ENG GEO

Search form

მშვენიერი ადამიანები

თქვენ ათას რამეზე გიფიქრიათ: სამყაროს წარმოშობაზე, დღისა და ღამის, ოკეანეების, ზღვების, ჰაერის მასების, კეთილისა და ბოროტის ცირკულაციაზე. ზოგჯერ ადამიანებზე. ადამიანების ფიქრებზეც გიფიქრიათ. პოეტური კანონზომიერებაა.

იმ ადამიანების გარემოცვაშიც გიცხოვრიათ, რომლებთაც ასევე უფიქრიათ თქვენსა და თქვენს ფიქრებზე. მაგრამ ისეთ ადამიანებთან ერთადაც ხომ გაგიტარებიათ დრო, რომლებისთვისაც თქვენ, თქვენს ფიქრებს, იმას თუ რა და როგორ გიყვართ, რა და რატომ გამწუხრებთ, რა და რატომ გაინტერესებთ მნიშვნელობა არასდროს ჰქონია? მათ არ სცხელათ თქვენი ბედნიერებისთვის, თქვენი ამბიციებისთვის, თქვენი მისწრაფებებისთვის, თქვენი თვითგამორკვევისთვის, თქვენთვის საყვარელი ტელეგადაცემებისთვის, თქვენი კატისთვის.

„მაშინ რას ვშვრებით?“

მეტიც. ბედნიერება ვახსენეთ და არისტოტელე ამაზე ამბობს, რომ ბედნიერი ცხოვრება არის ზნეობაზე დამყარებული ცხოვრება დაბრკოლებების გარეშეო, ხოლო თავად ზნეობა შუალედი - შესაბამისად, საუკეთესო ცხოვრება იქნება შუალედური ცხოვრება, რომლის მიღწევა შეუძლია ყველა ადამიანსო. და თუ ამ საზოგადოებისთვის სულ ერთია ადამიანიც და მისი ზნეობაც, მისი შუალედებიცა და მისი საუკეთესო თუ უარესი ცხოვრება?

„მაშინ რაღას ვშვრებით?“

ტელეგადაცემებამდე და კატების მოშინაურებამდეც არსებობდა ამგვარი საზოგადოებები, რომელთა ინდივიდებსაც არისტოტელე მშვენიერ ადამიანებს უწოდებს. ესენი ის კეთილშობილი ადამიანები არიან, ვისაც არათუ სხვების აზრების, ღირსებისა და ზნეობის, არამედ ღვთისრჩეულობის ყიდვაც კი შეუძლიათ. ისინი იმორჩილებენ იმ ადამიანებს, ვინც არ აინტერესებთ და მათი უბედურების ხარჯზე საკუთარ კეთილდღეობას აღწევენ; უწესებენ მშვენიერ კანონებს და იქმნიან თავიანთთვის შესაფერის მშვენიერ პირობებს. ასეთი გათავხედებული მშვენიერი ადამიანები არისტოტელესტან ტრადიციულ, სამ სახეს ატარებენ - ტირანები, ოლიგარქები და არისტოკრატები. მათ მიერ შექმნილ საზოგადობებს კი ვუწოდებთ - ტირანულ, ოლიგარქიულ და არისტოკრატიულ სახელმწიფოებს - სახელმწიფოს ყველაზე სუსტი და არაფრისმომცემი გაგებით. ამ სახელწიფოებში თქვენ და თქვენი კატა არავის აინტერესებთ, მნიშვნელოვანი მხოლოდ თქვენი მორჩილებაა იმ მშვენიერი კანონებისა, რომლებიც, წესით, თქვენს ინტერესებში არანაირად შედის, მაგრამ თან არც უინტერესობის უფლება გაქვთ. უფრო რომ დავაზუსტოთ, თქვენ არც კი იცით რას ნიშნავს „უფლების ქონა“, შესაბამისად, თქვენ ისიც კი არ გაქვთ, რაც არც კი იცით, რომ არ გაქვთ.  

ტირანია, არისტოკრატია, ოლიგარქია შეცვალა დემოკრატიამ. დღევანდელი სახელმწიფოები მიიღწვიან სრული დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ იმ დაშვებით, რომ ასე მაინც შექმნიან ისეთ სამყაროს საკუთარი ადამიანებისთვის, ვისი ბედნიერება და კეთილდღეობა უზენაესი მიზანი და უპირატესობაა; სადაც ადამიანების არჩევანი და ნება მაქსიმალურადაა უზრუნველყოფილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, წესითა და რიგით, დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველაფერი თქვენი და თქვენი კატის კეთილდღეობისთვის უნდა იქმნებოდეს; ცივილიზებულ, პატარა ლაკედემონში უნდა ცხოვრობდეთ, სადაც თქვენთვის სასურველი წესები უნდა იწერებოდეს, დაცული უნდა იყოს თქვენი უფლებები და თავისუფლებები; ჟანგბადთან ერთად კეთილსინდიერების, კანონერების, თანასწორობის, ჰუმანურობის, სამართლიანობის პრინციპებს უნდა ჩაისუნთქავდეთ. ციდან წვიმაც თქვენ სასიკეთოდ უნდა მოდიოდეს. მშვენიერი ადამიანების კულტი გაწყვა. გადააგდეს. მოიშორეს. ლიკვიდირება მოახდინეს.

მაგრამ რატომ მოხდა ისე, რომ ამ ადამიანების პატივისცემა და ინტერესი მაინც ვერ მოიპოვეთ? ვერ მოიპოვეთ, რადგან მათ არ მოსწონთ ის, თუ როგორ ძლიერ გიყვართ თქვენი შინაური ცხოველი და ნებას არ გაძლევენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მასთან ერთად იმგზავროთ. მათ არც ის ორი მეზობელი ბიჭი მოსწონთ, რომლებიც საღამოობით ხელჩაკიდებულები გადიან სასეირნოდ. არც ის გოგონები მოსწონთ, რომლებიც თმას უცნაურ ფერებში იღებავენ; ის ახალგაზრდები, ვინც მძიმე პასუხისმგებლობებსა და უდროოდ შემსკდარ გარდატეხებს დროებით ნეტფლიქსის ყურებით გაურბიან. 

მათ არაფერი მოსწონთ თქვენზე. არაფერი, რაც თქვენ გეხებათ. არ აინტერესებთ თქვენი არჩევანი. არ ეწყობით იმ კრიტერიუმებს, პარამეტრებს, რომლებიც მათთვისაა მისაღები. თქვენ ნაკლული, არამშვენიერი ადამიანები ხართ, რომლებშიც მხოლოდ მიუღებლობა, შეცდომები ამოიკითხება. მათ კი ასეთი ჟანრი ვერ ითრევს.

საპასუხოდ, თქვენ დასაცავად ვიღაცებმა სახელმწიფო გამოიგონეს. შემდეგ კანონები მოიფიქრეს, ტრაქტატები და თეორიები წერეს, იომეს, აქციები მოაწყვეს, იშიმშილეს, გაიფიცნენ, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა, რა. ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ მხრების ჩამოყრის გარდა აღარაფერი შეეძლოთ. 

სახელმწიფო და ადამიანი. ადამიანი და კანონი. კანონი და თავისუფლება. თავისუფლება და სახელმწიფო. სახელმწიფო და ადამიანი. იყო ადამიანი საკმარისი მაინც არ არის იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი გახდე. არც ის არის საკმარისი, რომ თავისუფალი ადამიანი იყო. არც ის, რომ შენ, როგორც თავისუფალ ადამიანს კანონი გიცავდეს. და არც ის, რომ სახელმწიფო იმ კანონს იცავდეს, რომელიც შენ, როგორც თავისუფალ ადამიანს, გიცავს.

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ გგონია, არ არსებობ. ან არსებობ და სიკეთისა და ბოროტების ცირკულაციის მსგავსი აბსტრაქცია ხარ და მხრების ჩამოყრის გარდა აღარაფერი შეგიძლია.

თქვენ მაინც ის უმცირესობა ხართ, რომელსაც უმრავლესობა ფეხქვეშ თელავს. ლაკედემონის ღარიბი, რომელმაც ვერა და ვერ ჩაიცვა მშვენიერი სამოსი. სახელმწიფო კი, მშვენიერი თუ არამშვენიერი, არსებობს და არსებობს და არსებობდეს. ისეთი პირიც უჩანს, რომ კიდევ დიდ ხანს ასე გააგრძელებს.

„და ახლა?“

„ახლა რას ვშრებით?“

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.