს. ამის მიუხედავად ჯეკი იმასაც ხვდება, რომ ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია.

ის ისევ აგრძელებს.

...გადავიდეთ მესამე კატეგორიის ადამიანებზე, რომლებსაც ,,საშუალო თუმცა საკმარისი ქონება გააჩნიათ.’’ ეს გულისხმობს იმას, რომ დიდი შანსია ისინი არ მისტიროდნენ სხვათა უპირატესობებს და იმის შანსიც დიდია, რომ მათ უპირატესობებს არ მისტიროდეს არავინ. ასეთ ადამიანებს აქვთ ის, რაც სჭირდებათ, ხოლო, იმის მოსაპოვებლად რაც არ აქვთ და რაც მათ ცხოვრებას უკეთესს გახდიდა, გააჩნიათ მოტივაცია. მოტივაცია მოპოვებისა, თუმცა არათუ მართლსაწინააღმდეგოდ არამედ წესებისადმი სრული პატივისცემით,  ამიტომ თუ კი კარგი სახლის აშენება გინდა თანასწორ-უფლებიანი მოქალაქეების ხმას მიჰყევი.

აქ ჯეკი ფიქრობს, რომ იქნებ სწორედაც თანასწორუფლებიანობაა ის, რაც სახლს საუკეთესოდ აქცევს, ის რაც გამორიცხავს სახლის წევრებს შორის ისეთ ურთიერთთდამოკიდებულებას, სადაც ,,ერთნი შურით არიან აღვსილნი, მეორენი კი ზიზღით’’, იქნებ მართლაც დამღუპველია ვითარება სადაც ერთი მხარე ყველაფრით არის აღჭურვილი მეორე კი არაფრით, იქნებ ,,დიდი სახელმწიფოებიც საშუალო კლასის სიჭარბის წყალობით არიან თავისუფალნი აჯანყებებისა და არეულობებისგან’’ და იქნებ სწორედ ასე გადაეჩვევიან ადამიანები ცხოვრების იმგვარ სტილს სადაც მათ ან ყველაფერი სურთ ანუ ,,ცდილობენ სათავეში მოხვედრას ან არც არაფერი ანუ მოთმინებით იტანენ ქვეშევდომობას’’?!

დიახ, თანასწორობა და თანასწორუფლებიანი ადამიანების ინტერესებია სახლის საუკეთესო მასალა.
კარგი იქნებოდა რომ ადამიანების უმეტესობას სურდეს ის.

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.